logo_geo
როგორ მოკლეს გენერალი ლიახოვი ლაზმა ფირალებმა
- +

22 მაისი. 2018. 00:34

 

 

მეფის რუსეთის არმიის გენერლისა და დენიკინის „მოხალისეთა რუსული არმიის“ ერთ-ერთი მესვეურის, ვლადიმირ ლიახოვის სახელი ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგა ხანს ტაბუდადებული იყო.

 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც კი, არავის არაფერი დაუწერია იმის თაობაზე, რომ I მსოფლიო ომის დროს - 1915 წლის გაზაფხულზე, ბათუმის ოლქის მურღულის მაზრაში (ეს ტერიტორია ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის), პლასტუნთა ქვედანაყოფებმა ადგილობრივ ქართველთა (ლაზთა და ნიგალელთა) გენოციდი სწორედ გენერალ ლიახოვის მეთაურობით განახორციელეს. ამ საკითხს ვრცლად ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, დევიდ ლენგი შეეხო, რომელმაც დაადგინა, რომ ლიახოვის პლასტუნებმა 1915 წლის აპრილიდან ივნისამდე 100 ათასამდე ქართველი მშვიდობიანი მოსახლე გაანადგურეს. ამათგან დიდი უმრავლესობა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი იყო; ხოლო მათი "დანაშაული" კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ქართველები იყვნენ და იმხანად გერმანიაში მოქმედ "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს" თანაუგრძნობდნენ.

 

1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ გენერალი ლიახოვი, რომელიც მანამდე კავკასიის პირველ საარმიო კორპუსს მეთაურობდა, "თეთრ მოძრაობას" შეუერთდა და 1918 წლის ზაფხულში ანტონ დენიკინის "მოხალისეთა რუსულ არმიაში" შევიდა. იგი სათავეში ჩაუდგა პლასტუნთა დივიზიას, რომელიც ვლადიკავკაზის რკინიგზას იცავდა. ლიახოვმა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა შორის მალე გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა უსასტიკესმა გენერალმა - მისი სახელით ჩეჩნები და ინგუშები ურჩ ბავშვებს აშინებდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ მთიელებმა რვაჯერ სცადეს ვლადიმირ ლიახოვის მოკვლა, მაგრამ გენერალმა თავდამსხმელები რვაჯერვე დახოცა, თავები მოჰკვეთა და ვლადიკავკაზში, თავისი შტაბის შენობის წინ მარგილებზე ჩამოაცვა.

 

1919 წლის იანვარში, ანტონ დენიკინმა ვლადიმირ ლიახოვი თერგ-დაღესტნის ოლქის ქვედანაყოფთა სარდლად დანიშნა; მიუხედავად იმისა, რომ მოვალეობას ბრწყინვალედ ასრულებდა, იმავე წლის მარტში, გენერალი ჩრდილო კავკასიიდან მოულოდნელად გაქრა - ოფიციალური რუსული წყაროებით, ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო, რადგანაც მისი შტაბბინის კომენდანტმა, კაპიტანმა ჩაიდოიანცმა ქურდობა ჩაიდინა, ხოლო ანტონ დენიკინმა კი მთელი პასუხისმგებლობა გენერალ ლიახოვს დააკისრა. ამ უკანასკნელმა მოპარული ნივთების საფასური გადაიხადა, პროტესტის ნიშნად სარდლობიდან გადადგა და ჩრდილო კავკასიაც საერთოდ დატოვა.

 

 

სინამდვილეში, დენიკინსა და ლიახოვს შორის არავითარი უთანხმოება არ მომხდარა - სისასტიკით ცნობილი გენერლის გაქრობა "მოხალისეთა რუსული არმიის" უმაღლესი სარდლობის საიდუმლო გეგმებს უკავშირდებოდა. ანტონ დენიკინმა, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა, 1919 წლის გაზაფხულზე მზერა მიაპყრო შავი ზღვის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურს - ბათუმს, სადაც იმხანად "ერთა ლიგის" მანდატით ბრიტანელები იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1918 წლის გაზაფხულზე, ოსმალებმა ბათუმის და მისი ოლქის ოკუპაცია მოახდინეს. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა მაშინვე საბრძოლო მოქმედებები წამოიწყეს, მაგრამ დავაში დიდი ბრიტანეთი ჩაერია - მისმა მესვეურებმა ბათუმის ოლქში ადგილობრივ მოსახლეთა თვითგამორკვევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ივალდებულეს; მანამდე კი ოსმალეთის იმპერიას და ამიერკავკასიას დაპირისპირების რეგიონიდან ჯარების გამოყვანა მოსთხოვეს. მოთხოვნა შესრულდა, ბრიტანეთმა კი ბათუმის ოლქში ინდოეთის კოლონიური არმიის ნაწილები (სიქჰები) შეიყვანა. გენერალ-გუბერნატორად ინგლისელი გენერალი კუკ კოლისი დაინიშნა, ხოლო სამოქალაქო ხელისუფლება ჩაჰბარდა ბათუმის საოლქო საბჭოს, რომელსაც დროებითი მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, კადეტი პეტრე მასლოვი ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი დენიკინის მეგობარი იყო და "დიადი და განუყოფელი რუსეთის" აღდგენაზე ოცნებობდა.

 

ბათუმში ანტონ დენიკინმა ლიახოვი უაღრესად მნიშვნელოვანი მისიით გაგზავნა: "ბათუმის ოლქის ბედი რეფერენდუმით უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ერთიანი რუსეთის ინტერესებს იქ არავინ ითვალისწინებდა, ჩემი მეგობრის - პ. მასლოვის გარდა... ამიტომ ჩვენ ველიკორუსულ საქმეთა მოსაგვარებლად, ბათუმში გენერალი ვლადიმირ ლიახოვი გავგზავნეთ, რომელიც იქაურობას ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის დროიდან ძალიან კარგად იცნობდა", - წერდა დენიკინი თავის მოგონებათა წიგნში; აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ იმ დროს "თეთრ მოძრაობაში" საკმაოდ ძლიერი იყო პროგერმანული ფრთა, რომელსაც გენერალი პეტრე კრასნოვი მეთაურობდა. ანტონ დენიკინი ხვდებოდა, რომ I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია "თეთრებს" ვეღარ დაეხმარებოდა, ამიტომაც პრობრიტანული ორიენტაციის აღება გადაწყვიტა. გარდა ამისა, მას უნდოდა, ბათუმი "თეთრი მოძრაობის" საიმედო დასაყრდენად ექცია და როდესაც რუსეთის იმპერია კვლავ აღდგებოდა, შავი ზღვის ეს უმნიშვნელოვანესი ნავსადგური, მთელ საქართველოსთან ერთად, ისევ რუსებს რგებოდათ.

 

სხვათაშორის, იმხანად დიდი ბრიტანეთის მესვეურები მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის დაშლა მსოფლიოსათვის ნამდვილი გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა - "თუ დავუშვებთ იმას, რომ რუსეთის ხალხებმა ეროვნული თვითგამორკვევის საფუძველზე მიიღონ დამოუკიდებლობა, მაშინ მალე მოგვიწევს იმის აღიარებაც, რომ ირლანდიელი ან ინდოელი სეპარატისტების მოთხოვნებიც კანონიერია", - ხშირად აღნიშნავდა ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი. ამიტომ ანტონ დენიკინმა სწორი და შორსმჭვრეტელური დასკვნები გააკეთა - ჯერ გენერალი პეტრე კრასნოვი მოიშორა, მერე კი ბათუმში მყოფ ბრიტანულ ადმინისტრაციასთან დაიწყო ფლირტი.

 

1919 წლის მარტის ბოლოს, გენერალი ლიახოვი ბათუმში ინკოგნიტოდ ჩავიდა და კადეტ მასლოვს ეწვია. ცხადია, ამ უკანასკნელმა იგი დიდი პატივით მიიღო და გენერალ-გუბერნატორ კუკ კოლისსაც წარუდგინა. ბათუმის ბრიტანულ ადმინისტრაციაში გავლენის მოპოვება ვლადიმირ ლიახოვს არ გასჭირვებია - ინგლისელმა გუბერნატორმა იგი "თეთრი მოძრაობის" საგანგებო წარმომადგენლად ოფიციალურად აღიარა და შემდეგ კი ანტონ დენიკინსაც ნოვოროსიისკში რამდენჯერმე იარაღის სოლიდური პარტია გაუგზავნა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ლიახოვს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი დავალებაც ჰქონდა - მას ბათუმში, ყველასაგან საიდუმლოდ, მძლავრი პრორუსული გაერთიანება უნდა შეექმნა, რომ რეფერენდუმის ჩატარებისა და ბრიტანელების გასვლის შემდგომ, დენიკინის დახმარებით, მთელ ოლქში ძალაუფლება ხელში ჩაეგდო. ამ მიზნით, ვლადიმირ ლიახოვი ბათუმის რუსული დიასპორის წარმომადგენლებს თავის ირგვლივ იკრებდა.

იმ დროს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უმთავრესი პრობლემა პროოსმალურად განწყობილი ელემენტების განუსჯელი პარპაში იყო - კადეტ პეტრე მასლოვთან თავს ცნობილი ახალციხელი კრიმინალი და პატრიოტ ქართველთა მოსისხლე მტერი, სერვერ-ბეგ ქვაბლიანელი აფარებდა, რომელიც ე.წ. "სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის ოსმალური რესპუბლიკის დევნილ მთავრობას" ხელმძღვანელობდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბათუმი ოსმალებს დარჩენოდათ. სერვერ-ბეგის ხალხი ბრიტანული ადმინისტრაციის ფარული მხარდაჭერითაც სარგებლობდა; ისინი ბათუმში გამოსცემდნენ გაზეთს "სედაი მილლეთ" (ოსმალურად - "ხალხის ხმა"), რომლის რედაქტორიც ტრაპიზონის ვილაიეთის ყოფილი პროკურორი, ნეჯათი-ბეი მემიშოღლი იყო. რაც შეეხება ქართულ პარტიებსა და დაჯგუფებებს - ბათუმში ყველაზე მეტნი მენშევიკები და სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები) იყვნენ; მეზობლად - ლაზისტანის ყოფილ სანჯაყში არალეგალურად ისევ მოქმედებდა "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი", რომელიც ჯერ კიდევ 1915 წელს შეიქმნა, მაგრამ 1918 წლის მარტში, ლაზისტანში შემოსულ ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში მისი წევრების დიდი ნაწილი და მეთაურები განადგურდნენ. ვინც გადარჩა, ტყეს შეაფარა თავი და ძველ ხელობას - ფირალობას დაუბრუნდა. 1919 წლის დასაწყისში, ხოფელი პატრიოტის, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის თაოსნობით, ეს ხალხი ისევ შეიკრიბა და საქართველოსთან შეერთებისათვის დაიწყო ბრძოლა.

 

ცხადია, ვლადიმირ ლიახოვი ბათუმში გამოჩენისთანავე ჩაერია ქართულ-ოსმალურ დაპირისპირებაში - მან ბათუმის საქალაქო საბჭოში ე.წ. "ეროვნებათაშორისი კომისია" შექმნა და ბრიტანელებს აღუთქვა, რომ ქართველებსა და ოსმალებს შორის ბათუმელი რუსები ჩადგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ "ეროვნებათაშორისი კომისია" ფაქტობრივად, დამსჯელ რაზმად იქცა - ეთნიკური დაპირისპირების აღკვეთის საბაბით, ლიახოვის ხალხი ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში რეიდებს აწყობდა, "ურჩ მუჟიკებს" სჯიდა და "წესრიგს" ამყარებდა. გენერალი სერვერ-ბეგის ბანდიტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო ქართველ მაჰმადიანებს აწიოკებდა და ქრისტიან ქართველობასაც მათ წინააღმდეგ განაწყობდა; ბათუმის ქართულმა პარტიებმა ამგვარი უსამართლობა ერთხანს ითმინეს, მაგრამ როცა სხვა გზა აღარ დარჩათ, შოვინისტი რუსი გენერლის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს; თუმცაღა, აქ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - ვლადიმირ ლიახოვი გენერალ-გუბერნატორ კუკ კოლისის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა,  მენშევიკებსა და ესერებს კი ბრიტანულ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება არ სურდათ, რადგანაც საქართველოს მთავრობას მაშინ მკვეთრად პრობრიტანული კურსი ჰქონდა აღებული და ცდილობდა, ბათუმი მშვიდობიანი გზით შეეერთებინა. კუკ კოლისთან დაპირისპირებას, შესაძლო იყო, რეფერენდუმის გადატანა მოჰყოლოდა, ეს კი საქართველოს მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

 

აქედან გამომდინარე, ბათუმის ქართული პარტიების მესვეურებმა მოილაპარაკეს, რომ ლიახოვის ლიკვიდირება "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტისათვის" შეეთავაზებინათ - ლაზეთში გენერლის სიკვდილი ისედაც ბევრს სურდა, რადგან 1915 წელს, მურღულის ხეობაში მომხდარი გენოციდი კარგად ახსოვდათ. თუკი მკვლელობას ლაზისტანის ყოფილი სანჯაყის მკვიდრნი ჩაიდენდნენ, ბრიტანული გამოძიება საბაბად სწორედ 1915 წლის მოვლენებს ჩათვლიდა, მენშევიკები და ესერები კი საქმიდან "სუფთად" გამოვიდოდნენ. მართლაც, მენშევიკები და ესერები ხოფაში ჰელიმ ჩოხატაროღლის და მის ხალხს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ჩოხატაროღლი დათანხმდა, მაგრამ საყვედურიც გამოთქვა - აქამდე რატომ არაფერი გაგვაგებინეთ, მაგ გიაურის მოსაკლავად რუსეთშიც კი მინდოდა ხალხის გაგზავნაო.

 

საბოლოოდ, "ლაზეთის კომიტეტმა" ტერაქტის მოწყობა ხუთ კაცს - აზლაღელ რასიმ კოსტოღლის, სუნდურელ მემედ-ალი ჭერკეზოღლის, პაპილათელ ენვერ დელიკურტოღლის, ლიმანელ სულეიმან ჩაქიროღლის და ხოფელ ზაბით აბდულოღლის დაავალა. ხუთივენი სახელგანთქმული ფირალები იყვნენ, განსაკუთრებით კი - რასიმ კოსტოღლი, რომელმაც ლიახოვს პირველად 1915 წელს, მურღულის ხეობაშივე მოუწყო ტერაქტი, თუმცა მძიმედ დაჭრილი გენერალი მაშინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა; ხოლო რასიმმა კი ფიცი დადო, რომ ადრე თუ გვიან, დახოცილი მურღულელების გამო, შურს აუცილებლად იძიებდა. 1919 წლის ივნისის ბოლოს, ფირალთა ხუთეული მისი მეთაურობით, ბათუმის ოლქში შეუმჩნევლად გადავიდა და სოფელ მახოში ჩასიძებული ვიწელი ხუროს - ბესიმ გენჯალოღლის სახლში დაიდო ბინა; გენერალს რამდენიმე დღე უთვალთვალეს, კარგად დააზუსტეს ყველაფერი და ტერაქტიც დაგეგმეს.

 


 

1919 წლის 4 ივლისს, ფირალები ვლადიმირ ლიახოვს თავს სწორედ მაშინ დაესხნენ, როცა ეს უკანასკნელი, ორიოდე თანმხლებთან ერთად, ეტლით სახლისაკენ მიიჩქაროდა. დღევანდელ გამსახურდიას ქუჩაზე, "სურბ-პრკიცის" სომხურ ეკლესიასთან ჩასაფრებულმა მემედ-ალი ჭერკეზოღლიმ ეტლს თვითნაკეთი ბომბი ესროლა, რომელიც რატომღაც არ აფეთქდა. ლიახოვი მიხვდა, რომ ეს ტერაქტი იყო, სწრაფად იძრო რევოლვერი და იქით ისროლა, საიდანაც ბომბი გადმოვარდა. ამ დროს, ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან რასიმ კოსტოღლიმ გახსნა ცეცხლი, თუმცაღა გენერლის ერთ-ერთმა მხლებელმა "მაუზერით" მისი მძიმედ დაჭრა მოახერხა - ფირალს ტყვია ყელში მოხვდა. ლიახოვის ბედზე, იქვე ახლოს თურმე, სიქჰი ჯარისკაცების პატრული გადაადგილდებოდა, რომელმაც სროლის ხმის გაგონებისთანავე ქუჩა გადაკეტა და თავდამსხმელებს შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცები მეტნი იყვნენ, ფირალებმა გაქცევა და მიმალვა მაინც შეძლეს; მძიმედ დაჭრილი რასიმ კოსტოღლიც თან წაიყვანეს.

 

ვლადიმირ ლიახოვზე თავდასხმის გამო, ბათუმის ქუჩები იმწამსვე გადაიკეტა და კონტროლიც გამკაცრდა. ფირალებმა ქალაქიდან გასვლა ვეღარ გაბედეს - ეს სახიფათო იყო; მით უმეტეს, რასიმ კოსტოღლიც მძიმედ იყო დაჭრილი და ექიმი ესაჭიროებოდა. მათ თავი აზიზიეს (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე მდგარ პატარა დუქანს შეაფარეს, რომელიც ერთ-ერთ ლაზ ვაჭარს ეკუთვნოდა. წარუმატებლობის მიუხედავად, ფირალებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ - გადაწყვიტეს, რომ გენერლის მოკვლა ისევ ეცადათ, ოღონდ ამჯერად არა ხმაურიანი ტერაქტით, არამედ უჩუმრად. ამასობაში კი, ბრიტანულმა ადმინისტრაციამ ქალაქში ტერორისტთა სავარაუდო პორტრეტები გაავრცელა და მათ დამჭერებს ჯილდოდ სოლიდური თანხა - 100 ათასი ოსმალური ოქროს ლირა (იმხანად ბათუმის ოლქში ძირითადი ფულის ერთეული ლირა იყო) აღუთქვა. ასე რომ, ფირალები ბათუმში აშკარად ვეღარ გამოჩნდებოდნენ, რადგან ლაზური ჩაქურები ეცვათ და ძალზე იოლად ამოიცნობდნენ.

 

ამავდროულად, რასიმ კოსტოღლიმ, რომელიც გენერლის ლიკვიდაციაში, ცხადია, მონაწილეობას უკვე ვეღარ მიიღებდა, მასპინძლის პირით ლაზეთში, სოფელ აზლაღაში თავის 14 წლის ძმას შეუთვალა, სასწრაფოდ ჩამოდიო. საქმე ის იყო, რომ კოსტოღლის რამდენიმე ახლო ნათესავი გენერალ ლიახოვს პირადად ჰყავდა დახვრეტილი; ამდენად, რასიმს სისხლი აუცილებლად უნდა აეღო, მაგრამ შეეშინდა - არ მოვკვდეო და, ძმასაც ამიტომ უხმო. 14 წლის იბრაჰიმ კოსტოღლი ბათუმში ორიოდე დღეში მართლაც ჩავიდა და მძიმედ დაჭრილი ძმა რომ დაინახა, მაშინვე "მაუზერი" მოითხოვა. ფირალებმა ბიჭი დაამშვიდეს და ლიახოვის დასჯა მეორე დღისთვის დაგეგმეს.

 

1919 წლის 10 ივლისს, დილით ადრე, გენერალ ლიახოვის სახლის კარზე იბრაიმ კოსტოღლიმ დააკაკუნა. ბიჭს გიმნაზიელის ფორმა ეცვა და ხელში მოზრდილი კონვერტი ეკავა. ჩვეულებისამებრ, კარი გენერლის მსახურმა, პავლე კარპოვმა გააღო და იბრაჰიმს ჯერ რუსულად, მერე კი დამტვრეული ოსმალურით ჰკითხა, რა გნებავთო. პასუხად, 14 წლის ტერორისტმა მოულოდნელად, კონვერტიდან ხმისჩამხშობიანი რევოლვერი ამოიღო და კარპოვს ერთი გასროლით ბოლო ისე მოუღო, რომ ამ უკანასკნელმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრო. იბრაჰიმმა იქვე, სადარბაზოში ჩასაფრებულ ფირალებს ანიშნა და, ისინიც ლიახოვის ბინაში უცებ, ფეხაკრეფით შევიდნენ. როგორც აღმოჩნდა, გენერალს ეძინა და სწორედ მაშინ გამოეღვიძა, როცა თავდამსხმელები უკვე საწოლ ოთახში იყვნენ. "პავლე სად არის?" - ამის კითხვაღა მოასწრო მან და ზაბით აბდულოღლიმაც უცებ "მაუზერის" სასხლეტს თითი გამოჰკრა. ვლადიმირ ლიახოვს ტყვია შუბლში მოხვდა და მაშინვე სული განუტევა. ამის შემდეგ კი, ფირალებმა სახლი გაჩხრიკეს და ხელს მხოლოდ დენიკინის ნაჩუქარი "მაუზერი" გააყოლეს.

 

ვლადიმირ ლიახოვის გვამი მეზობლებმა ოთხიოდე საათის შემდეგღა აღმოაჩინეს და ამის თაობაზე ბრიტანულ ადმინისტრაციას აცნობეს. მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ დამნაშავეებს ვერ მიაგნეს - ლაზი ფირალები უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასულები.

 

P.S. გენერალ ლიახოვის მკვლელობის საქმე აღძვრიდან სულ ორიოდე თვეში - 1919 წლის სექტემბერში დაიხურა. მეგობრის მკვლელების მოძებნას თავად ანტონ დენიკინიც ცდილობდა; მან მათი ვინაობა მართლაც დაადგინა, მაგრამ ბოლშევიკთა გადამკიდეს, საზღვარგარეთ გაქცევამ მოუწია ისე, რომ სხვა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იბრაჰიმ კოსტოღლიმ ლიახოვის მკვლელობის ამბავი პირველად 1937 წელს, ცნობილ ფრანგ ენათმეცნიერს, ჟორჟ დიუმეზილს მოუყვა, ამ უკანასკნელმა კი ის 60-იან წლებში ლინგვისტური დოკუმენტის სახით გამოაქვეყნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი