logo_geo
„არ ვიცი, როგორ გავუძელი...“ – როგორ გადაიტანეს გიორგი მახარაძემ და დედამისმა ოთხი უმძიმესი თვე
- +

3 მაისი. 2018. 21:39

 

მსახიობ გიორგი მახარაძის ოჯახში რამდენიმეთვიანი ნერვიულობისა და შიშის შემდეგ სიმშვიდემ დაისადგურა. ქიმიოთერაპიის ორმა კურსმა კარგი შედეგი გამოიღო. მსახიობმა გამოკვლევები თურქეთის კლინიკაში ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ კარგი ანალიზები აქვს.

 

გიორგის ოთხი თვის წინ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. სასწრაფო ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა და მას შემდეგ მკურნალობს. ახლახან კი უკვე ვარჯიშიც დაიწყო და თავის საყვარელ საქმესაც დაუბრუნდება. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

 

განვლილ რთულ პერიოდზე „სარკეს” გიორგის დედამ, თეო ჩივაძემ, უამბო.

 

ქალბატონო თეო, მოსალოცად გაქვთ საქმე, გიორგის კარგი ანალიზები ჰქონია.

 

– ქიმიის ორი კურსი ჩავიტარეთ. მადლობა ალექსანდრე თავართქილაძეს, გიორგის მკურნალ ექიმს. ამ კურსის დამთავრების შემდეგ ექიმმა თურქეთში დაგვიბარა და ჩავედით გადასამოწმებლად. ყველანაირი ანალიზი გაუკეთდა, პეტიც (პოზიტრონულ-ემისური ტომოგრაფია. ავტ.) გადაუღო.

 

პირველ დღეს კი შეგვაშინა ექიმმა, ანალიზებში პატარა ცვლილებააო, მაგრამ პეტით გადამოწმდა ყველაფერი. ის დღე იყო ყველაზე რთული და კიდევ ერთი დარტყმა. ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი წესრიგშია.

 

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, პეტი რა პროცედურაა?

 

– ტომოგრაფიის მსგავსია. უჯრედული გამოკვლევა, საათნახევრიანი პროცედურაა. თავიდან ბოლომდე მიდის კვლევა, თავიდან დაწყებული ფეხის თითებით დამთავრებული. ყველაფერი რიგზეა და ექიმმა დაგვიბარა 3 თვის თავზე, 18 ივნისს.

 

ახლა სულ უნდა ვაკონტროლოთ. ვიფიქრე, 6 თვეში დაგვიბარებს-მეთქი, მაგრამ 3 თვეში დაგვიბარა. ძალიან გახარებულები ვართ, ამოვისუნთქე. გიორგიც ხომ არ იმჩნევდა, ისე იყო, ვითომც არაფერი, მაგრამ ექიმიდან რომ გამოვედით, ისე გაუბრჭყვიალდა თვალები… ჩავეხუტეთ ერთმანეთს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მადლობა გვერდში დგომისთვის!

 

– ახლა რა მდგომარეობა აქვს გიორგის?

 

– 12 დეკემბერს თბილისში ქართველმა ექიმმა ზაზა მეზვრიშვილმა უმაღლეს დონეზე გაუკეთა ოპერაცია. ამოიკვეთა სიმსივნე. დროულად მივედით. მეტასტაზები არ იყო წასული. თვითონ გიორგიმ იყოჩაღა, რომ ექიმს ასე დროულად მიმართა. ქიმია აუცილებელი იყო. 3-4 კურსის გაკეთება იგეგმებოდა, მაგრამ არ დასჭირდა.

 

– ქიმიოთერაპიის კურსი როგორ გადაიტანა? მკურნალობის პერიოდში ეს პროცესი და მისით გამოწვეული შედეგები, მგონი, ყველაზე მძიმეა ადამიანისთვის.

 

– თავიდან ძალიან გაუჭირდა. მეგონა, უფრო მეტად გაუჭირდებოდა, ვფიქრობდი, მორჩა, დავიღუპე-მეთქი. ექიმებმა გვითხრეს, ისეთი სქემა გვაქვს შედგენილი, შეიძლება თმა არ გასცვივდესო. არ ელოდა, ხელში რომ შერჩა წვერი და თმა. ეს იყო მისთვის დიდი შოკი!

 

ძალიან განიცადა. არაფერს იმჩნევდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ინერვიულა. პრობლემა არ არის, თმა ამოვა, უბრალოდ არასასიამოვნო მომენტი იყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, ყოჩაღად გაუძლო.

 

– ახლა როგორია მისი განწყობა, ემოციური ფონი?

 

– ახლა ცოტა აჟიტირებულია. კანში ვერ ეტევა, ამბობს, ესეც უნდა გავაკეთო, ისიც უნდა გავაკეთოო. ბედნიერია. სადღაც მაინც არის შიში, ისე ვერ ვიტყვით, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, ალბათ რაღაცები წინ არის, მაგრამ მთავარი გადავლახეთ კარგი შედეგით.

 

უნდა, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ჰქონდეს საქმე, ივარჯიშოს. ექიმს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში. რამდენიმე დღის წინ პირველად წავიდა ტრენაჟორებზე, ნელ-ნელა ჯანსაღ ცხოვრებას უბრუნდება. თავიდან რომ იბადები, ასეთი შეგრძნება აქვს.

 

– ამ ხნის განმავლობაში მისი დამოკიდებულები ცხოვრებისადმი, მსოფლმეხდველობა შეიცვალა? რა დააფასა და გადააფასა?

 

– აჯობებს, პირად ცხოვრებაზე მას დაელაპარაკოთ, თვითონ ზუსტად გეტყვით, რა და როგორაა. მე, როგორც დედა, ვამჩნევ, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, სხვანაირად დააფასა ყველაფერი, თავისი საქმეც ენატრება და აუცილებლად უნდა დაკავდეს საქმით. მე ყველანაირად ვუდგავარ გვერდში და, როგორც ჩემს შვილს უნდა, ისე იცხოვროს. მთავარი არის მისი ჯანმრთელობა, მერე – სხვა დანარჩენი.

 

– ამ განსაცდელმა შეცვალა?

 

– კი, უფრო დალაგებული, დამშვიდებული, სხვანაირი გახდა.

 

– დედისთვის მთავარი შვილის ჯანმრთელობაა. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც მისი დიაგნოზის შესახებ შეიტყვეთ, მშვიდად ერთი ღამეც არ გძინებიათ.

 

– ეს ოთხი თვე საერთოდ არ მახსოვს. ახლა გავახილე თვალი. ამქვეყნიური არ ვიყავი. არც ერთ დედას ვუსურვებ შვილის ცუდად ყოფნას. არ ვიცი, საერთოდ როგორ უძლებს დედა შვილის ავადმყოფობას, ფეხზე როგორ ვიდექი. ვერ გიხსნით ჩემს მდგომარეობას, ასე მგონია, ის ყველაფერი დამესიზმრა.

 

ხალხის გვერდში დგომა, მათი ამხელა სიყვარული მაცოცხლებდა. ყველაფერს ინსტინქტურად ვაკეთებდი, მაგრამ ძლიერად ვიდექი.

 

– ელოდით საზოგადოების მხრიდან ასეთ მხარდაჭერას?

 

– ასეთს არ ველოდი. თურმე შეგვძლებია, გვაქვს ერთმანეთის გვერდში დგომის უნარი. ძალიან მაგრები ვყოფილვართ. მხოლოდ ცნობად სახეებს კი არა, სხვასაც დავეხმაროთ, მათაც უჭირთო, ხომ ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მაგრამ გიორგიზე ასეთი რამ არ თქმულა. არ მეგონა, ჩემი შვილი ასე თუ უყვარდათ. არ ვიცი, ამ ხალხს რითი გადავუხადო მადლობა ამხელა თანადგომისთვის.

 

მადლობას ვუხდი სრულიად ერს, ემიგრანტებს. მადლობა ამხელა სიყვარულისთვის! მიყვარხართ!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი