logo_geo
„სააკაშვილი პოლიტიკაში „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“ ემსგავსება“
- +

9 მაისი. 2018. 17:00

 

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიაში სათაურით - „წინასაარჩევნო პოლიტიკური შოუ – სააკაშვილიდან მარგველაშვილამდე“ წერს.

 

„სააკაშვილი პოლიტიკაში „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“ ემსგავსება. მისი გამოჩენა სრულიად უავტორიტეტო, უპრინციპო და ურეიტინგო ფიგურებთან სწორედ ამის მანიშნებელია. როგორც ჩანს, თავადაც კარგად მიხვდა, რომ მათთან ერთად არჩევნებზე წასვლა, მით უფრო ხელისუფლების შეცვლის ამბიცია,  როგორც თავადვე დააანონსა, არ უნდა ჰქონდეს, ამიტომაც, ისევ „ევროპულ საქართველოს“ სთხოვა საარჩევნოდ „ხელი“. ბოკერიას გუნდს მან არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა. პასუხი უარყოფითია და საბოლოო.

 

„ევროპულ საქართველოს“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, ისინი საპრეზიდენტო რინგზე დავით ბაქრაძეს აიყვანენ. გამარჯვების ილუზია არ აქვთ, ოპოზიციაში პირველობის შენარჩუნების ამბიცია – კი.

 

ვანი-ხონის შუალედური არჩევნების შედეგის გამეორება მათი მთავარი მიზანი იქნება. ვინ დაუპირისპირდება ბაქრაძეს „ნაციონალებიდან“, ჯერ არავინ იცის. გრიგოლ ვაშაძეს კატეგორიულად არ სურს, გიორგი ვაშაძეც ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა – სააკაშვილის პოზიცია უცნობია. ბოლოს და ბოლოს, ძალიან სასაცილო იქნება, როცა პოროშენკოს მლანძღველი სააკაშვილი იგივე პოროშენკოს მაქებარ ვაშაძეს მხარს დაუჭერს. თუმცა, სააკაშვილმა შესაძლოა, ყველაფერი პრაიმერისს გადააბრალოს. დეტალები ამ მიმართულებით ჯერ არ კონკრეტდება.

 

ბაქრაძისა და ვაშაძის შერკინება რინგზე საინტერესო უნდა იყოს. ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროს ვაშაძე ახალ სახეებთან ასოცირდებოდა და ის პარტიის ძველებისგან გაწმენდას უჭერდა მხარს.

 

საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერისში 2013 წელს დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა, მაშინ მის კანდიდატურას გიორგი ვაშაძე წარადგენდა.

 

ნაციონალები ისევ პრაიმერისზე ალაპარაკდნენ. თუმცა, ევროპელებს კარგად ემახსოვრებათ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ეს პროცესი საკმაოდ უღიმღამოდ ჩატარდა. უღიმღამოდ იმ თვალსაზრისით, რომ პრაიმერისი აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მაშინ თავად პრაიმერისში ჩართული კონკურენტებიც კი ბაქრაძის გამარჯვებაზე მუშაობდნენ. იმდენად, რომ აზარტში შესულმა გია ბარამიძემ დარბაზს მოუწოდა: ხმა დავით ბაქრაძეს მიეცითო.

 

თუმცა, ესეც რომ არა, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა ან გიგა ბოკერია როცა ხარ, რატომ უნდა მიუჯდე იმ მაგიდას, სადაც ერთკაციანი პარტიები სხედან ნულოვანი კვალიფიკაციითა და გამინუსებული რეიტინგით? და რაც ყველაზე მთავარია, მიხეილ სააკაშვილმა ამ უბადრუკ გაერთიანებაში მიიღო ნიკა მაჭუტაძე. სახელი და გვარი ვიცი, არაფერს გეუბნებათ და პოლიტიკაზე მეტად ის უფრო სამართალდამცველებისთვისაა ცნობილი. მაჭუტაძე თავის მეგობარ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით აშანტაჟებდა, ქალბატონმა იჩივლა, ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც მეგობარს აშანტაჟებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით, არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში. მის გვერდით არ შეიძლება ვინმე იდგეს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი