logo_geo
ვლადიმერ პუტინი: რაში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი კლოუნები?
- +

6 ივნისი. 2018. 02:01

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის ტელეკომპანია ORF- ის კორესპონდენტ არმინ ვოლფს. ავსტრიელმა ჟურნალისტმა საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვა რუსეთის ლიდერს, განსაკუთრებით დემოკრატიასთან დაკავშირებით: იგი შეეხო ალექსანდრე ნავალნის როლს და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი სრულიად იგნორირებს ცნობილ ოპოზიციონერს და მის გვარსაც კი არ ასახელებს ხოლმე.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომლის რუსულენოვანი და გერმანულენოვანი სტენოგრამა ერთმანეთისაგან განსხვავდება: პრეზიდენტის ვებ-გვერდზე და სხვა გამოცემებში გამოქვეყნებულ რუსულენოვან ვერსიაში დაფიქსირებულია ვლადიმერ პუტინის გამონათქვამი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, გერმანულენოვანში კი, ტელეარხის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულში - ამოღებულია.

 

- რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს ცნობილმა ოპოზიციონერმა ალექსანდრე ნავალნიმ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ვერ შეძლო. თქვენ არასოდეს არ ამბობთ მის სახელსა და გვარს. რატომ?

 

- ჩვენთან ძალიან ბევრი ბუნტარია - ისევე როგორც თქვენთან და აშშ-ში. მე ადრე თქვენს კოლეგასთან საუბარში უკვე ვთქვი: იყო ასეთი მოძრაობა ამერიკაში Occupy Wall Street ("დაიკავე უოლ-სტრიტი"). სად არიან ისინი დღეს. აღარ არიან. განა თქვენთან ავსტრიაში და საერთოდ ევროპაში, ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკიდურესი პოზიციებით გამოდიან, რაღაცას ქადაგებენ, რაღაც საკითხებით მანიპულირებენ - ისეთებით, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, მაგალითად კორუფციის პრობლემით? უკრაინაში, მაგალითად, რომლის შესახებაც მე და თქვენ ვსაუბრობდით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლოზუნგი ხელისუფლებაში მოსასვლელად სწორედ კორუფციასთან ბრძოლა იყო. და რა ხდება დღეს იქ კორუფციასთან ბრძოლის საკითხში? რას ამბობენ ევროპაში უკრაინული კორუფციის შესახებ? ყველა უკრაინის ხელისუფლებას ლანძღავს, რომ ისინი არაფერს ან ძალიან ცოტას აკეთებენ ამ სფეროში. რატომ თვლით თქვენ, რომ...

 

- რატომ არ ამბობთ ხოლმე ალექსანდრე ნავალნის სახელს საჯაროდ?

 

- გთხოვთ ფრაზა დამამთავრებინოთ. თქვენ ძალიან მოუთმენელი ყოფილხართ... ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე მიხეილ სააკაშვილი "შემოგვტენონ", საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

 

ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენთან პოლიტიკურ სცენაზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს - მისი პიროვნების მეორე, მესამე, მეოთხე ეგზემპლარით. თქვენ მოგწონთ ასეთი ფიგურანტები, ვითომდა პოლიტიკური მოღვაწეები? ჩვენთან, რუსეთში გვჭირდება ისეთი ადამიანები ისეთი პოზიტიური დღის წესრიგით, რომლებმაც არა მარტო პრობლემებს ხედავენ, არამედ მათი მოგვარებაც იციან... დამიჯერეთ - რუსი ამომრჩეველი უკვე საკმაოდ გამოცდილი და მოწიფულია. ის უყურებს არამარტო მიმზიდველ ლოზუნგებს, არამედ პრობლემების გადაჭრის მიზნით შეთავაზებულ ხერხებს და მეთოდებს. და თუ არაფერი ამის მსგავსი შეთავაზებული არაა, ასეთი ადამიანები საინტერესონი არ არიან...

 

- მაგრამ ამომრჩევლებმა კარგად ვერ შეძლეს ალექსანდრე ნავალნის პროგრამის გაცნობა, იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო საკუთარი კანდიდატურის წარდგენა...

 

- ამომრჩეველს ყველა ადამიანის გაცნობა შეუძლია, ჩვენთან ინტერნეტი და მასმედია თავისუფალია.... თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პოლიტიკური ფიგურისადმი ნდობა ერთი, ორი და სამი პროცენტით განისაზღვრება, მაშინ მასზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ? რაში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი კლოუნები?

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი