logo_geo
„ისე დამთავრდა ფილმი, საწყენი ვერაფერი იპოვეს“ - გიორგი დანელიას მოგონებები „მიმინოს“ გადაღებებიდან...
- +

24 მაისი. 2018. 03:14

 

 

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორ გიორგი დანელიას „მიმინოს“ პრემიერიდან 40 წელია გასული, ის დღემდე ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მაყურებლის საყვარელ ფილმად რჩება. კვლავ ხშირად იხსენებენ ფილმში გაჟღერებულ ფრაზებს, მღერიან „ჩიტო-გვრიტოს“ და ა.შ.

 

თუ რატომ დასახლდა ვალიკო მიზანდარის გმირი სასტუმრო „რასიაში“ სომეხ მეზობელთან ერთად, რატომ იყო ხაჩიკიანი მაინცდამაინც დილიჟანიდან, როგორ შეაფასეს სომხეთში გამართულ პრემიერაზე ფილმის თანამემამულე პერსონაჟი - ამის შესახებ „მიმინოს“ რეჟისორი გიორგი დანელია თავის მემუარულ ჩანაწერებში „ჩიტო-გრიტო“ წერს.

 

„ფრუზნიკ მკრტიჩიანის გმირი, ფილმიდან „მიმინო“, როგორც ბევრი აღნიშნავს, ამ მსახიობის მიერ განსახიერებული საუკეთესო როლია კინოში. არადა თავის დროზე ჩვენს მიერ აგდებული მონეტა მეორე მხრიდან რომ დაცემულიყო, შესაძლოა, მას არც ეთამაშა „მიმინოში“ და ფილმიც სრულიად განსხვავებული გამოსულიყო. როცა სცენარის დიდი ნაწილი დაიწერა და ბუბა კიკაბიძის გმირი - ვალიკო მიზანდარი მოსკოვში ჩაფრინდა, გაჩნდა კითხვა - სასტუმროს ნომერში მარტო დავაბინაოთ, თუ ვიღაცასთან ერთად. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ვინმესთან ერთად უფრო სახალისო იქნებოდა. „მაგრამ, ვისთან ერთად - ლეონოვთან, თუ მკრტიჩიანთან?“ - ორივე ვარიანტი საინტერესო გვეჩვენა. ამიტომ მონეტის ერთ მხარეს ერთის გვარი დავწერეთ, მეორე მხარეს - მეორე. ავაგდეთ და მკრტიჩიანმა გაიმარჯვა...

 

გადაღების მომენტში ძალიან ციოდა, ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემოდა. იყინებოდნენ ბუბა და ფრუნზიკა. შესვენებისას ორივე ჩემთან მიმყავდა ხოლმე. ვსაუზმობდით, თან განვიხილავდით გადასაღებ სცენებს. ამ მომენტში ფრუნზიკა თავის პერსონაჟს სხვადასხვა რეპლიკებს უგონებდა.

 

რადგან ფრუნზიკ მკრტიჩიანი ჩვენს ფილმში სომხებს ასახიერებდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სომხებს მოსწონებოდათ იგი, ყოველ შემთხვევაში, არ გაღიზიანებულიყვნენ მაინც, ამიტომ პირველ ჩვენებაზე რეჟისორი ედიკ კეოსიანი დავპატიჟე. ფილმი მოეწონა: „ადამიანური კინოა, რაც ახლა იშვიათობააო“ - თქვა მან. „სომეხი თუ მოგეწონა?" - ვეკითხები. „მშვენიერი ბიჭია" - მითხრა ედიკმა.

 

ფილმი პირველად რომ ჩავიდა სომხეთში, კინოს სახლში ადგილობრივი მმართველები შეიკრიბნენ - „ქართველმა სომეხი გადაიღოო".

 

დაიწყო ჩვენება... გამოჩნდა მკრტიჩიანი სასაცილო და სიმპატიური. შემდეგ იგი ცეკვავს - ცუდად არა. მომდევნო ეპიზოდში იგი ქართველს საბურავს აძლევს - ნორმალური ბიჭია, ვერაფერზე აუშარდები... ცოტა ხანში იწყება სცენა, რომელშიც ქართველს უნდა დილიჟანში დარეკვა, მაგრამ ტელეფონისტი ეუბნება - „შეუძლებელიაო“. „თელავშიც ვერ დავრეკავ?" - ისევ კითხულობს ქართველი. რა თქმა უნდა - პასუხობს ტელეფონისტი და აერთებს, ილაპარაკეთო. „ეგრეც ვიცოდით" - აღნიშნეს დარბაზში - „დილიჟანში დარეკვა შეუძლებელია და თელავში - რა თქმა უნდა?! საერთოდ, ვინ იცის მაგათი თელავი, დილიჟანი კი მსოფლიოში ცნობილი კურორტიაო!" - თუმცა, სომხების აღშფოთება დიდხანს არ გაგრძელებულა, აღმოჩნდა, რომ ტელეფონისტს თელავი თელ-ავივში არევია...

 

ისე დამთავრდა ფილმი, საწყენი ვერაფერი იპოვეს. ფილმის ბოლოს გადმომცეს: „დილიჟანელებმა დანელიას უთხარი, ეწვიოს დილიჟანს და თავად დარწმუნდეს, რომ დილიჟანის წყალი მსოფლიოში მეორე კი არა, პირველ ადგილს იკავებსო".

 

მინდა გითხრათ, რომ თავიდან სცენარის მიხედვით მეორე ადგილს დილიჟანის კი არა - ლენინაკანის წყალი იკავებდა, მაგრამ გია ყანჩელმა, რომელიც ყოველ წელს დილიჟანის ხელოვნების სახლში ისვენებდა, მთხოვა - სცენარში ლენინაკანი დილიჟანით შემეცვალა. „ეს შეუძლებელია" - ვუთხარი მე, იმიტომ, რომ დილიჟანი კურორტია და ხაჩიკიანი კომპოზიტორი კი არა, მძღოლია-მეთქი. კი, მაგრამ დილიჟანშიც ხომ ცხოვრობენ მძღოლები? - არ მეშვებოდა ყანჩელი, რომელსაც შევამჩნიე, რომ შესანიშნავი ლაბადა ეცვა. დემონსტრაციულად ავათვალიერ-ჩავათვალიერე და აღვნიშნე: „ლამაზი ლაბადაა, ზუსტად ასეთს ვეძებდი-მეთქი. აიღე! გამომძალველო!" - ლაბადა გაიძრო ყანჩელმა და მომაწოდა... აი, ასე დასახლდა ფრუნზიკ მკრტიჩიანის პერსონაჟი - რუბიკ ხაჩიკიანი დილიჟანში".

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი