logo_geo
დეკანოზი დავითი: სახალხო დამცველის ოფისის დაბზარვა უფლის მხრიდან გაფრთხილებად უნდა მივიჩნიოთ!
- +

11 ივნისი. 2018. 19:45

 

„რამდენიმე დღის წინათ საქართველო მიწისძვრამ შეაზანზარა. ხომ არაფერზე მიგვანიშნა უფალმა?“ - გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის ამ კითხვაზე სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ უპასუხა:

 

„ამ მიწისძვრამ მოსახლეობას თითქმის ვერაფერი ავნო, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინათ აშენებული სახალხო დამცველის ოფისი ერთიანად დაბზარა.

 

ურწმუნო ადამიანებს, ალბათ, გაეღიმებათ, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჩვენში რატომღაც, კონსერვატიზმთან და მართლმადიდებლობასთან დაპირისპირების ცენტრად ჩამოყალიბდა და მიწისძვრის შედეგით ოფისის დაზიანება მართლაც უფლის მხრიდან გაფრთხილებად უნდა მივიჩნიოთ.

 

მახსენდება - როცა „ნაცებმა“ ფერიის მთაზე, ხელვაჩაურის გამგებლის გადაწყვეტილებით, ეკლესია დაანგრიეს, რამდენიმე დღის შემდგომ ყოველგვარი მიწისძვრის გარეშე, გამგეობის შენობა, სადაც ღვთის საწინააღმდეგო გეგმა შემუშავდა, ჩამოიშალა და დაინგრა! ეს ნამდვილი სასწაული იყო, რადგან ირგვლივ არც ერთი შენობა არ დაზიანებულა! რომელიმე ორგანოს ტკივილი ხშირად ორგანიზმში არსებულ დიდ პათოლოგიურ პროცესზე მიანიშნებს... დიახ, სამყაროშიც და ქართულ სინამდვილეშიც ღვთის მიერ დადგენილი კანონების უგულებელყოფის გამო ბალანსი არის დარღვეული და ეს მიწისძვრა, როგორც ტკივილი, უზენაესისგან სწორედ პათოლოგიასა და პრობლემაზე მინიშნებაა!

 

ბიბლიაში არაერთი ფაქტია აღწერილი, როცა უფალი ამა თუ იმ ერს სასჯელად კალიების შემოსევას უვლენს. საქართველოში ფაროსანას მოძალებაც ამგვარად შეიძლება განიმარტოს და ამაზე არამარტო ხელისუფლება, ხალხიც უნდა დაფიქრდეს.

 

უფალი ჯერ გვაცლის, მაგრამ მერე დაუნდობლად დაგვსჯის წმინდანების პრეზერვატივზე გამოსახვის გამო, თანაც არა მხოლოდ კონკრეტულ დამნაშავეებს, არამედ სრულიად საზოგადოებას, რომლის წიაღშიც უზნეობა სათანადოდ არ იმხილება!“ - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი