logo_geo
„კლინიკაში იყო დაკვამლიანება, აირწინაღით შევედი - მძიმე პაციენტს თავზე ექიმი ედგა და ფურცლებით უნიავებდა...“
- +

20 მაისი. 2018. 23:25

 

„მეხანძრე-მაშველი გმირია“ - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.

 

„ეს ჩემი პროფესიაა“, - მეუბნება 25 წლის ბექა მეშველაშვილი, რომელსაც ხანძართან ბრძოლის თითქმის 5-წლიანი გამოცდილება აქვს. ამავდროულად, „პალიტრანიუსის“ ოპერატორად მუშაობს.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ „გზაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

 

„პირველი გამოძახება იყო, ერთ-ერთი კლინიკის მე-5 სართულზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.

 

პაციენტს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო მიერთებული. გარშემო ხანძრის სიმხურვალისგან მილები უკვე დამდნარი იყო და ვერ სუნთქავდა... ისეთი დაკვამლიანება იყო, აირწინაღის გარეშე ვერ შევედი. იქ შესულმა შევამჩნიე, პაციენტს თავზე სასოწარკვეთილებამდე მისული ექიმი ედგა, რა თქმა უნდა, აირწინაღის გარეშე, ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა და პაციენტს უნიავებდა... მისთვის ჟანგბადის მიწოდებას ცდილობდა... როდესაც ექიმებს ხელაღებით ლანძღავენ, სულ ის სურათი წარმომიდგება თვალწინ...“

 

„საზოგადოებას უკეთესად დავანახო, რა საფრთხეების წინაშე დგანან მეხანძრე-მაშველები. დღემდე ძალიან ბევრი „პაჟარნიკს“ გვიწოდებს. არა აქვთ გაცნობიერებული ჩვენი პროფესია. ბოლო დროს დაიწყო სკოლაში სწავლება: „ათი გაკვეთილი სახანძრო-სამაშველო საგანგებო სიტუაციების შესახებ, რაც უნდა ვიცოდეთ“. ეს ძალიან კარგია, რადგან ახალმა თაობამ ბავშვობიდან უნდა იცოდეს, რას ნიშნავს მეხანძრე-მაშველი... ამიტომ, პატარა კამერა მექნება ჩაფხუტზე დამაგრებული და ხანძართან მუშაობის პროცესს გადავიღებ...“

 

„ხანძარი ძლიერი იყო და ერთ-ერთ სახლს უახლოვდებოდა, სადაც მოხუც მასპინძლებს სტუმრები ჰყავდათ. შს მინისტრის მოადგილე მოვიდა, - ბიჭებო, სწრაფად, სახლს უახლოვდებაო. რამდენიმე მანქანით ავედით. ხანძარი მართლაც სასწაულებრივად შევაჩერეთ. მიწა გავთხარეთ, რომ ცეცხლი არ გავრცელებულიყო. სხვა ვერაფერს ვიზამდით, ვერტმფრენი სიბნელეში ვერ მუშაობს და ხანძარი მხოლოდ დილამდე უნდა შეგვეჩერებინა, ვიდრე ვერტმფრენი მოვიდოდა...“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი