logo_geo
ვინ არის „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი პერსონაჟი „ვატიკანა“ და რატომ თქვა მან უარი მსახიობობაზე
- +

24 მაისი. 2018. 02:25

 

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლის ყურადღება ახლა განსაკუთრებით ერთი გმირისკენ, ვაკელი „ვატიკანასკენ“ არის მიპყრობილი, რომლის დაფარული მხარეები თანდათან იკვეთება. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მაფიოზური ტიპაჟის უკან, მგრძნობიარე პოეტი დგას. ამ გმირის პოპულარობა მისი როლის შემსრულებელმა ლევან ლაშხმაც განაპირობა. ბევრს გაუკვირდება, რომ ის პროფესიით ეკონომისტია და არა – მსახიობი.

 

ლევანი 27 წლის გახლავთ. ეს მისთვის მეორე როლია. დამწყები მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

 

ლევან, ახალი სახე ხართ კინოში. როგორ აღმოჩნდით „ჩემი ცოლის დაქალებში“?

 

– სოციალური ქსელიდან მიპოვეს, დამირეკეს, გავედი კასტინგზე და როლზე დამამტკიცეს. ეკონომისტი ვარ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ეს ნაბიჯი გარკვეული მიზეზების გამო ვერ გადავდგი – მეტყველების პრობლემა მქონდა. ბავშვობაში მეზობელმა შემაშინა და მეტყველების პრობლემა შემექმნა. უმაღლესში ჩაბარების პერიოდში მეტყველება არ მქონდა გამოსწორებული. ვნანობ, რომ არ ჩავაბარე, რადგან ამის გამოსწორება შეიძლებოდა.

 

ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია როგორც ჩემი პროფესიით, სხვა განხრითაც. 16 წლიდან ვმუშაობ, ჯერ თურქეთში დავდიოდი სეზონურად, სადაც დაივინგის ინსტრუქტორი ვიყავი. შემდეგ ტურისტულ სფეროში გადავერთე, სასტუმროების ქსელებში ვსაქმიანობდი. ახლა მენეჯერი ვარ.

 

– „ვატიკანაში“ ნახულობ საერთოს, გგავთ რაიმე თვისებით?

 

– ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი მსგავსებაა, მაგრამ რაღაც-რაღაცებით მგავს, როგორც „ვატიკანას“, ისევე მეც, ჩვენ-ჩვენი გაგვაჩნია, რაც სხვამ არ იცის და რასაც საკუთარ გარემოში ვაკეთებთ. ერთი ესაა დიდი მსგავსება, რომ მეც და ჩემი პერსონაჟიც, ასე თუ ისე, ორმაგ თამაშს ვთამაშობთ. დანარჩენი ისეთი მნიშვნელოვანი მსგავსება არაფერია.

 

– თქვენთვის ეს მეორე სერიალია. მანამდე ეროტიკულ სერიალ „ელიტარულ დახმარებაში“ ითამაშეთ. ახლა კი იმ გმირისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს ასახიერებთ. როგორ მოერგეთ ამ ორ განსხვავებულ როლს?

 

– იმ გმირის თამაში, ასე თუ ისე, რთული არ ყოფილა. ჩემი ცხოვრების იმ ნაწილთან იყო ახლოს, რომელიც წეღან ვახსენე. იმ სერიალში თამაში დიდად არ გამჭირვებია. „ჩემი ცოლის დაქალებში“ უფრო მომიწია დაფიქრება, შეგუება, დალაგება, გარდაქმნა და თავიდან ცოტა რთული იყო, ორმაგი თამაშის გადმოტანა ადვილი არ გახლდათ. შევეცადე და პატარა შედეგი დავდე.

 

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ ვარ, გათავისებული მაქვს, რომ თუ მსახიობობა გინდა, არ უნდა გქონდეს იმის კომპლექსი, თუ შანსი მოგეცემა, კამერის წინ ვინმეს აკოცო ან გაიხადო. ამიტომაც არ გამჭირვებია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი