logo_geo
17 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც სიზმრის მართვის ხელსაწყოზე მუშაობს
- +

11 მაისი. 2018. 22:55

 

 

ლუციდური სიზმრის ფენომენი და ადამიანის დაფარული შესაძლებლობები ყოველთვის იყო მეცნიერების ამოუხსნელი ამოცანა. 17 წლის ალექსანდრე თექთუმანიძე კი უკვე 4 წელია ლუციდური სიზმრის შესახებ აგროვებს ინფორმაციას, შეისწავლის როგორ შეიძლება მართოს ადამიანმა სიზმარი და ეს მდგომარეობა სასიკეთოდ გამოიყენოს. 

სიზმრების სამართავი ხელსაწყოს შექმნამდე კი ალექსანდრე ლუციდური სიზმრისა და მისი პროექტის შესახებ გვესაუბრა:

- 4 წლის წინ გავიგე რა არის ლუციდური სიზმარი. ეს არის სიზმრის ის პერიოდი, როცა ადამიანს ახსენდება რომ სძინავს. ამ საკითხს შუასაუკუნეებიდან იკვლევენ, თუმცა ლუციდურ სიზმარში მოხვედრა ძალიან რთულია და ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ხშირ შემთხვევაში კომატოზურ მდგომარეობაში ვარდება ან ჟანგბადის ნაკლებობით ითიშება. იმისთვის, რომ ადამიანს ახსოვდეს, რომ ის სიზმარს ხედავს, არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომელთაც რეალობის შესამოწმებელი ვარჯიშები ჰქვია.

ძილში უმეტესად ადამიანს არ ახსოვს როგორ მოხვდა ერთი ადგილიდან მეორეზე, მაგრამ ამ ვარჯიშების საშუალებით შესაძლებელი ხდება რეალობისა და სიზმრის შემოწმება. 

სიზმარი იყოფა ციკლებად, ღამეში ადამიანს აქვს 4-5 ციკლი, თითო ციკლში თითო სიზმარს ხედავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ყველა სიზმარი არ ამახსოვრდება. ციკლები კი თავის მხრივ 5 ფაზად იყოფა. ბოლო, მეხუთე ფაზას REM ფაზა ჰქვია. ამ ფაზაში ადამიანის თვალები სწრაფად მოძრაობს და ტვინის აქტივობა იზრდება. არსებობს ტვინის ენცეფალოგრამა, რომელიც ზომავს ტვინის აქტივობებს. სწორედ მისი საშუალებით, აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომ სწორედ ამ REM ფაზაში იმატებს ტვინის აქტივობა და თუ ამ ფაზაში ადამიანი კიდევ უფრო გაააქტიურებს ტვინს, მას გაეღვიძება. 

ზოგადად, ძილის დროს ორგანიზმი მოდუნებულია - პულსიც შენელებულია და გულისცემაც. მიმდინარეობს ორგანიზის აღდგენა. REM ფაზაში კი მოდუნებული სხეული და ტვინი უცებ აქტიურდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ფაზა ერთმანეთზე უფრო გრძელი და უფრო ზედაპირულია, ანუ ყოველი ფაზის შემდეგ, ადამიანი უფრო ნაკლებად არის ღრმა სიზმარში. 

REM ფაზის აღმოჩენა შესაძლებელია ენცეფალოგრამით, მაგრამ ენცეფალოგრამა ძალიან ძვირია და სამწუხაროდ, იმის საშუალება არ მეძლევა, რომ მისი დახმარებით ჩავატარო გამოკვლევები. ასევე ჩემი ხელსაწყოსა და კვლევისთვის სხვა ბევრ ნივთთან ერთად აუცილებელია სენსორები, რომლითაც „ედისონმა“ მომამარაგა. ხოლო Myo სენსორი, რომელიც აუცილებელია ჩემი პროექტისთვის, თვალის მოძრაობებს აფიქსირებს, თუმცა ესეც ძვირადღირებულია. ამ ხელსაწყოების გარდა, REM ფაზის პოვნა პულსის სენსორებითაც შეიძლება, ამჟამად სწორედ პულსის გრაფიკებს ვიკვლევ

ჩემი მიზანია, რომ შევქმნა მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ძილში გაახსენებს, რომ მას სძინავს და შეძლებს სიზმრის მართვას

დავიწყოთ იქედან, რომ ადამიანი რასაც სიზმარში ნახულობს იმას უფრო მაღალი პროცენტით შეიგრძნობს, ვიდრე იგივე რამ ცხადში რომ გაეკეთებინა. მაგალითად, თუ რაიმე გერმიელს მიირთმევ, გემო დაგამახსოვრდება, მაგრამ თუ იგივე კერძს სიზმარში დააგემოვნებ, მას უფრო სხვაგვარად და ძლიერად შეიგრძნობ. ეს არ ეხება მხოლოდ გემოს შეგრძნებას...

 

ჩემი ხელსაწყოს შექმნის შემდეგ, ადამიანს მიეცემა საშუალება, აღარ დაკარგოს სიცოცხლის ნახევარი ძილში ფუჭად და ეს დრო სასარგებლოდ გამოიყენოს, შეასრულოს ის საქმე და დავალებები წარმოსახვაში, რომელსაც რეალურად ვერ ხსნის და შემდეგ სიზმარში ამოხსნილი რეალობად აქციოს. ადამიანი შეძლებს გახდეს საკუთარი სამყაროს ღმერთი.

მარტივად გეტყვით როგორ შეიძლება ამ ყველაფრის სასიკეთოდ გამოყენება. ვთქვათ, არქიტექტორი მუშაობს რომელიმე პროექტზე, სურს შექმნას ახალი შენობა, მაგრამ არ იცის როგორი იქნება ის სინამდვილეში. შეიძლება 3D მოდელის შექმნა, მაგრამ გაცილებით კარგი იქნება თუ ამ შენობას სიზმარში შექმნის, ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მას სურს, ყველა დეტალსა და შუქ-ჩრდილს, შემდეგ კი დაინახავს როგორი იქნება ის ცოცხალ გარემოში და არა მაკეტზე. 


მნიშვნელოვანია, რომ სიზმარში ადამიანის კონცენტრაცია ძალიან იზრდება და სხვა საკითხებზე გონება აღარ გვეფანტება. ამიტომ მთელი ენერგია სწორედ იმისკენაა მიმართული, რა საკითხიც გვაინტერესებს

გამოცდილება, რაც ამ პერიოდის განმავლობაში დამიგროვდა, მაჩვენებს, რომ სიზმარში ძალიან კარგია მათემატიკური მაგალითების ამოხსნა და ისეთ საკითხებზე ფიქრი, რომლის გადაჭრაც სინამდვილეში გვიჭირს.

თავიდან, როცა 2018 წელს Hackathon-ში მივიღე მონაწილეობა, აწყობილი მქონდა "ბეტა" ვერსია, რომელიც სენსორების გარეშე იყო, რადგან ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთი დღე მქონდა. 

„ბეტა“ ვერსიის საშუალებით დავთვალე რამდენი ხანი გრძელდება სიზმრის თითოეული ციკლი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით 90 წუთია. მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო სიზმრის დროსთან ადრე გაგეღვიძება, უფრო კარგად გახსოვს სიზმარიც, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შევძლებ, რომ შევქმნა სიზმრების მართვის ხელსაწყო, ადამიანს უკეთ დაამახსოვრდება სიზმარიც და იმ ინფორმაციასა და საქმეს, რომელსაც სიზმარში შეასრულებს, რეალურ ცხოვრებაშიც გამოიყენებს.

სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ ჯერ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ ამ საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მომცეს და არც ამ პროექტისთვის აუცილებელი ხელსაწყოებია ხელმისაწვდომი, რადგან ის საკმაოდ ძვირია, იმედი მაქვს შევძლებ და პროექტს სისრულეში მოვიყვან...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი