logo_geo
მაია ბითაძე: ცენტრალური მთავრობისგან გვაქვს მხარდაჭერა, რომელიც დაუბეგრავ სისტემას შეუნარჩუნებს ტაქსის მძღოლებს
- +

10 ივნისი. 2018. 00:51

 

დედაქალაქის მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკის რეგულირების ერთ–ერთი მიმართულება სატაქსომოტორო სფეროს მოწესრიგებას გულისხმობს. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროქტი, რომელიც ე.წ. M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებით საზოგადოებრივ–სამგზავრო გადაყვანას დაარეგულირებს. რეფორმის პირველი ეტაპი “ტაქსების” რეგისტრაციაა, რომელიც ზაფხულში დაიწყება, ხოლო ლიცენზიის ღირებულება 50 ლარი იქნება. მანამდე დედაქალაქის საკრებულომ შესაბამისი აქტები უნდა მიიღოს. ასევე, საკრებულოს აქტში გაიწერება ის პირობა, რომელიც რეფორმის მეორე ეტაპზე, ანუ 2019 წლის ბოლოს ამოქმედდება და შეეხება ავტომობილის ფერს, ერთიან სტანდარტსა და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

 

რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის „ტაქსი“, კანონის დარღვევის შემთხვევაში რა სანქციები ელოდება მათ და დაიბეგრებიან თუ არა ისინი? - ამ საკითხებზე თბილისის ვიცე-მერი მაია ბითაძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ესაუბრა.

 

„პარლამენტის შემდგომ ჯერი დედაქალაქის მერიაზეა. საკრებულოს მიერ გამოსაცემ აქტებზე მუშაობა მიმდინარეობს. დაახლოებით 10 დღეში პროექტი საჯარო იქნება და დავიწყებთ განხილვას, რომელშიც ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთვება. საკრებულოს აქტში პირველ ეტაპზე განისაზღვრება, მიმდინარე წლის შემოდგომიდან რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურს, საკუთარი მანქანით „ტაქსის“ მომსახურების სერვისი განაგრძოს. „ტაქსით“ სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა და ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა 50 ლარის ოდენობით, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის იქნება თანხის 50 პროცენტი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის - სრულიად უფასო. ამის შემდგომ მათ მიეცემათ ნებართვა, რომელიც მანქანაში უნდა იყოს გაკრული, რათა მომხმარებელმა ნახოს, რომ მანქანა ავტორიზებულია. რაც შეეხება სანებართვო პირობას, ეს არის ავტომობილის სახურავის შუა ნაწილზე „ტაქსის“ ნიშნის განთავსება. რეგისტრაციის ეს მარტივი პროცედურა მოგვცემს საშუალებას, აღვრიცხოთ, რამდენ ადამიანს სურს 2019 წლის შემდგომაც განაგრძოს მუშაობა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება „ტაქსის“ სერვისი ამ რეგისტრაციის გარეშე. უნებართვო საქმიანობა კი 200-ლარიან სანქციას დაექვემდებარება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

აქვე, ბითაძემ ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომელთა დაკმაყოფილება სატაქსომოტორო სფეროში მუშაობის მსურველებს 2019 წლიდან მოუწევთ.

 

„2019 წლის შემდგომ რა პირობებიც იქნება განსაზღვრული, ჩაიწერება საკრებულოს იმ აქტში, რომელიც კონსესუსის შედეგად უნდა გამოვცეთ. ბუნებრივია, საუბარი იქნება უფლება-მოვალეობებზე და არა მაინცდამაინც სანებართვო პირობებზე. ეს შეიძლება იყოს გარკვეული უნარ-ჩვევები, რათა ელექტრონული ან პირადი ცოდნის მიხედვით აღქმული იქნეს თბილისის ქუჩები. საუბარი იქნება მანქანის ერთიან სტანდარტზე, რომ მანქანა სანიტარულ-ჰიგიენურად მოწესრიგებული იყოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ინტეგრირებული იქნება ტექნიკურ მახასიათებლებთან, რასაც ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტრო გაუკეთებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

ბითაძემ დაბეგვრის სისტემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 

„რაც შეეხება დაბეგვრის სისტემას, იცით, რომ, მოქმედი საგადასახადო სისტემის მიხედვით, უკვე რამდენიმე წელია, მიკრობიზნესი, რომლის წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება, გათავისუფლებულია ყველანაირი ვალდებულებისგან. მერმა ცენტრალურ მთავრობას მიმართა თხოვნით, რათა ლიცენზიისა და ნებართვის აღების შემთხვევაში „ტაქსის“ მძღოლები მოექცნენ ამ რეჟიმში. შესაბამისად, ცენტრალური მთავრობისგან გვაქვს მხარდაჭერა და ველოდებით საგადასახადო სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დაუბეგრავ სისტემას შეუნარჩუნებს „ტაქსის“ მძღოლებს“, - განაცხადა ბითაძემ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი