logo_geo
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება...
- +

29 დეკემბერი. 2016. 18:01


 



„ყველაზე რთული საკითხები, რომლებიც უმთავრესად ოკუპირებულ ტერიტორიებთანაა დაკავშირებული, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში განიხილება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.


მისი თქმით, რუსეთის მხრიდან კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით არანაირი პროგრესი არ არის, თუმცა საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს.


„გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მათი მზარდი ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში, უხეშად ირღვევა ჩვენი მოსახლეობის უფლებები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები. რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, შეგვაგუოს ე.წ ახალ რეალობას რეგიონში, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ასეთი პოლიტიკის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კვლავ კრიტიკული იქნება და ძალისხმევას არ შევამცირებთ. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამეგობრობისა და დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა გვაქვს", - განაცხადა აბაშიძემ.


ზურაბ აბაშიძე, ინტერვიუში ტერიოტრიების დაბრუნების საკითხსაც შეეხო, მისი თქმით, ვითარების გამოსწორებას ოთხი აუცილებელი კომპონენტი სჭირდება.


„მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაიღუპა, რაც უმძიმესი შედეგია, ინფრასტრუქტურა დაინგრა და ეთნიკური წმენდა განხორციელდა, 2008 წლის აგვისტოს ყველაზე მძიმე შედეგი ისაა, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა და ამით სამართლებრივად მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდით. აქედან გამოსავალი ჯერ არ ჩანს, რადგან რუსეთი  ამ გადაწყვეტილების უკან წაღებას არ აპირებს, ჩვენ კი ამას ვერასდროს შევეგუებით. როდის და რამ შეიძლება ეს გამოასწოროს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენ, უნდა ვიზრუნოთ, რომ რაღაც ეტაპზე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ამ ვითარების გამოსწორებას ოთხი საუცილებელი კომპონენტი სჭირდება: საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა; აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა; რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მეოთხე - ჩვენ უნდა გავხდეთ იმდენად მომხიბვლელი ქვეყანა, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ცხოვრება მოუნდეთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი