logo_geo
„აჭარის მთის სოფლებში მალე კუბოს ამწევი 4 კაცი ვეღარ შეიკრიბება“ - დაცლილი სოფლების ტკივილი
- +

5 მაისი. 2018. 03:33

 

აჭარაში ჩამოსული მთავრობის წევრები და მასმედიის წარმომადგენლები პრობლემებს მხოლოდ ზღვისპირეთში ხედავენ, არადა, გაცილებით მწვავე დემოგრაფიული კატასტროფაა მთის ზონებში. გულსაკლავი სანახავია აჭედილი კარები და გაციებული სკვამურები, როცა კვამლი არ ამოდის... ამბობს ჟურნალისტი – ზურა ბაუჟაძე, რომელიც აჭარის მთის დაცლილ სოფლებში შექმნილ ვითარებაზე shin.ge-ს უამბობს. 

 

- აჭარის სოფლებში დემოგრაფიული კატასტროფაა. მაგალითისათვის - ქობულეთის რაიონის ულამაზეს სოფელ - ხინოს მოვიყვან, სადაც ორი ადამიანი ცხოვრობს. ეს ყველაზე მაღალმთიანი და ერთადერთი სოფელია, რომელზეც რაიონში მთის სტატუსი ვრცელდება. ხეობაში ორი მონასტერია. ღმერთმა დაიფაროს და სოფელში რომ ვინმე დაიღუპოს, კუბოს ამწევი ოთხი კაცი ვერ შეიკრიბება. მადლობა ღმერთს, ჩვენთან ნათესაური კავშირი ძალიან ძლიერია და ჭირში განსაკუთრებით იციან ერთმანეთის გვერდით დგომა. ასეთ დროს ბარიდან ადიან ნათესავები. ამიტომაც მიცვალებული დაუმარხავი არსად დარჩენილა, მაგრამ მალე ეგეც რომ მოხდეს, აღარ იქნება გასაკვირი...

 

არადა თავს დროზე სოფელში სამასამდე კომლი ცხოვრობდა. პირველად ეს სოფელი მუჰაჯირობის დროს დაიცალა, მოსახლეობა ფაქტიურად განახევრდა, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მოუსწრო, ძალიან ბევრი ბარში ჩამოასახლეს... 1980-იან წლებში ზვავები იყო და ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. კინტრიშის ნაკრძალის შექმნის დროსაც ხელი შეუწყო ხელისუფლებამ სოფელი რომ დაცლილიყო და დღეს მთელ სოფელში მხოლოდ ორი ადამიანია შერჩენილი...

 

- თქვენ კარგად იცნობთ ამ სოფლების პრობლემებს?

 

- მეც იმ ხეობიდან გახლავართ წარმოშობით, ჩემი წინაპრები სოფელ კობალაურში ცხოვრობდნენ, დღესაც გვაქვს სახლი და ნაკვეთი. ხინოს გარდა ხეობაში სხვა სოფლებიც იცლება და კვდება, კვდება ახლა, ჩვენს თვლაწინ. კობალაური კინტრიშის ნაკრძალის დასაწყისში მდებარეობს, ხინომდე 52 კილომეტრში. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში სოფელში 60 კომლზე მეტი იყო, საბჭოთა პერიოდში 30, მეოცე საუკუნის ბოლოს 7 ოჯახი და ამ წუთას იქაც 2 ოჯახია მხოლოდ.

 

სოფლები ხეობაში დღითიდღე თხელდება... ყველაზე მსხვილი სოფელი იქ ჭახათია. თვით ჭახათშიც კი, სადაც მოსახლეობის დონე ბოლო დრომდე ნარჩუნდებოდა, ახლა მიგრაციის დონე მაღალია და იქაურ სკოლას ეს ყველაზე მეტად ეტყობა...

 

რა ეშველება არავინ იცის, ის კი ცხადია რომ, მარტო მთის კანონი ვერ უშველის. თავის დროზე ამ სოფელში განვითარებული იყო მეხილეობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და მთლიანად რეგიონის სამყოფი დოვლათი იქმნებოდა. ახლა? ახლა კი ნასახლარები, ნაბაღნარები, ნაყანები... მიგდებულ ადგილებს ტყე და ბუჩქნარი ფარავს. ერთდროს ხალმხრავალ ხეობას მხოლოდ გაციებული საკვამურები შერჩა. ადრე ზაფხულში მაინც უბრუნდებოდა ხალხი წინაპრების ნასახლარებს, ახლა კი ესეც აღარ ხდება.

 

ხეობაში უამრავი ნასახლარი გაჩნდა და პერსპექტივა იმისა, რომ ეს ნასახლარები გაცოცხლდეს, ნულის ტოლია! გულს გტკენს გაციებულ ძველი უნიკალურ ოდებს რომ ხედავ და ვერაფრით შველი, ვერ აცოცხლებ და იცი, რომ იქ აღარასოდეს დასახლდებიან ადამიანები. ეს ოდები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული და დრო თანდათან სპობს მათ, ეკალ-ბარდი შლის სოფლების ნაკვალებს. გულსაკლავი სანახავია აჭედილი კარები და გაციებული სკვამურები.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი