logo_geo
„ნიკანორი რომ შეგნებულად ცრუობს, ეს ისახება მის რეიტინგზე, ამომრჩევლის მისდამი ნდობაზე და ფაქტი სახეზეა...“
- +

7 მაისი. 2018. 17:39

„ვის ებრძვიან მელიები, ანუ „სიბრიყვე სიცრუისა“, - ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ ტენდერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“ მოიგო და რომელსაც ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა დაევალა.

 

„გაფუჭებული იმიჯის აღდგენა ბევრად რთულია (და ზოგჯერ შეუძლებელიც), ვიდრე იურიდიული პასუხისმგებლობისგან თავის დახსნა. ეს. ალბათ, პირველ რიგში, მედიასაშუალებებმა უნდა იცოდნენ, თუმცა... აზიურმა ფაროსანამ მხოლოდ ყანები კი არ გადახრა, ზოგიერთი მედიასაშუალების თუ პოლიტიკოსის იმიჯიც გადაჭამა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს უნდა გამოევლინა კომპანია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას უზრუნველყოფდა.

 

კანონის თანახმად, ეს ტენდერი იყო NAT, ანუ მონაწილეების რაოდენობის, ვინაობის, შეთავაზებული თანხებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. კანონი ამას იმიტომ  ითხოვს, რომ გამოირიცხოს კორუფციული გარიგებები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან, ცნობილი ხდება ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და ვინაობა. მონაცემები ქვეყნდება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

 

ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ტენდერის დეტალები (მონაწილეთა რაოდენობამ, ვინაობა და შეთავაზებული თანხები) 4 მაისს გახდა ცნობილი. ტენდერში გაიმარჯვა „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალმა სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“, რომელმაც საწყის ფასზე (887 000 ლარი) 177 399 ლარით ნაკლები შესთავაზა - სულ 709 601 ლარი. მისი კონკურენტი იყო შპს „სვოტ პროდაქშენი“ – 887 000 ლარი. თუმცა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, პოლიტიკოსმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ 4 მაისამდე, ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე დაიწყო წერა და ლაპარაკი იმაზე, რაც მათ შეუძლებელია სცოდნოდათ. ამას ჰქვია ტყუილი!

 

ზოგიერთი მედიასაშუალება ტყუილის შეფუთვაზე თავს არ იწუხებს! მაგალითად, 1 მაისს, ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, სტუდია „მონიტორმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანახმად, თურმე ტენდერი, რომელშიც „ედლაინი“ მონაწილეობდა, უკონკურენტო იყო. იქვე მიუთითა, რომ „ედლაინის“ დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია. ვიდეოში არ იყო მითითებული წყარო, თუ საიდან ჰქონდა „მონიტორს“ ინფორმაცია ტენდერის უკონკურენტობის შესახებ - ოფიციალური ინფორმაციაა, სარწმუნო წყარომ მიაწოდა თუ ფაროსანამ უამბო. რაც მთავარია, „მონიტორს“ დაავიწყდა ჟურნალისტიკის მთავარი კანონი, ანუ მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 4 მაისს, საღამოს, „მონიტორმა“ შეასწორა თავისი ინფორმაცია და მიუთითა, რომ ტენდერი კონკურენციით ჩატარდა. შეცდომის აღიარება და გასწორება სულაც არ არის სათაკილო და პირიქით, იმის წინა პირობაა, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვა.

 

პირველივე მაისს, ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, „TV პირველის“ ეთერში ნიკანორ მელია ამტკიცებდა, რომ (ციტატა): „გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი... და ვინ მოუგო ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ჰყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი?.. ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილმა“. დაახლოებით იგივე გაიმეორა მან „რუსთავი 2“-ის ეთერში და პარლამენტის ტრიბუნიდან.

 

სამწუხაროდ, ნიკანორს არ ჰკითხეს „რუსთავი 2“-ში, საიდან ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ჯერ ცნობილი არ იყო.

 

ნიკანორი რომ შეგნებულად ცრუობს, ეს ისახება მის რეიტინგზე, ამომრჩევლის მისდამი ნდობაზე და ფაქტი სახეზეა. თუმცა, უფრო მძიმე სანახავია, როცა მედია პოლიტიკოსს ტოლს არ უდებს სიცრუის ტირაჟირებაში. პირველივე მაისს, ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, „ალიამ“ თავის საიტზე განათავსა ნიკა მელიას განცხადება „TV პირველის“ ვიდეოთურთ და აღნიშნა, რომ იმ ფაქტზე, რაზეც ნიკა მელია სკანდალის ატეხას აპირებს, „შეაჩერე კორუფციის“ წარმომადგენელმა ქეთი ენუქიძემ საქმის მასალები ექსკლუზიურად მიაწოდა. გაგეცინებათ და, ეს „ექსკლუზიურად მიწოდებული მასალები“ („ედლაინის“ შესახებ ტენდერის პირობების შესახებ და ა.შ.) არის ის, რის ნახვასაც ინტერნეტში შეძლებდა ნებისმიერი, ვინც კლავიატურის გამოყენება იცის. ჟურნალისტიკის მთავარი კანონი „ალიასაც“ დაავიწყდა - მეორე მხარეს არ შეხმიანებია“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი