logo_geo
„ბაადური და იპოლიტე ნარდს რომ თამაშობდნენ, მთელ ბათუმს ესმოდა“ - როგორ იხსენებენ მეგობრები ბაადურ წულაძეს
- +

16 მაისი. 2018. 00:40

 



მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მისი თაობის კოლეგები დიდ მწუხარებას გამოთქვამენ და მოგონებებს გვიზიარებენ:

კახი კავსაძე: 
- გული ძალიან მეტკინა... არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, უნიჭიერესი კაცი! ქართულ კინემატოგრაფიას ბევრი დააკლდა მისი წასვლით. გამორჩეული პედაგოგი იყო, ბევრი წარმატებული სტუდენტი აღზარდა... 

 
 


ჩვენ ერთად ვითამაშეთ ფილმში - "პეპელა". დაუვიწყარი იყო გადასაღებ მოედანზე ყოფნა, გახსოვთ, ჩვენთან ერთად ფილმში ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე თამაშობს. 
 

 
 

მას ყველა ის საუკეთესო თვისება ჰქონდა, რამაც კი შეიძლება ადამიანში თავი მოიყაროს. მძიმე ბავშვობა გამოიარა და თავის თავდადებული შრომით და ნიჭიერებით ძალიან ბევრს მიაღწია! 

 
 
იმედა კახიანი:
- ეჰ, მიდის ჩვენი თაობა, საუკეთესო ხალხი... გვტოვებენ უნიჭიერესი, კარგი ადამიანები. ბაადური განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო, ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული. 
 

მართალია პროფესიით რეჟისორი იყო, მაგრამ გვახსოვს მისი საოცრად კარგად და გემოვნებით შესრულებული როლები. როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც ძალიან ხშირად იწვევდნენ ფილმებში.

ბაადურთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მახსენდება: კინოსტუდიის შტატიანი მსახიობების ასეთი წესი იყო, თუ სამი თვე ფილმში არსად იყავი დაკავებული, მერე მთელი წლის განმავლობაში, ხელფასის 75 პროცენტი გეძლეოდა.

ასე რომ არ მომხდარიყო, საკმარისი იყო სადმე ფილმში გაეფორმებინათ, რომ გადაღებაზე იმყოფებოდი. ასეთი პერიოდი მქონდა და ბაადურმა მითხრა, ბათუმში "ფეოლას" ვიღებ, ოჯახით წამოდი, ორი-სამი თვით დაისვენებ, რაღაც საქმეს გამოგინახავო...
სიამოვნებით დავთანხმდი და იქ რომ ჩავედი, მითხრა, ერთი როლი მაქვს, ითამაშე, მაინც არსად არაფერი გამოჩნდებაო... მოგეხსენებათ, ფილმი საბავშვო გუნდების საფეხბურთო თამაშებზეა, სადღაც სოფელში ცხადია ტაბლო არ იქნებოდა. დიდი ანძასავით გააკეთეს, ზედ სკამი დამიდგეს, იქ უნდა დავმჯდარიყავი და ანგარიშები მეჩვენებინა... 

მივედი გადაღებაზე, ანძაზე ავძვერი, დიდი ქუდი მქონდა ჩამოფხატული, მეჭირა ხელში ორი ტაბლო და ხან ერთი გუნდის ანგარიშს ვაჩვენებდი და ხან - მეორისას. იმ როლს ნებისმიერი გზაზე გამვლელიც შეასრულებდა... დამთავრდა გადაღება, ფილმი გამოვიდა და სახლში ზარებს ვერ აუდიოდი, მთავარი როლის წარმატებულად შესრულებას გილოცავთო...
არადა, ფილმში საერთოდ არ ვჩანდი, მაგრამ ბაადურმა გამცა ჩვენს სამეგობრე წრეში და "მაშაყირებდნენ", ისე წავიდა შენი საქმე, ასეთ როლს თამაშობო. ბევრს ვხალისობდით... 

მე და ბაადური მეგობრები ვიყავით და ისე მოაგვარა ჩემი საქმე, რომ შემდეგ მთელი წელი ასპროცენტიან ხელფასს ვიღებდი და ბათუმში სამი თვე ცოლ-შვილთან ერთადაც დავისვენე.

სამწუხაროა, ასეთი კაცს რომ ოჯახი არ ჰქონდა. ამას ძალიან ნანობდა. ხომ იცით ახალგაზრდობა უცებ გარბის და მაშინ თუ ვერ მოასწარი დაოჯახება, მერე უფრო და უფრო ძნელია... ამ მხრივ, სამწუხაროდ. არ გაუმართლა... 

ჯემალ ღაღანიძე: 
- ბაადურთან ერთად ფილმ "ფეოლაში" ვითამაშე... ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და მასთან ერთად მუშაობას არაფერი სჯობდა. როგორც რეჟისორს. შესანიშნავი ფილმები აქვს გადაღებული.

ძალიან გულისხმიერი იყო და ურთიერთობაში გამორჩეული. მთელი ზაფხული ერთად ვიყავით ბათუმში "ფეოლას" გადაღებაზე. მიტოვებული სტადიონი იყო და იქ კუთხეში იყო საერთო საცხოვრებელი. მთელი გადამღები ჯგუფი, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. დილიდან საღამომდე სულ ერთად ვიყავით... სასიამოვნო იყო მასთან გატარებული ყოველი წუთი! განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ ბაადურ წულაძე და იპოლიტე ხვიჩია. ერთი სანახაობა იყო, ეგენი რომ ნარდს თამაშობდნენ, მთელ ბათუმს ესმოდა, ისე ყვიროდნენ...

გული ძალიან დამწყდა ბაადურის გარდაცვალების გამო. ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან - დოლიძის ქუჩაზე. არცთუ დიდი ხნის წინ შემხვდა და ძალიან ბევრი რამ გავიხსენეთ... შარშან ერთად ვიყავით ბათუმში. "ფეოლას" მონაწილეებთან იყო შეხვედრა. ნომერ პირველი საპატიო სტუმარი, რასაკვირველია, ბაადურ წულაძე იყო. მისი შემოქმედებითი საღამო გამოვიდა, ფაქტობრივად. ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ, სამწუხაროდ, თურმე ბაადურთან ერთად უკანასკნელად...


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი