logo_geo
გორიჯვრის საძირკველში წმინდა გიორგის თავის ქალა განისვენებდა
- +

7 მაისი. 2018. 02:50

 

ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ,,გორის პირდაპირ არს ეკლესია წმინდა გიორგისა, მაღალსა გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმომქმედი თავი წმინდის გიორგის მდებარეობს ჯვარსა შინა, უწოდებენ გორიჯვარს”.

 

გორიჯვრის მონასტერი, რომელიც გორს მაღლიდან გადმოსცქერის, აგებულია მე-4 საუკუნეში და, გადმოცემის თანახმად, მის საძირკველში წმინდა გიორგის თავის ქალა განისვენებდა. ტაძარიც წმინდა გიორგის სახელს ატარებს.

 

არ არის ცნობილი, ვინ ააშენა, თქმულება კი თამარ მეფეს მიაწერს. როგორც ვარაუდობენ, უფრო ხანდაზმულია. ამბობენ, რომ გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია აიგო იქ, სადაც უხსოვარ დროს წარმართული კერპი იყო აღმართული. სხვა მოსაზრებით, მე-4 საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი და მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად.

 

გორიჯვრის ტაძრის საკურთხეველში ჯვარია აღმართული. მისი სიგრძე 188 სანტიმეტრია, სიგანე – 94. ეს ჯვარი წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. წმინდანი ქალწულის დიდი ძალისხმევით მაშინდელ საქართველოში სამი ჯვარი აღიმართა – მცხეთაში, თხოთის მთაზე და უჯარმაში. ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი შეიქმნა გორიჯვრის ჯვარი მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში.

 

მეფე ალექსანდრე პირველმა გორიჯვრის ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა ქართველ ოსტატს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯვარი თავადი ამილახვრის კუთვნილ პატარა ეკლესიაში მოხვდა. ახლა იგი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, გორიჯვარში კი მისი ასლი დგას.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი