logo_geo
ნიკოლოზ დერიუგინი: ჩემი სამშობლო საქართველოა, სხვაგან ცხოვრებაზე არც მიფიქრია!
- +

4 მაისი. 2018. 22:13

 

„კოლია შეტევაში გაცილებით მრავალფეროვნად თამაშობს, ვიდრე ნებისმიერი საბჭოთა ცენტრი, მათ შორის არვიდას საბონისი. ერთ-ერთ ინტერვიუში „ჟალგირისის“ თავკაცმა ვალდას გარასტასმა თქვა: არვიდასისთვის სათაკილო არ უნდა იყოს ნიკოლოზ დერიუგინისგან ზოგიერთი ილეთის შესწავლაო“.

 

ალექსანდრ გომელსკი

 

ევროპის ჩემპიონატებში რვა ქართველ კალათბურთელს უთამაშია. პირველად ევრობასკეტზე ოთარ ქორქიამ 1947 წელს იასპარეზა, ბოლოს, 1983 წელს, ნიკოლოზ დერიუგინმა. მას მერე 28 წელი გავიდა და ქართველები ერთბაშად 12 კალათბურთელით დაუბრუნდნენ ევროპის უმთავრეს ფორუმს - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2011 წელს იასპარეზა, მას მერე კიდევ სამჯერ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი ევრობასკეტებზე.

 

ლეგენდარულ ქართველ წინახაზელს 30 აპრილს 59 წელი შეუსრულდა.

 

ქუთაისი-თბილისი

 

ამერიკელები კალათბურთელის მიერ პატარაობაში ნასწავლ საბაზო ელემენტებს ასე უწოდებენ - Fუნდამენტალს. ნიკოლოზ დერიუგინს სათანადო ფუნდამენტი ჰქონდა. მან ხომ სულიკო თორთლაძის ხელში გაიარა.

 

- ქუთაისში დავიბადე და იქ ვიზრდებოდი. 6 წლისამ კალათბურთის თამაში სულიკო თორთლაძესთან დავიწყე. მოსწავლე ვიყავი, როცა თბილისის „დინამოში“ მიმიწვიეს და სკოლა დედაქალაქში დავამთავრე. „დინამოში“ ზურაბ საკანდელიძე, ნოდარ და მიხეილ ქორქიები, გივი ბიჭიაშვილი დამხვდნენ. კარგად მახსოვს, როგორ მარიგებდნენ. ისიც მახსოვს, ქუთაისური აქცენტით რომ ვლაპარაკობდი, რაც თანაგუნდელებში ღიმილს იწვევდა...

 

თავის დროზე სულიკო თორთლაძე ფარქვეშ თამაშს მაჩვევდა, ისიც კარგად ხვდებოდა, რომ ჩემი სტიქია სწორედ ეს იყო. მოედანზე ისეთი შემართებით გავდიოდით, რომ „დინამოსთან“ თამაში ნებისმიერ მეტოქეს უჭირდა. თუმცა სიმაღლეში სხვაობის განეიტრალება მაინც ძნელი იყო. ტკაჩენკო 220 სმ სიმაღლისა გახლდათ, ბელოსტენი - 215. მათ მოქნილობითა და ხერხით ვჯობნიდი. ერთხელ ტკაჩენკოს რომ ვერაფერი მოვუხერხე, ვუჩქმიტე, ძალიან გაბრაზდა და ხელი მკრა. მსაჯებმა ორივე გაგვაძევეს...

 

ლევან მოსეშვილის გაწვრთნილ „დინამოში“ ნიკოლოზ დერიუგინმა პირველად 1977 წლის იანვარში „ურალმაშთან“ ითამაშა. დებიუტანტის კვალობაზე 18 ქულა კარგი შედეგია. თუმცა იყო გაცილებით ეფექტური მატჩებიც - ქართველმა ცენტრმა მოსკოვის ცსკა-ს 57 ქულა ჩაუგდო. მეორე დღეს გაზეთი „სოვეტსკი სპორტი“ წერდა: დინამოელთა 18 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა დერიუგინმა თავის გუნდს 57 ქულა შესძინა, რაც საკავშირო ჩემპიონატების რეკორდია. მასთან ორთაბრძოლისას მიშკინმა 22-ე წუთზე მეოთხე ფოლი მიიღო, ხოლო 36-ე წუთზე 5 ჯარიმის შემდეგ მოედანი დატოვა კოვალენკომ. მესამე მეურვემ ლოპატოვმაც ვერაფერი გააწყოო...

 

- ცსკა-სა და მოსკოვის „დინამოში“ მანამდეც მეპატიჟებოდნენ, მაგრამ 57 ქულა რომ მოვაგროვე, ალექსანდრე გომელსკი ჩემს მშობლებთან მივიდა და ჩემთან ერთად იმათაც მოსკოვში გადაბარგება შესთავაზა. მამაჩემი ჩაფიქრებულა და უთქვამს: ამის შესახებ მამაჩემს უნდა მოელაპარაკოთო. გომელსკის უკითხავს, მამათქვენი სად არისო? საფიჩხიაზეო. სასაფლაოზე გაგზავნა... საქართველოში ვარ დაბადებული და სხვაგან ცხოვრებაზე არც მიფიქრია. ჩემი სამშობლო აქ არის, - ამბობს ნიკოლოზ დერიუგინი.

 

თბილისის „დინამოში“ მის ფუნქციაზე გომელსკი მოგვითხრობს: „კოლიას თითოეულ მატჩში შეუცვლელად, 40 წუთი უნდა ეთამაშა, რადგან დინამოელთა საყრდენი, ბომბარდირი, მთავარი იმედი გახლდათ. დერიუგინისთვის აუცილებელი იყო, ენერგია მატჩის ბოლომდე შემოენახა. ამიტომ, „დინამოს“ მწვრთნელები მას დაცვაში მჭიდრო, კონტაქტური თამაშისგან ათავისუფლებდნენ, რათა რაც შეიძლება ნაკლები ჯარიმა მიეღო. მწვრთნელები ამიტომაც უყვიროდნენ - კოლია, არ დაჯარიმდე, ნუ ჩქარობ, ყურადღებით იყავიო. იგი ყოველთვის ასეთი მანერით თამაშობდა."

 

მოსკოვი

 

ნიკოლოზ დერიუგინმა სსრკ-ის ნაკრების მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე ჩაატარა.

 

- მანამდე საბჭოეთის სხვადასხვა ასაკის ნაკრებებშიც მქონდა ნათამაშები და მწვრთნელი, ალექსანდრე გომელსკი პირველ გუნდშიც მიწვევდა. იგი ამხანაგურ ტურნირებზე ნაკრებს ნელ-ნელა მაჩვევდა.

 

ახლა გომელსკის აღიარება მოვისმინოთ: „კოლია ნაკრებში დაგვიანებით ავიყვანე. უფრო ადრე რომ მიმეწვია, მეტს მიაღწევდა და მეტად გაიბრწყინებდა. რადგან 1979 წლის ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად მოვიგეთ, გადავწყვიტე, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზეც ვეტერანებს დავყრდნობოდი - სერგეი ბელოვს, ედეშკოს, მილოსერდოვს, სალნიკოვს, ჟიგილს.|

 

- 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე მთავარი ფავორიტები ვიყავით. მეც საკმარისად მიწევდა თამაში, ყველაზე მეტი, 14 ქულა ბრაზილიასთან მატჩში ჩავაგდე. იუგოსლავიასთან ნახევარფინალში კი ყველასთვის მოულოდნელად დავმარცხდით. ჩემი აზრით, წაგებას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - მოედანზე ძალიან თავდაჯერებულები გავედით და მეორე - იუგოსლავებს ჩვენზე შეკრული გუნდი ჰყავდათ, სულ შვიდმა კაცმა მოგვიგო, - იხსენებს დერიუგინი.

 

ბოგოტა

 

საბჭოელებმა 1980 წლის ოლიმპიადაზე მე-3 ადგილი დაიკავეს, დერიუგინმა 1981 წელს ყულაბაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ჩაიჩხრიალა, თუმცა მისი კარიერის მწვერვალი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გაიმართა. წინასწარ გეტყვით, ამ ტურნირის ფინალში სსრკ-მა აშშ დაამარცხა, რაშიც ლომის წილი ქართველმა ცენტრმა შეიტანა.

 

- კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება, თუმცა ტურნირის დასაწყისში შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ: თითქოს ერთ-ერთი ნარკობარონი ორგანიზატორებს დაემუქრა, საბჭოთა ნაკრების წევრები უნდა გავიტაცო და მხოლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდის შემდეგ გავათავისუფლებო. უნდა გენახათ, რამდენი მცველი დაგვყვებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ჩემპიონატიც:

 

ფინალში აშშ-ის ნაკრებს ვძლიეთ. სიმართლე გითხრათ, გადამწყვეტ მატჩში გომელსკიმ რომ მითხრა, მოემზადეო, ცოტა შემეშინდა. ხუმრობა ხომ არ იყო, აშშ-ის უძლიერეს გუნდთან, თან ფინალში და რაც მთავარია, იმ ეპიზოდში უნდა შევსულიყავი, როცა 6 ქულით ვაგებდით. მოედანზე გასვლისთანავე ბურთი მოვხსენი, ჩავაგდე. შემდეგი შეტევაც შედეგიანად დავასრულე.

 

მოკლედ, 8 ქულა მომიგროვდა და მწვრთნელმა მას მერე შემცვალა, რაც დავწინაურდით. მოგვიანებით ალექსანდრე გომელსკი წერდა - დერიუგინის მადლიერი ვარ, ფინალში გარდატეხა სწორედ მან შეიტანაო.

 

აი, კონკრეტულად რას წერდა მწვრთნელი: „კოლიასთვის „ვარსკვლავის საათი“ მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატი იყო. მეტსაც ვიტყვი: კოლია რომ არა, არ ვიცი, მოვიგებდით თუ არა შეჯიბრებას.“

 

ის მატჩი სსრკ-მ 95:94 მოიგო.

 

ლოს ანჯელესი

 

1983 წელს საბჭოთა ნაკრები კვლავ ჩავარდა - საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა და ნახევარფინალში ესპანეთთან სწორედ იმ ანგარიშით დამარცხდა, როგორითაც წინა წელს ამერიკას მოუგო - 94:95. მესამე ადგილისთვის მატჩში სსრკ-მა ჯავრი ჰოლანდიაზე იყარა (105:70). საბჭოელთა წინა ხაზში ერთმანეთს დერიუგინი და საბონისი ცვლიდნენ.

 

1984 წელს ოლიმპიადა ლოს ანჯელესში ჩატარდა. იმ დროისთვის დერიუგინს დიდი გამოცდილებაც ჰქონდა და...

 

- კარგ ფორმაშიც ვიყავი. ოლიმპიადისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ეკიპირებაც დაგვირიგეს (ფორმა ახლაც შენახული მაქვს), მაგრამ ბოლო მომენტში საბჭოეთმა ლოს ანჯელესის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა და ასე დავკარგე ერთი მედალი. თუმცა, რა სინჯის იქნებოდა, არ ვიცი.

 

ამის შემდეგ ნიკოლოზ დერიუგინი სსრკ-ის ნაკრებს ჩამოშორდა, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა:

 

- წამოიზარდა არვიდას საბონისი და ნაკრების შეუცვლელ ცენტრად იქცა. იგი ჭკვიანი კალათბურთელი იყო, სიმაღლის კვალობაზე მოქნილიც გახლდათ და სროლაც შეეძლო. ამიტომ მის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ ცენტრს უჭირდა.

 

ახალი ეპოქა

 

1986 წელს ნიკოლოზ დერიუგინმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და 26 წლის ასაკში კარიერა დაასრულა (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დროებით).

 

- 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მძიმე მდგომარეობა იყო. ორი ომი გადავიტანეთ და პურის რიგში საათობით გვიწევდა დგომა. ამ დროს უნგრეთიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, იქნებ რამენაირად დაგვეხმაროო. იქ ნორმალური პირობები შემომთავაზეს და 32 წლისამ კალათბურთის თამაში მეორედ დავიწყე.

 

ერთი სეზონის შემდეგ დერიუგინი უნგრული „მაფთიდან“ სლოვაკეთის „სლოვაკფარმაში“ გადავიდა და პირველივე წელს საუკეთესო ლეგიონერ ცენტრად დასახელდა. იგი სწორედ სლოვაკეთში თამაშობდა, როცა დაურეკეს და საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. ეს უკვე ახალი ეპოქის დასაწყისი იყო.

 

1995 წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში ჩაება. პირველივე მატჩში დერიუგინმა ძველი დრო გაიხსენა, პოლონელებს 16 ქულა ჩაუგდო; მეორეში, დანიასთან 20 ქულა მოაგროვა და გუნდი საკვალიფიკაციოდან შესარჩევ ეტაპზე გადაიყვანა. თუმცა, ცალი ფეხით თამაშობდა...

 

- 1986 წელს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ 5 წელი გამიცდა. მოედანზე კი დავბრუნდი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ცალი ფეხით ვთამაშობდი. მაშინ ზედმეტი წონა არ მაწუხებდა და, შესაბამისად, მუხლიც ძლიერ არ მტკიოდა, თუმცა მუდმივად შეხვეული მქონდა, მეშინოდა, მეორედაც არ დამეზიანებინა. ბურთს რომ ავიღებდი, ვიდრე ზემოთ ავიხედავდი, დაბლა ვიყურებოდი...

 

ახტომისას მარჯვენა ფეხით ვიწეოდი და ვცდილობდი, ორივე ფეხზე ერთად დავმხტარიყავი, რადგან მარცხენა ფეხი არ მეტკინა. ასე რომ, ნაკრებისთვის რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი, თუმცა ტრავმა თავისუფლად თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ პირველ ოფიციალურ მატჩებში ნაკრების კაპიტანი ვიყავი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი