logo_geo
ვინ არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის „ოქროს მოწმე“
- +

4 ივნისი. 2018. 14:48

 

 

ვინ არის ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმის „ოქროს მოწმე“. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილი გ.მ.-ა, რომელიც ერთ-ერთია ფარდულში მყოფთაგან და მის ტანსაცმელზეც აღმოჩნდა დავით სარალიძის სისხლის კვალი.

 

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, საქმის „ოქროს მოწმე“ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, მოზარდების მკვლელობამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე იყო გადასული. თუმცა მოზარდების მკვლელობის შემდეგ, ის ამ სკოლიდანაც გადაიყვანეს.  ასევე ირკვევა, რომ ფარდულში ჩხუბის დროს, ეს მოზარდიც (დეკანოზის შვილი) დაიჭრა, თუმცა გამოძიებამ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვა.

 

როგორც ამ მოზარდის დამ „იმედის კვირას“ უთხრა, ის თბილისშია და შსს-ში გამოკითხვაზე გუშინაც იყო მისული.

 

დეკანოზმა ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა 3 ივნისის ქადაგებისას მოზარდების მკვლელობის საქმეზე ილაპარაკა და თქვა, რომ მის შვილს ხელში ცივი იარაღი არ სჭერია.

 

„მეგობრის დარეკილზე წავიდა დასახმარებლად, როცა ჩაგრავდნენ პატარა ბავშვს უფროსკლასელები. დაურეკა დეიდაშვილს, რომ მე იარაღი მესროლეს პნევმატურიო და უნიტაზში თავი ჩამაყოფინესო. როგორ  მოიმოქმედებდა თითოეული მათგანი, ვინც იქ გამოსულია და ყვირის არც იცის რას? პატრულს დაურეკავდა? რომელიმე პატრულს დაურეკავდა? არ აძლევდნენ ჩვენებას, რადგან ქურდული აზროვნებით აზროვნებენ ისინი. მაგრამ მე ისეთ შვილს ვერ ავიტან, ლაჩარს, რომელიც მეგობრის დახმარებაზე უარს იტყვის. საცოდავია ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა და არ აღიარებს. უბედურზე უბედურია", - განაცხადა დეკანოზმა შიომ ქადაგებისას.

 

„მისგანაც ვიცი და მისი მეგობრებისგანაც, ვინც იქ იყო, რომ ჩემ შვილს დანა არ ჰქონია“, - თქვა დეკანოზმა ქადაგებაში.

 

დეკანოზმა მრევლს მოსაზრება ზაზა სარალიძის შესახებაც გაუზიარა. მისი თქმით, ის არასწორი გზით მიდის:

 

„დღეს ვხედავ, რომ ეს არ არის მამის გლოვა. იქ აფთრები შეიკრიბნენ, როცა ბატონი ზაზა სარალიძე მობრძანდა, ვუთხარი, რომ შურისძიება ღმერთის არაა“, - თქვა დეკანოზმა ქადაგებისას.

 

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

 

31 მაისსვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

 

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

 

საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი