logo_geo
ჯაბა ხუბუა: სარალიძის მამა გირგვლიანის დედა ვერასოდეს გახდება...
- +

5 ივნისი. 2018. 20:57

 

 

„ზოგიერთი დათო სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს სანდრო გირგვლიანის დედას ირინა ენუქიძეს ადარებს. არის მსგავსება გირგვლიანისა და სარალიძის საქმეებს შორის? ჰგავს სარალიძის მამა გირგვლიანის დედას? რაღაცით - კი და უფრო ბევრი რაღაცით - არა!“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს:

 

„მოდით, ფაქტობრივ მოცემულობებს შევხედოთ:

 

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთებიც და შემსრულებლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ.

 

 51-ე სკოლის მოსწავლე დათო სარალიძე თავისივე თანატოლებმა მოკლეს და ამ საზარელ მკვლელობაში სახელმწიფო სტრუქტურის არც ერთი წარმომადგენელი არ არის გარეული.

 

მიუხედავად იმისა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული იყო, მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი - გენერალური პროკურორი თანამდებობიდან არ გადამდგარა.

 

როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცხადი გახდა, რომ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე ობიექტურად ვერ თუ არ გამოიძია, მთავარი პროკურორი მაშინვე გადადგა.

 

ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში ცოცხალი თავით არ შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია.

 

დღევანდელმა ხელისუფლებამ დათო სარალიძის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისია უყოყმანოდ შექმნა.

 

სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ, რომელიც სამართლიანობისთვის ძუ მგელივით იბრძოდა, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან - პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ იგი ახლოსაც არ გაიკარა.

 

დათო სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები - პრემიერი, მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი იქით ეხვეწებიან შეხვედრას.

 

სააკაშვილის მიერ შექმნილმა უსამართლო სისტემამ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, სამართალი ფეხებზე დაიკიდა, „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ პრინციპით იმოქმედა, გირგვლიანების მთელი ოჯახის გადათელვა მოინდომა და ამ ყველაფრის „ნაყოფი“ იყო ირინა ენუქიძე  - როგორც უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო, რომელმაც მთელი ქვეყანა გამოაღვიძა.

 

სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ, რომელიც მართლმსაჯულების ორგანოებში დღემდე არის შენარჩუნებული, ახლაც იმავეს გაკეთება მოინდომა - გამწარებული მამა იძულებული გახადა, უსამართლობისგან აბღავლებული ქუჩაში გამოვარდნილიყო.

 

მოკლედ, გირგვლიანის დედა, როგორც მოვლენა, უსამართლო სისტემამ შექმნა და სარალიძის მამაც, როგორც მოვლენა, უსამართლო სისტემის შექმნილია.

 

თუმცა, ირინა ენუქიძე, როგორც თანამედროვეობაში განსხეულებული „ოთარაანთ ქვრივი“, სულ სხვა სიმაღლე და ნიშანსვეტია, რომელსაც ზაზა სარალიძე ასე მარტივად ვერ შესწვდება!

 

საქმე ის არის, რომ ზაზა სარალიძე საკუთარი შვილის მკვლელების დასჯასა და სამართლიანობის მიღწევას იმ პირების დახმარებით ცდილობს, რომელთა ხელისუფლების კისერზეც არაერთი უდანაშაულო ადამიანების სისხლია!

 

ზაზა სარალიძე, რომლის გვერდით და გარშემოც სვავებივით ტრიალებდნენ სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, გურამ შარაძის, მარად ართმელაძის, რომან სურმანიძის, მურად გორგაძის, დათო ცინდელიანის, პაატა ქარდავას, სერგო თეთრაძის, სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის მკვლელები, ახალი ირინა ენუქიძე ვერ გახდება და ვერც სისტემის დანგრევას მიაღწევს.

 

ზვიად კუპრავას დანგრეული სისტემა არ გაიშვას!

 

ნაცბანდასთან ერთად მიღწეულ სამართლიანობას მოუკვდა პატრონი!“

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი