logo_geo
„დალაი ლამას“ გეგმამ „ჩაილურის წყალი“ დალია“
- +

14 ივნისი. 2018. 15:09

 

 

„თავიდან ყველაფერი, მართლაც, სპონტანურს ჰგავდა, მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე დრამატულად განვითარდა, რომ „უხილავი რეჟისორის“ ხელის დანახვა აღარავის გასჭირვებია. ისე, „უხილავი რეჟისორი“ პირობითი ნათქვამია, თორემ სინამდვილეში მისი სახელი ყველამ კარგად იცის. დიახ, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ყველაფერ იმის კვალი, რაც მაისის შუა რიცხვებიდან საქართველოს დედაქალაქში ხდებოდა - არც მეტი, არც ნაკლები - მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილამდე მიდის“, - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ სტატიაში წერს.

 

„ეს გონივრული ეჭვი კი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ლამის ახალი ეროვნული მოძრაობის გმირად შერაცხული ზვიად კუპრავა რამდენიმე დღით სამშობლოდან გაუჩინარდა. მართალია, საქართველოში დაბრუნებულმა კუპრავამ გვამცნო, დალაი ლამას შევხვდიო, მაგრამ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დალაი ლამა ექს-პრეზიდენტის კოდური სახელია?

 

ასე იყო თუ ის, ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. „დალაი ლამას“ გეგმამ „ჩაილურის წყალი“ დალია და იმის ნაცვლად, რომ სამთავრობო სიკეთეებით დამტკბარიყო, იგივე ზვიად კუპრავა ორ კვირას წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებს - 11 ივნისს „სამართლიანობისთვის“ მებრძოლი „რაინდი“ ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, თავისუფლება 14 დღით აღუკვეთეს.

 

 

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ალადინის ზღაპარია და მეტი არაფერი, ამას ყველაზე უკეთესად, ალბათ, თავად მიხეილი ხვდება, მაგრამ ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო. შესაბამისად, ადამიანი, რომელზეც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს, თან დასაკარგიც არაფერი აქვს - თუ გამოყვა, გამოუვა, თუ არადა, თვითონ კი არის ბედნიერად ჰოლანდიაში და ხალხის, თუნდაც საკუთარი მომხრეების „დაბოლებისთვის“ პასუხს კი არავინ მოსთხოვს!

 

ისე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაკარგა, სააკაშვილმა მომხრეები არაერთხელ დააბოლა. ასე, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ვარდების მოედანზე შეკრებილ „ნაცებს“ მიხეილმა მიმართა (მცირერიცხოვან მიტინგზე სააკაშვილის „გამოსვლა“ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოხდა) და პირობა დადო, რომ რამდენიმე დღეში ზღვას გადმოცურავდა.

 

გულუბრყვილოებმაც დაიჯერეს, რომ მიხეილს კიდობანი ჰქონდა აშენებული, რომლითაც საქართველოს სამანებს სარფის მხრიდან მოუახლოვდებოდა, მაგრამ ამაო აღმოჩნდა ექს-პრეზიდენტის დაპირება...

 

ერთი სიტყვით, ოპერაცია - „მიხეილის კიდობანი“ ჩავარდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ახალი „ოპერაცია“ დაიგეგმა, თუმცა მორიგი შეტევის დასაწყებად ყოფილებს ორი წელი დასჭირდათ, თან ახალი „იერიშის“ ტაქტიკა კი არა, არამედ, სტრატეგიაც შეიცვალა და ბელადად ისევ სააკაშვილი კი არა, ზვიად კუპრავა მოგვევლინა, თან ამჯერად რევოლუციის ან, სულაც, სახელმწიფო გადატრიალების საბაბად უფრო სენსიტიური თემა იქნა გამოყენებული - სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ვიდრე ხალხი ქუჩაში შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად გამოვიდოდა, რუსთაველის გამზირი პროტესტანტი „ქლაბერებით“ გაივსო, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავდნენ. რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციით, მათი ცეკვა გართობის უფლება დაირღვა და ამიტომაც, ომახიანად ითხოვდნენ, სისტემა სასწრაფოდ უნდა დაინგრესო.

 

21-ე საუკუნეა და, რასაკვირველია, იმაზე კამათი, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, არ ღირს, მაგრამ ვისი უფლებები დაირღვა 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს? ვისი და - მოცეკვავე ფერადი გოგო-ბიჭებისო, - იტყვის ზოგი. ცეკვა-გართობაც, ბუნებრივია, უფლებაა და ვისაც როგორ და სად ეცეკვება, ისე უნდა იცეკვოს, მაგრამ, ადამიანის უმთავრესი უფლება ხომ სიცოცხლეა?! ჰოდა, როცა გაურკვეველი ნარკოტიკით ახალგაზრდები იღუპებიან, სახელმწიფომ რა უნდა ქნას - გულზე ხელები დაიკრიფოს?

 

მოკლედ, ღამის კლუბების სპეცოპერაციის დროს შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, მაგრამ მას მერე ერთი თვე გავიდა და დრემდე არგუმენტირებულად ვერავინ ამბობს, თუ რატომ გამოვიდა ათასობით ახალგაზრდა ქუჩაში.

 

სხვათაშორის, თავის დროზე კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოხსენებული პროტესტის სათავისოდ გამოყენებას ყოფილი ხელისუფლება გეგმავდა, მაგრამ შს მინისტრ გიორგი გახარიას მიტინგზე მისვლით ეს გეგმა ჩავარდა. ამიტომ, როგორც „ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო ეუბნება, „ნაცმოძრაობა“ სათადარიგო გეგმაზე გადავიდა, რაც იმას გულისხმობდა, რომ ფართომასშტაბიანი არეულობა 17 მაისს გამართულ ე.წ. ლგბტ თემის აქციას უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა ანუ თემის აქტივისტებმა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღეს და ჰომოფობიის საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად ამის, 17-ში კანცელარიის წინ გარკვეული ადამიანები მაინც შეიკრიბნენ და ისინი უმეტესად, პოლიტაქტივისტები იყვნენ. ამ შეკრებამაც ექსცესების გარეშე ჩაიარა, რადგან შსს-ს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიას ძალოვანები იცავდნენ, აქციის დასრულების შემდეგ კი, მისი მონაწილეები სახლებში ყვითელი ავტობუსებით დაარიგეს.

 

წყარო „ვერიას“ ეუბნება, რომ ყველაფერ ზემოთქმულის გამო, სააკაშვილი და მისი რამდენიმე ქართველი თანამოაზრე წონასწორობიდან გამოვიდა, რადგან საქმე სახელმწიფო გადატრიალებამდე ვერ მიიყვანა. ამასობაში, ანუ 31 მაისს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე განაჩენი გამოაცხადა, რაც „ნაციონალებს“ ტუზივით დაეცათ. განაჩენმა შვილმოკლული მამა და ასევე, მთელი საზოგადოება აღაშფოთა და თუნდაც მთავარ პროკურატურასთან გამართული აქცია აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა“, - წერს „ვერსია“.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი