logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: ევროინტეგრაციის შედეგად სხვადასხვა სფეროში დიდ სარგებელს ვიღებთ
- +

30 დეკემბერი. 2016. 15:54



„არ უნდა გამოგვრჩეს ის ძალიან დიდი სარგებელი, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა სფეროში ევროინტეგრაციის შედეგად ვიღებთ. პირველ რიგში კი, უნდა აღვნიშნოთ, სექტორალური თანამშრომლობა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა.


მისი თქმით, წელს, საქართველო ენერგოგაერთიანების წევრი გახდა, ეს კი უზრუნველყოფს საქართველოში მეტი ტექნიკური და ფინანსური დახმარების შემოსვლას მწვანე ენერგიის, მდგრადი ენერგიის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.


„ჩვენ მოვახერხეთ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანება ისე, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს ენერგოტრანზიტის შედეგები, რომელსაც ვიღებთ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამასთანავე საუკეთესო პირობებით გავწევრიანდით ორგანიზაციაში, რომელიც დამატებით რესურსებთან წვდომის შესაძლებლობას გვაძლევს", - განაცხადა ჯანელიძემ.


მისივე თქმით, წელს გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას „Horizon 2020-ს", რომელიც 15 მილიარდიანი ფონდია.


„ევროკავშირის პროგრამა, „Horizon 2020" ჩვენი სამეცნიერო წრისათვის წარმოადგენს დიდ რესურსთან წვდომის შესაძლებლობას. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ევროინტეგრაციისა და ევროპული პროგრამების შედეგად კონკრეტული შედეგი მიიღოს ჩვენმა სხვადასხვა სექტორმა, კონკრეტულმა პირებმა თუ ადამიანებმა. ჩვენ ასევე, მონაწილე ვართ „ერაზმუს პლიუსის" პროგრამის, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მინისტრის თქმით, საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორც სანდო და დასაყრდენი პარტნიორი.


„ჩვენ ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში მივიღეთ მონაწილეობა. საქართველო იყო, იმ მცირე ქვეყანათა ნუსხაში, სადაც ჩამოვიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მრჩეველი და ჩვენთან უწყებრივი კონსულტაციები გაირა. ეს არის საქართველოს აღიარება, საქართველოს რეფორმების აღიარება, ევროპული გზის აღიარება და ჩვენი გადაგმული ნაბიჯების შეფასება", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

big_banner
არქივი