logo_geo
ვინ არის ქართველი, რომელიც სიეტლის სასაფლაოზე ბრუს ლის გვერდით განისვენებს...
- +

20 მაისი. 2018. 23:01

 

ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:

„ვიდრე სიეტლში ჩამოვიდოდი, მოვიკვლიე, თუ რისი ნახვა შეიძლებოდა და აღმოვაჩინე, რომ Capitol Hill's Lake View-ს სასაფლაოზე დაკრძალული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატი ბრუს ლი, ამიტომ სიეტლში ჩასვლისთანავე, გადავწყვიტეთ საფლავზე მისვლა. ვინც აღმოსავლური ორთაბრძოლებით არის გატაცებული, მისთვის ყველაფერი რაც ბრუს ლის სახელს უკავშირდება, საინტერესოა. მისი საფლავისათვის პატივის მიგება, განსაკუთრებული ფაქტია, შესაბამისად, საფლავს ყოველთვის ჰყავს მნახველი. მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი, წარმატებული ქართველი მეცნიერი ვახტანგ შელია, რომელიც ამავე დროს კარატეში შავი ქამრის მფლობელია, სიეტლის სასაფლაოზე წავედით. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ იქვე, ბრუს ლის საფლავთან რამდენიმე მეტრში, საფლავის ქვაზე მართლმადიდებლური ჯვარი და წარწერა - ლიასო არიშიძე ამოვიკითხე“.

 

 

 


როგორ მოხვდა ბრუს ლის საფლავის მახლობლად ქართველი, ვინ იყო და რატომ დაკრძალეს ის სიეტლის პრესტიჟულ სასაფლაოზე? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დავიწყე ძიება. 

არქივში რამდენიმე კვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ისტორიკოს რუსუდან დაუშვილს დავუკავშირდი, მან გაიხსენა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ლიასო არიშიძეს, იგივე ლასე არეშიძეს, ერთი ქალბატონი ეძებდა და მისი ნომერი მომცა.

„გამარჯობა, სიეტლში ბრუს ლის ახლოს დაკრძალული ლიასო არიშიძეს, იგივე ჯონ ლასოს შთამომავალი ხომ არ ხართ?“ - ვკითხე ქალბატონს.


„კი, ლასო არიშიძე ჩემი ბაბუის ბიძა იყო, ანუ ჩემი დიდიბებიის ძმა, მე მისი ერთერთი შთამომავალი ვარ“, - მიპასუხა ჯონ ლასოს პირდაპირმა შთამომავალმა თეა ინწკირველმა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

ქალბატონ თეასთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ამბავს ლასე არეშიძეს, იგივე ჯონ ლასოს, შესახებ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს მისი შთამომავალი უამბობს.

თეა ინწკირველი: მისი შთამომავლების ოჯახები ძალიან დიდი ხანი ვეძებდით მას. ჩემი ბიძაშვილი ირმა ნიჟარაძე 20 წელი ეძებდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა აკაკი სურმავამ და ბატონმა ვოლტერ რეხვიაშვილმა მაპოვნინეს ბაბუაჩემის საფლავი. ლასე არეშიძეს ყავდა ძმები: ვიქტორი, ნესტორი და ივლიანე, ასევე ჰყავდა ერთი და - აკვირინე და მისი შთამომავლები ვართ ჩვენ, თვითონ ლასეს ცოლ-შვილი არ ჰყოლია. 
ლასეს საფლავი 4 წლის წინ აღმოვაჩინეთ. 

ლასე არეშიძის მეგობრის ვანო რეხვიაშვილის შვილი ვოლტერი თავის მოგონებებში დეტალურად აღწერს ლასე არეშიძეს ცხოვრებასგთავაზობთ სიეტლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ვოლტერ რეხვიაშვილის მოგონებებს, რომელიც ოჯახის ნათესავმა ციმი არეშიძემ შემოინახა:

"ლასო ქუთაისელ არისტოკრატთა ოჯახიდან იყო. იგი ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, საქართველოდან რომ წამოვიდა და ვლადივასტოკში გაემგზავრა. რამდენიმე კვირის შემდეგ ფული შემოაკლდა. როგორც ლასომ უამბო მამაჩემს, მან და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს გაეძარცვათ ადგილობრივი სამეფო ჯარის გარნიზონის საგადასახადო უწყების კურიერი ვლადივოსტოკში.

 

 

ფოტო: ლასე ახოვანი, განსაკუთრებული გარეგნობის, ლამაზი მამაკაცი ყოფილა

 


რამდენადაც ვლადივოსტოკში იმყოფებოდა იმ რაიონის შტაბი, გარნიზონი საკმაოდ დიდი იყო, საგადასახადო უწყება უფრო დიდი და ძალიან მაცდუნებელი. 

ლასო და მისი მეგობარი ერთ ბნელ ღამეს დახვდნენ კურიერს და წაართვეს ერთი ტომარა ფული. ლასოს თანხმლებს იმ კაცის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ლასომ გააჩერა, დაარწმუნა, რომ საკმარისი იყო კურიერის გათოკვა, ფულის აღება და იქაურობიდან გაცლა. 

 

 

ფოტო: ლასე ძმებთან ერთად

 


მისი მეგობარი დაეთანხმა. მათ გათოკეს კურიერი, ქალაქგარეთ გაიქცნენ და ფული იქ გადამალეს. ცოტა მოშორებით ცხენები იპოვეს და აქ მათი გზები გაიყარა. მალე მილიციამ ლასო დაიჭირა, მაგრამ მისი მეგობარი გადარჩა. 

სასამართლოზე უნდოდათ ლასოსთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანათ, თუ არ ითანამშრომლებდა ხელისუფლებასთან, არ დაუბრუნებდა ფულს და არ დაასახელებდა თანამონაწილეს. ლასომ თავი დამნაშავედ არ ცნო. მოსამართლემ შემოიყვანა კურიერი, რომელიც მოყვა თუ რა ვითარებაში მოხდა მისი გაძარცვა. ლასოს ოჯახს დაქირავებული ჰყავდა საუკეთესო ადვოკატი. ადვოკატმა უთხრა კურიერს, რომ თუ მის მიერ მიცემული ჩვენება მართალია მაშინ გამოდის რომ ლასოს გადაურჩენია მისი სიცოცხლე და მისი მადლიერი უნდა იყოს. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ, კურიერმა სასამართლოს მოახსენა, რომ იმ ღამეს ძალიან ბნელოდა და მან კარგად ვერ გაარჩია თავდამსხმელები და მისი აზრით, ლასო არ იყო მათ შორის. 

 

 


რამდენიმე ხნის შემდეგ, ლასომ მიაკითხა გადამალულ ფულს, ამოიღო და ჩრდილო ციმბირისკენ გაუდგა გზას. იგი იფიცებოდა, რომ მან თითქოს 50 მილი გადაცურა ალასკისკენ. უფრო დასაჯერებელია, რომ იგი ნავით გადავიდა. ასეა თუ ისე, 1909 წელს, როგორც კი ჩამოვიდა ალასკაში მან მეფის რუსეთს ფულის დიდი ნაწილი დოლარებზე გადაცვალა.
ალასკაში მან ჯერ ერთი ბარი შეიძინა, მერე მეორე. პარტნიორად მეტრეველი აიყვანა, რომელიც უვლიდა ამ მეორე ღამის ბარს. 
ორიოდე წლის შემდეგ, იგი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში გადმოვიდა, სადაც ბევრი სხვა ქართველი ცხოვრობდა და მეტრეველის გარეშე გახსნა სხვა ღამის კლუბი.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მას უკვე ჰქონდა ხუთი თუ ექვსი კლუბი და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოითხოვდა მისგან გადასახადის გადახდას. მისი კლუბები არალეგალურად არსებობდნენ და ამიტომ ლასო არსად არ უჩვენებდა თავის შემოსავალს, არ იხდიდა გადასახადს. მთავრობა კი ამბობდა, რომ ეს გადასახადი შეადგენდა დაახლოებით ორ მილიონ დოლარს


ლასო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და ბევრი რამის მოყოლა შეიძლება მის შესახებ, უფრო მეტის, ვიდრე ამ მოკლე დროში ჩავეტევი და მაინც გეტყვით ერთ ეპიზოდს მისი ყოყლოჩინური ცხოვრებიდან. ლასოს შეეძლო მიემართა საუკეთსო ადვოკატებისთვის და მისი საქმე წლობით იჭიმებოდა, მაგრამ ბოლოს ის მაინც იძულებული გახდა სასამართლოზე გამოცხადებულიყო. ძონძებში გამოეწყო და მოსამართლეს ჰკითხა: "ვგავარ მე მილიონერს?"

რამდენიმე თვის მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ლასო გადაიხდიდა 250 000 დოლარს და საქმე ამით დამთავრდებოდა.

ეს დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო მომდევნო კვირას, მაგრამ წინა კვირის ბოლოს, როდესაც ლასო თავის მეგობარ ლუკა გავაშელიშვილთან ერთად, კალიფორნიაში კავბოების როდეოს ესწრებოდა ქალაგგარეთ, მას გულის შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა. შეთანხმებული საგადასახადო თანხის სანაცვლოდ მთავრობამ კონფისკაცია გაუკეთა მის ქონებას, საბანკო ანგარიშების ჩათვლით, გარდა იმ ანგარიშებისა, რომელიც მას ფიქტიურ სახელებზე ჰქონდა გაფორმებული".

სავარაუდოდ, მის კლუბებს პრობლემები "მშრალი კანონის" დროს უნდა შეჰქმნოდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ის სამართალდამცავებთან იყო გარიგებული და მის ბარებშიც ალკოჰოლიანი სასმელები უპრობლემოდ იყიდებოდა, რეიდების თაობაზე კი წინასწარ აფრთხილებდნენ.

ლასე არეშიძეს ანდერძი

თეა ინწკირველი: ჩვენ გვაქვს სასამართლოს მტკიცებულება, რომ ნამდვილად ლასე არეშიძეს შთამომავლები ვართ. თავის ოჯახთან მიმოწერა სულ ჰქონდა, მაგრამ 1940 -იან წლებში საბჭოთა ცენზურის გამო კონტაქტი შეწყდა.

 

 

ფოტო: განცხადება, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა

 

 



ამის შემდეგ 1952 წელს დაიბეჭდა გაზეთში, რომ საერთაშორისო კოლეგია ეძებს ლასეს ოჯახის წევრებს. აკვირინე - ლასეს და წაიყვანეს მოსკოვში, იქ გაეცნო ბებიაჩემი ანდერძს და ნახა, რომ ლასემ მთელი თავისი ქონდება დაუტოვა თავის და-ძმებს და მათ შთამომავლებს. აკვირინემ ხელი მოაწერა იმის დასტურად, რომ გაეცნო ანდერძს. სამწუხაროდ, კე-გე-ბემ არ მოგვცა საშუალება მიგვეღო ინფორმაცია მემკვიდრეობის შესახებ. აშშ-ში მისი ქონების ნაწილის კონფისკაცია მოხდა, დანარჩენის ბედი კი გაურკვეველია.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი