logo_geo
სასწაულები, რომლებიც მამა გაბრიელის წმინდა ნეშტს უკავშირდება
- +

17 მაისი. 2018. 01:35

 

 

ქვეყანა აირია. მსოფლიოში სტიქიურ უბედურებასა თუ ადამიანურ სისასტიკეს ბოლო არ უჩანს. ბევრი შიშობს, რომ ბოლო ჟამი დგება! მართლაც, როცა ადამიანი ბუნების წესებს ცვლის და ყველა იმ ზღვარს ლახავს, რაც უფალმა დაუწესა, ეს გარდაუვლად მოჩანს! დღეს ამ აზრს არა მხოლოდ სულიერი მამები, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავნიც იზიარებენ. თუმცა, მამა გაბრიელი ამბობდა, რომ საქართველო ბოლო ჟამს გაბრწყინდება და ჩვენ გადავრჩებით! თვის დროზე, მას არ უჯერებდნენ, მაგრამ, დრომ ეს დაამტკიცა, - რაც დრო გადის, მისი წინასწარმეტყველებები ხდება. „დადება დრო, მთელი საქართველო ჩემთან მოვა", - ამბობდა ბერი გაბრიელი და მართლაც, სამების ტაძარში დაბრძანებულ წმინდა ნეშტს მთელი საქართველო მიეახლა. ხალხი წმინდა ბერს ქვეყნისა და ოჯახის მფარველობას ევედრებოდა. იყვნენ სასწაულის მთხოვნელებიც, - დედები განუკურნებელი სენით დაავადებული შვილების განკურნებას სთხოვდნენ. სამებაში დაბრძანებული მამა გაბრიელის შეწევნით, ეს სასწაულიც აღსრულდა...

 

იყო სხვა სასწაულებიც, - პირველ დღეებში, იქ, სადაც წმინდანის ნეშტი დააბრძანეს, ხალიჩაზე მაცხოვარი, წმინდა ღვთისმშობელი და მამა გაბრიელი ერთად გამოისახა - მაცხოვარს მარცხნივ დედა ღვთისმშობელი ედგა, მარჯვნივ კი მამა გაბრიელი…

 

მოსწავლის ტელეფონით გადაღებული კადრებიც გავრცელდა, სადაც წმინდა გაბრიელი სხვა მლოცველებს შორის დგას და ლოცულობს...

 

ტელევიზიით 8 წლის გოგონას დედა უმძიმეს ისტორიას იხსენებდა: „ნანუკას ნაწლავზე ოპერაცია გაუკეთდა. მორფოლოგიური კვლევის შედეგად ბერკიტის სიმსივნე, ლიმფომა დაუდგინდა. გერმანიიდანაც მივიღეთ ანალოგიური პასუხი. ჩემ შვილს ქიმიოთერაპიის ორი კურსი დაენიშნა. მკურნალობის შემდეგ გადავუღეთ საკონტროლო ტომოგრაფია, მაგრამ სურათი ისევ მძიმე იყო… ექიმებმა ქიმიოთერაპიის კიდევ ორი კურსი დაუნიშნეს. ამ პერიოდში სამების ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული. ტაძარში მივედით, მოვილოცეთ. იქვე იჯდა დედა პარასკევაც, მან ნანუკა დალოცა და უთხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. შეეკითხა, რწმენით ხარო? კიო, - უპასუხა ნანუკამ. მამა გაბრიელი აუცილებლად შეგისრულებს სურვილსო. წამოსვლისას გვითხრა, ბავშვს ტომოგრაფია აუცილებლად გადაუღეთო. არადა, ქიმიოთერაპიის დღე უკვე დანიშნული იყო. დავიბენი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ტომოგრაფია უნდა გადამეღო… განცვიფრებული ექიმი თვალებს არ უჯერებდა, ბავშვს აღარაფერი აქვსო. დასკვნაში დაწერა, რომ ყველაფერი ნორმაშია. ეს წმინდა გაბრიელის ხილული სასწაული იყო".

 

რამდენიმე ხანში სამებაში დაბრძანებული წმინდა მამის მეოხებით კიდევ ერთი საწაული აღესრულა - ქობულეთელი დები ჰყვებოდნენ, რომ მათი მამა მძიმე სენით იყო ავად და თბილისში მკურნალობდა. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მოილოცა და გამოჯანმრთელდა. როცა გამოკვლევები ჩაიტარა, ექიმები გაოგნდნენ, სიმსივნის კვალიც აღარ ეტყობოდა!

 

რამდენიმე თვეა ლოტკინის გორაზე ესაკიების ოჯახში დაბრძანებულ წმინდა გაბრიელის ხატს მირონი სდის: „ზოგჯერ კილო მირონს ვაგროვებთ და ტაძარში ჩაგვაქვს, ავადმყოფები მოდიან და განკურნებას სთოვენ, ერთი 12 წლის გოგონაც მოვიდა, გულის მანკით დაავადებული, მისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ბავშვმა ილოცა და განიკურნა. ახლა მოდის ხოლმე და ლოცულებს“, - ამბობს ამ ოჯახის დიასახლისი ნანა ესაკია.

 

„საქართველო ბოლო ჟამს გაბრწყინდება“. რატომ დავიმსახურეთ ეს წყალობა, თავად უფალმა იცის, მაგრამ მჯერა, რომ ასე იქნება, - მამა გაბრიელი იმქვეყნიდანაც ლოცულობს ჩვენთვის. ეს უნდა გვახსოვდეს!

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი