logo_geo
გიორგი მახარაძე: ფაქტობრივად, ყველაფერთან ერთად, ორსულადაც ვიყავი...
- +

16 ივნისი. 2018. 23:23

 

 

მსახიობმა გიორგი მახარაძემ ცოტა ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა. როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, ახლა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

 

„რამდენიმე დღე ტკივილი მქონდა, ერთ კვირაში ხელით უცხო სხეულს მივაგენი დას ექიმთან წავედი. გადავწყვიტეთ, ოპერაცია გაკეთებულიყო, რომ დავრწმუნებულიყავით, ეგ იყო თუ არა. რომ გაჩნდა ეჭვი, ჩემზე ძალიან იმოქმედა და პირველი ორი დღე ძალიან რთული იყო. ცოტა შეშინებული ვიყავი, მაგრამ მერე ყველაფერი თავისით დალაგდა. საკუთარი თავის სპეციალურად „გამაგრება“ არ დამიწყია, ეს ბუნებრივად მოხდა. ცალკე ამბავი იყო, როცა ხალხმა გაიგო. იმდენად დაბნეული და გაოგნებული ვიყავი მათი ამხელა რეაქციით, რომ წესიერი მადლობაც კი ვერ ვთქვი. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო, ახლობელი, უცნობი თუ ნაცნობი, ყველა ერთად დამიდგა გვერდში და მათი დამსახურებაა, რომ დღეს ისევ ჩვეულებრივად ვცხოვრობ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამხელა ემოცია ძალიან გეხმარება - უამრავი ადამიანი მამხნევებდა.

 

ოპერაცია რომ გავიკეთე, პალატაშივე ვთქვი: მორჩა-მეთქი. ამას ახლობლების დასამშვიდებლად არ ვამბობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იყო და მადლობა ღმერთს, ეგრეც მოხდა. თურქეთიდან ყველაზე გახარებული ბოლოს დავბრუნდი, მითხრეს, რომ ქიმიის გაკეთება აღარ მომიწევდა. მანამდე ვიცოდი, რომ ამ პროცესს დეპრესია ახლდა, მაგრამ რა დეპრესია-მეთქი ვფიქრობდი. თურმე, თვითონ ქიმია კი არა, ის მდგომარეობა იწვევს დეპრესიას, რომელშიც ქიმია გაგდებს. რომ ვიჯექი და პოზის შეცვლა მინდოდა, ორი საათით ადრე ვიწყებდი მომზადებას. ტკივილი კი არ გაწუხებს, უბრალოდ, საშინლად შეუძლოდ ხარ. სუნები და გულისრევა ხომ - საერთოდ... მეუბნებოდნენ, ტოქსიკურ ორსულობას აქვს ეგეთი სიმპტომებიო და ახლა გავუგებ ასეთ ქალებს. ფაქტობრივად, ყველაფერთან ერთად, ორსულადაც ვიყავი. საბოლოო ჯამში, ამდენი დისკომფორტისგან ხასიათი გეცვლება. ქიმიის მესამე და მეოთხე კურსზეც კი იყო საუბარი და რომ მითხრეს, აღარ დაგჭირდებაო, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

 

ქიმიის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ კვლავ შემეძლო გაგრძელება, ჩვეულებრივად იცხოვრეო. ერთი სული მქონდა, როდის გავაგრძელებდი ვარჯიშს, მაგრამ მხოლოდ ორჯერ შევძელი დარბაზში ჩასვლა, აღმოჩნდა, რომ ჯერ არ მქონდა საჭირო ენერგია და ახლა ვაპირებ დაწყებას. ქიმიების დროს 85 კილოგრამი გავხდი. მანამდეც მომატებული მქონდა, მაგრამ მერე წამლების ზემოქმედებისგან ვიყავი გასიებული. თუმცა, მგონი, ახლა უკვე ჩემს წონას დავუბრუნდი. ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი