logo_geo
„დღეს მომწერა ერთმა მეგობარმა, ხამურაბის კანონები და გუგული მაღრაძის კანონები ისტორიას დარჩებაო“
- +

8 მაისი. 2018. 18:37

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი იყო.

 

„საქართველოს მოსახლეობის 34% ეწევა. ამ დაავადებებს ეწირებიან არა მარტო მწეველები, არამედ არამწეველებიც. ასე რომ, ამ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი იყო. ყველა ქვეყანაში ასე მოხდა - ამოქმედებიდან 4-5 თვის შემდეგ ბევრმა დაანება მოწევას თავი, ვინც არა, ეჩვევიან იმ აზრს, რომ არ შეიძლება არამწეველებთან მოწევა. რას ნიშნავს მწეველთა უფლებები? ჩვენ მოწევას არავის ვუშლით, ოღონდ იქ არ უნდა მოსწიონ, სადაც არამწეველები არიან, რათა გამონაბოლქვით არ დააზიანონ ისინი“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

 

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობაზე სერიოზულად ფიქრობს.

 

„მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ რაღაც ცვლილებების შემოღება შეიძლება, პროპაგანდა იქნება თუ ტკბილეულის გაყიდვაზე რეგულაციები... ჯანსაღი ცხოვრებისთვის ფიზიკური აქტივობები უნდა გაიზარდოს, კვების რაციონი როგორი ჯობს, ამაზე მშობლებთან მუშაობაც არის საჭირო...

 

მინდა, პარლამენტმა ისეთი კანონები მიიღოს, რომლებიც მომავალ თაობას კარგი ცხოვრების საშუალებას მისცემს.

 

ჩემი სადეპუტატო დამოკიდებულებით უფრო ორიენტირებული ვარ შორსმიმავალი მიზნების მქონე კანონებზე“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

კითხვაზე, რომელი ინიციატივით დაამახსოვრდება ისტორიას, გუგული მაღრაძემ უპასუხა: „ალბათ, თამბაქოს კანონით... დღეს მომწერა ერთმა მეგობარმა, ხამურაბის კანონები და გუგული მაღრაძის კანონები ისტორიას დარჩებაო“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი