logo_geo
„მისი ხელი მეკავა ხელში, ეს ყველაზე რთული „ნუში“ იყო ჩემს ცხოვრებაში“ - გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნა
- +

30 მაისი. 2018. 20:52

 

 „თბილისი არის ურთიერთობა“ ამ სახელწოდების ქვეშ 29 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის გულშემატკივარი, მსმენელი და მეგობრები შეიკრიბნენ.  გუშინ გიოს ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დიდ ამბავს წინ მომღერლის კონცერტი უძღვოდა. გიომ მეგობრებთან ერთად ლამაზი კონცერტი შესთავაზა თავის გულშემატკივარს. ემოციური საღამო გამოვიდა. მაყურებელი მქუხარე აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა საყვარელ მომღერალს.

 

 „...ყველას აქვს ცხოვრებაში განსაცდელი, კი, პრობლემატურია, მაგრამ ვიცი, ამასაც მოვერევი. მთელი ცხოვრება ომში ვარ, არა ჯანმრთელობის მხრივ, ზოგადად – ცხოვრებით, მარტო დარჩენით, დედ-მამა ადრე წავიდნენ ამ ცხოვრებიდან… ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ გადავლახავ, ამ ქუდსაც მოვიხსნი და ჯოხსაც გადავაგდებ. ყველას ჰგონია იმიჯის ამბავი, მაგრამ მართლა დამჭირდა… ესეც დროებითია, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. სიმღერა, კონცერტები, ადამიანებთან ურთიერთობა სტიმულს მაძლევს და დიდ ენერგიას. ამ ენერგიით ყველაფრის დამარცხება შეიძლება. ნაცნობებისა და უცნობებისგან ძალიან დიდი სიყვარული დავინახე. ამდენი ხალხი რომ შეწუხდა, მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება, ცუდად ვიყო“, -  წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში ყველასათვის საყვარელი მომღერალი, მას მერე რაც მისი ავადმყოფობის ამბავი გავრცელდა.

 

ცრემლის, სიხარულის და აპლოდისმენტების გარეშე არ ჩაუვლია საღამოს. ეს ის დღე იყო, რომელმაც ყველა სიყვარულით გააერთიანა. ამიტომაც ვერ მალავდნენ ემოციებს საღამოს სტუმრები.

 

დავით ოქიტაშვილი: ეს იყო საუკუნის საღამო. გიომ მადლობა გადაუხადა ყველას მათ ვინც დღემდე, ვარსკვლავამდე მოიყვანა. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავმეორდები. ვარსკვლავს არ ხსნის დათო ოქიტაშვილი. ვარსკვლავს ხსნიან თქვენნაირი ადამიანები, ის ხალხი, ვინც ადამიანს პოპულარობას სძენს. ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია. თბილისი მართლა არის ურთიერთობა. გუშინ მე დარბაზში დავინახე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა და საერთოდ სხვადასხვა პოლუსზე მდგარი ადამიანები. გუშინ გიომ ყველა ეს ადამიანი გააერთიანა. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ ერთმანეთს, ამ ცხოვრებიდან ვერაფერს ვერ წავიღებთ. გუშინ ერთად იყო სიხარულისა და მწუხარების ცრემლები. ყველას მადლობა იმისთვის რაც გააკეთეს სცენაზე. ეს იყო ისტორიული საღამო.

 

თაკო დოლაბერიძე: გიოს დღე იყო. მთელი კონცერტი ვეცადე რომ არ მეტირა, მაგრამ ეს იმდენად ემოციური იყო, ბოლოს მაინც ვერ შევიკავე თავი. თვითონ იყო ბედნიერი და ეს მახარებდა. ჩვენი თაობა ასე თუ ისე  მის სიმღერებზე გაზრდილები ვართ. გიომ სიამოვნება მიიღო ამ სიყვარულით. მარტო ამ დღისთვის ღირდა ცხოვრება. როცა გიოზე ვლაპარაკობ, სულ მისი იუმორი მახსენდება. თავის ავადმყოფობასაც კი იუმორით უდგება. რაც გაიგო რომ ავად იყო, მის მერე მაშაყირებდა, წამოდი, რამეს გადმოგიფორმებო. მაშინ რენჯროვერი გამოიყვანა ბანკით და მეხუმრებოდა, გადმოგიფორმებ და შენ იხადე, დატოვებული გამოგივაო. ახლაც სულ ხუმრობს. დიდი რწმენით არის, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ იყო. რამე რომ წამოსტკივდებოდა, მაშინვე ექიმთან გარბოდა. კაცია, ვაჟკაცია და მინდა ვუთხრა აქედან, რომ მართლაც ყველაფერი კარგად იქნება.

 

ნატო გელაშვილი: ყველაზე ლამაზი წლები, ბისზე ნამღერი ჩვენი სიმღერები და 20 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს გიოსთან, მისი საოცარი იუმორის გრძნობა, რომელიც ძალიან მიყვარს. გუშინდელი საღამო ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. ბედნიერი ვარ რომ გიომ თავისი ვარსკვლავი დატოვა, ხალხში სიყვარული დატოვა. გიო ჩემი ამოჩემება კი არ იყო, ჩარჩოში ნამღერი სიმღერები არ მიყვარს მე. გიოს არ აქვს ჩარჩოები და ესეც ერთ-ერთია, რაც ძალიან მიყვარს მასში.

 

- მან გადაწყვიტა, რომელი დუეტი უნდა გემღერათ გუშინ?

 

- კი. იმდენი ადამიანი დაქორწინდა ამ სიმღერაზე და იმდენი სიყვარული დაიბადა, სხვა არც მიფიქრიაო, მითხრა. მართლა ყველანაირი გარდატეხა მოახდინა ამ სიმღერამ.

 

- ყველაზე სევდიანი „ნუში“ იყო ალბათ გუშინ...

 

- ეს იყო ყველაზე რთულად სამღერი „ნუში“ ჩემს ცხოვრებაში. არასდროს დამავიწყდება ეს საღამო. იმის გარდა რომ უნდა მემღერა, კიდევ ძალიან ბევრი განცდა მქონდა შიგნით. მისი ხელი მეჭირა ხელში, ვხედავდი მარტო გიოს და ყველა მის მოძრაობას ვაკვირდებოდი, ვნერვიულობდი, ძალიან ვნერვიულობდი. ამიტომ ყველაზე რთულად შესასრულებელი იყო ეს დუეტი ჩემთვის.

 

„მიყვარხართ ძალიან და დიდი მადლობა რომ მამხნევებთ“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა გუშინ გიო ხუციშვილი ფილარმონიაში შეკრებილ მის გულშემატკივარს მომავალ შეხვედრამდე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი