logo_geo
„მშვიდად მძინარე მეგობარს ტყვია ლევანმა დაახალა“ - უნიკალური ფოტოს შავ-ბნელი ისტორია
- +

22 მაისი. 2018. 01:57

 

 

მართლაც საოცარი წინაპრები გვყავდა, ისტორიის დამამშვენებელი და შთამომავალთა საამაყო. მათ შორის ბევრმა ერთხელ ნაბოძები სიცოცხლე სამშობლოსთვის ერთ ცხელ ტყვიაზე თვალის დაუხამხამებლად გაცვალა. ერთი მათგანია პოეტი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, 25 წლისა დაიღუპა...

 

ამ ბრწყინვალე პოეტის სახელის ხსენებას და ლექსების დაბეჭდვას ვერავინ ბედავდა, სამაგიეროდ, ხალხში ვრცელდებოდა - თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა (ვინ არ იცის „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,/ თორო იქნება ვკვდებოდე/ და შენ კი ჩემად სახსოვრად/ სააქაოსა რჩებოდე, /გიმღერდენ ჩემებ სწორები,/ ფანდურის ხმასა ჰყვებოდე,/ ქვეყანა მხიარულობდეს/ და მე საფლავში ვლპებოდე"...).

 

ამ ფოტოზე ხელაშვილის მკვლელები არიან აღბეჭდილი. საუკუნის წინანდელი შემზარავი ფოტოქრონიკა ინჟინერმა არჩილ ღიბრაძემ გადმოგვცა. გვითხრა, - ეს ეპოქალური ფოტოა, სხვაგან ვერსად ნახავთ ასე გვერდიგვერდ მდგარ სიმართლეს და სიცრუესო. მას ეს ფოტო ახალგაზრდა პუბლიცისტმა, ალექსანდრე შანიძემ გადასცა, მან, ვინც მიხა ხელაშვილის ხელნაწერების პირველი სრული კრებული გამოსცა.

 

ფოტო გამაოგნებელი ტრაგიზმით გვიამბობს, ვის როგორ და ვისი ხელით სრესდა ეპოქა. ეს უკანასკნელნი თავს იწონებენ ფოტოკამერის წინ. მათ უკან „ეპოქალური" საპყრობილეა („ეპოქალური" შემთხვევით არ მიხსენებია - გასული საუკუნის დასაწყისში ამგვარი სახელდახელო საპყრობილე ნებისმიერ იმ სახლში იხსნებოდა, რომლის ფანჯარას გისოსების გაკეთება უხერხდებოდა). დავყურებ საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოს და თავს შეძრწუნებული ვეკითხები, - როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად ის, რომ გისოსებს მიღმა გამოკეტილ პატიმრებს ხელში ოჯახის წერილი დააკავებინო, თავად კი გახარებული ფოტოკამერის წინ გამოიჯგიმო - აი, ხომ გიტირე დედაო!

 

მიხას მკვლელები ამ ფოტოზე წინა, საპატიო რიგში სხედან და ფოტოგრაფის კამერას ერთობ ამაყად შესცქერიან (როგორც ცნობილია, მსგავს შემთხვევებში ფოტოგრაფი საგანგებოდ მიჰყავდათ „გმირული მატიანის" აღსაბეჭდად. მათგან ლევან გარსევანაშვილი (შუაში) და ლუკა მარცვალაშვილი (მარჯვნივ) მიხას სიკვდილის შემდეგ ფშავმა სამუდამოდ შერისხა. მიხას მკვლელობის ღამეს სწორედ ეს ორი იყო მიხას გვერდით. იმ დღეს, 25 იანვარს, მიხა 25 წლის გახდა. ყმაწვილკაცს გულმა არ მოუთმინა და მთებიდან ჩარგალში ბავშვობის მეგობარ ლუკა მარცვალაშვილთან გადმოვიდა - სხვა დროსაც მასთან იმალებოდა, იცოდა, დაბადების დღის მოსალოცად კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი, ლევან გარსევანაშვილიც მოვიდოდა. მიხა ტყის კაცს ჰგავდა და წვერი უნდა გაეპარსა. როგორც ყოველთვის, ლუკამ გაპარსა. როცა სამართებელს უსვამდა, მიხამ გაუღიმა, - ლუკა, ჩემს მკვლელს დიდ ჯილდოს ჰპირდებიან და რაღა სხვამ ისარგებლოს, ბარემ შენ დაგრჩეს, გამომისვი ეგ სამართებელი ყელშიო. ლუკამ, - რას ამბობ, ძმასავით მიყვარხარო! თუმცა როცა იმ ღამით ლევან გარსევანაშვილთან ერთად საბძელში მძინარე მთვრალ მეგობარს დაადგა თავს, თოფი მაინც დაუმიზნა. ეგ კია, ვერ ესროლა - ხელები აუკანკალდა. სამაგიეროდ, მეგობარს დანდობილ მშვიდად მძინარე მიხას ტყვია ლევანმა დაახალა (შემდგომში ამაზე თავად ჰყვებოდნენ შექეიფიანებულები); მიხას თვალი არ გაუხელია, ისე წავიდა იმ ქვეყნად. მის სხეულზე ჩამომდინარე სისხლმა კი ბავშვობის მეგობრები შეაშინა - სოფელი ცუდი თვალით დაგვიწყებს ყურებას, მოდი, მიხას გვამი წავიღოთ და დუშეთის მილიციის ეზოში დავაგდოთ, ხალხს მილიციის მოკლული ეგონებაო.­

 

 

მიხას სიკვდილით გულდამშვიდებულმა მილიციამ მიხას ცხედრით ხალხის დაშინება გადაწყვიტა - ასე მოუვა ყველა ბოლშევიკების მოღალატესო და ჭირისუფალს არ გაატანა. ბოლოს, ბავშვობის მეგობარმა უპატრონა, მილიციელმა, ხევსურმა ტუჩა ქეთელაურმა. მან მიხას დას, სალომეს, ნახევრად გახრწნილი ცხედარი მილიციის ეზოდან შუაღამით გამოატანინა, სოფელში აატანინა და იქ, დედის საფლავის თავში დააკრძალვინა. მიხას მეორე და, პელაგია, ყველა მიმსვლელ-მომსვლელს უყვებოდა, როგორი საშინელი წამებით გარდაიცვალა მიხას სიკვდილიდან ერთ წელიწადში ლევან გარსევანაშვილი - გამოუცნობი დაავადებით ზეზეულად დალპა. არც ლუკა მარცვალაშვილი უყვარდა არავის, მიხას სიკვდილიდან 24 წლის მერე ჩაცხრილეს და უპატრონოდ დააგდეს...

 

პირველ რიგში მარცხნივ მჯდომარე ვახტანგ რაზიკაშვილი (როგორც თვითონ წერდა, - ვაჟა-ფშაველას ვაჟი მეორე ცოლისგან) მიხას მკვლელობის ღამეს იქ არ ყოფილა... ის მიხას ერთადერთი ქალიშვილის, თამარის ნათლია იყო, მერე კი მიხას ქვრივი, დედუნა, შეირთო ცოლად...

 

ასე დაიმსხვრა სიკვდილის წინაშე მიხას ღვთებრივი პოეზიის ქნარიც (ზუსტად - ქნარი!). ერთი კია: როგორც თავად წერდა, „ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია რაო“, ასე მისთვის არ ყოფილა - მან სახელი წაიღო.

 

 

ეთერ ერაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი