logo_geo
ზურაბ აბაშიძე: ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზარი გახსნილია
- +

30 დეკემბერი. 2016. 14:37



„აბაშიძე-კარასინის" ფორმატთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს, ნაწილი კი, ფორტმატს წარმატებულს უწოდებს. პოლიტოლოგი, ზურაბ აბაშიძე „აბაშიძე-კარასინის" ფორმატის საქმიანობას გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში აფასებს.


მისი თქმით, დიალოგი კონკრეტული საკითხების განხილვით შემოიფარგლება, რომლებიც დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო კავშირებთან, ტურიზმთან და გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებთან.


„როცა დიალოგს ვიწყებდით, რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის დახურული იყო. ამ ფონზე, ჩვენი ამოცანა გახლდათ, გაგვეხსნა ეს ბაზარი და შექმნილი დისბალანსი ნაწილობრივ გამოგვესწორებინა.

 

ყოველწლიურად, საქართველოში, შეზღუდვების გარეშე, 500 მილიონი დოლარის რუსული პროდუქცია შემოდიოდა. ექსპორტი კი, პრაქტიკულად, არ ხორციელდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ეკონომიკაზე. ეს ვითარება გამოსწორდა - რუსეთის ბაზარი გახსნილია. ამ 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 850 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ნაწარმი გავიდა რუსეთში. უმთავრესად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია: ღვინო, კონიაკი, მინერალური წყალი... ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერების, ბიზნესმენების, სატრანსპორტო კომპანიებისა და ბიუჯეტისათვის", - განაცხადა აბაშიძემ.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის რუსეთთან სავაჭრო ოპერაციებში ასზე მეტი მცირე და საშუალო სატრანსპორტო კომპანია მონაწილეობს.


„2012 წლამდე, რუსული სატრანსპორტო კომპანიები საქართველოში მშვენივრად გრძნობდნენ თავს: ეზიდებოდნენ ტვირთებს. ქართულ კომპანიებს კი ამის საშუალება არ ჰქონდათ. ესეც გამოსწორდა და უკვე ასზე მეტი მცირე და საშუალო სატრანსპორტო კომპანია მონაწილეობს სავაჭრო ოპერაციებში. ეს სწრაფად მზარდი ბიზნესია. მხედველობაში მაქვს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვები, არა მხოლოდ საავიაციო მიმოსვლა, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, არამედ სახმელეთო მარშრუტები, თბილისი-მოსკოვის, ბათუმი-როსტოვისა და სხვა მიმართულებით. ასე რომ, ეს დისბალანსიც გამოსწორდა და უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ იხეირა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი