logo_geo
ჯაბა ხუბუა: იმას, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, შეგვიძლია, „მოკლე დანების ღამე“ ვუწოდოთ
- +

5 ივნისი. 2018. 14:39

 

 

„1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გერმანიაში ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული სისხლიანი რეპრესია, რომელსაც ოთხმოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ისტორიაში „გრძელი დანების ღამის“ სახელით არის შესული, ხოლო იმას, რაც 2018 წლის 31 მაისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხდებოდა, შეგვიძლია, „მოკლე დანების ღამე“ ვუწოდოთ“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

 

„საქმე ის არის, რომ 6 თვის წინათ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, რომელსაც 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა, მოკლე დანები ფიგურირებს.

 

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, რომელსაც მოკლული დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე კატეგორიულად არ ეთანხმება, ორ მოზარდს რამდენიმე ათეული ჭრილობა ორი მოკლე, გასაშლელი დანით მიაყენეს, ხოლო სხვა დანები ან რაიმე ტიპის საგანი, როგორც სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის იარაღი, სისხლის სამართლის საქმეში არ დევს.

 

ზაზა სარალიძე, რომლის შვილსაც თანატოლებმა დანებით 14 ჭრილობა მიაყენეს, აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ორზე მეტი დანა იქნა გამოყენებული და, შესაბამისად, დათო სარალიძის მკვლელობაშიც ორზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

 

შვილმკვდარი მამის ამ განცხადების დასტურია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეკა არეშიძის გადაწყვეტილებაც, რომელმაც ხორავას ქუჩაზე დატრიალებული საზარელი დანაშაულისთვის დაპატიმრებული ორად ორი ბრალდებულიდან დათო სარალიძის მკვლელად არცერთი არ ცნო.

 

უფრო კონკრეტულად: ორი არასრულწლოვანი ბრალდებულიდან ერთ-ერთი დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, დათო სარალიძის მკვლელობაში კი გამართლდა, ხოლო მეორე მოზარდს, რომელიც დათო სარალიძის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული, მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლა.

 

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ თქვა, რომ დათო სარალიძის მკვლელები თავისუფლებაზე იმყოფებიან, ანუ გამწარებული მამის ზაზა სარალიძის ვერსია, რომლის თანახმადაც, მის შვილს ჭრილობები ორზე მეტი დანით მიაყენეს და მკვლელობაშიც ორზე მეტი პირი მონაწილეობდა, ოფიციალურად დადასტურდა.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, 2018 წლის 31 მაისს პარლამენტის შენობასთან მივიღეთ „მოკლე დანების ღამე“, ანუ საპროტესტო მიტინგი, რომელსაც საფუძვლად დაედო გამოძიების მიერ მტკიცებულებების გაყალბება, კერძოდ, მკვლელობის იარაღად გამოყენებული დანების გაქრობა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი დანაშაულის მონაწილეთათვის ხელის დაფარება“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი