logo_geo
დავით მაღრაძე: სისასტიკის უკან ყოველთვის უსუსურობა და უძლურება დგას
- +

26 მაისი. 2018. 21:27

 

პოეტი დავით მაღრაძე „24 საათთან“ ინტერვიუში 12-13 მაისის აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიღაცები გაღიზიანდნენ, რომ ეს აქცია მშვიდობიანად დამთავრდა.

 

„ვფიქრობ, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას იყო უხერხული გადაცდომებიც და არასწორი მიდგომებიც, ძალის დემონსტრირების ფონზე ადამიანის შეურაცხყოფაც, მაგრამ იმდენად ბევრი პოზიტივი გამოჩნდა ამ დღეებში, რომ ჩემთვის დადებითმა გადაწონა. ვგულისხმობ იმას, რომ ახალგაზრდებმა ღამის კლუბები გადმოიტანეს ქალაქის ცენტრალურ გამზირზე და ამისთვის ხელი არ შეუშლია ხელისუფლებას. ალბათ ვიღაც ამანაც გააღიზიანა, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და ჰგონია, რომ მხოლოდ მან უნდა დაუწესოს ადამიანებს ქცევის, აზროვნების და სულიერების ნორმები. თუმცა, ეს ცალკე თემაა“, - აცხადებს მაღრაძე.

 

მაღრაძე ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიტინგზე მისვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქციისა და კონტრაქციის ფონზე, ყველაზე საღად შს მინისტრი გამოიყურებოდა.

 

„შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა დემონსტრანტებთან და ბოდიში მოიხადა გადაცდომებისთვის. მგონია, რომ ესეც ძალიან კარგია, მას ეყო ამის ძალა და გონიერება. ჩემი აზრით, სისასტიკის უკან ყოველთვის უსუსურობა და უძლურება დგას. დემოკრატიის და თავისუფლების უკან კი - ძლიერება. აქციისა და კონტრაქციის ფონზე, ყველაზე საღად შს მინისტრი გამოიყურებოდა, თანამედროვე ეპოქის გამოწვევის ფონზე, ბატონი გახარია იყო ყველაზე ადეკვატური.

 

ვიღაცები გაღიზიანდნენ, რომ ეს აქცია მშვიდობიანად დამთავრდა და ეს ვერ აპატიეს კლაბერებს. ამ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ თავისი ინტერესები. მათ გააპროტესტეს უფლებების შელახვა, მიაღწიეს საწადელს და დაიშალნენ. მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ მგზნებარე მხარდამჭერებს, რომელთაც მხოლოდ ის ესიზმრებათ, რომ ეს ხელისუფლება საკუთარი პარტიით ჩაანაცვლონ, არ მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი იყო. მათი აზრით, სხვას არ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ინტერესი და მხოლოდ მათი, პარტიების ინტერესით უნდა მოქმედებდნენ, მათ პოლიტიკურ ინტერესს უნდა დაექვემდებარონ სხვებიც. ამიტომ გაღიზიანდნენ, რატომ დამთავრდა ასე მშვიდობიანად აქცია, რომელიც ძალზე სპონტანურად დაიწყო შუა ქალაქში და რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი იყო“, - აცხადებს მაღრაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი