logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ფაქტია, რომ გვარამიას მთლად კარგად ვერ აქვს საქმე!
- +

20 ივნისი. 2018. 11:11

 

 

31 მაისს პროკურატურასთან გამართულ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აქციაზე მყოფ მთვარისა ნავერიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ნავერიანმა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მიმართა.

 

ინციდენტიდან 15 დღის შემდეგ ნიკა გვარამიამ მთვარისა ნავერიანს სოციალურ ქსელ facebook-ში ბოდიში მოუხადა.

 

„ბოდიშის მოხდა არ ტეხავს და ზოგჯერ ყველაზე მძიმე შეცდომების წამალია.

აი, მე, მაგალითად, ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს, ვინც აქციიდან გავაგდე – არც მიცემია (არც ის და არც სხვა რომელიმე ქალი ცხოვრებაში), სუს-ის პროვოკატორიცაა, სრულიად დარწმუნებული ვარ და იქ აქციის ჩასაშლელად იყო მოვლენილი. მაგრამ ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა. ყველა შემთხვევაში თავი უნდა შემეკავებინა.

 

ბოდიში, ქალბატონო მთვარისა“, - დაწერა ნიკა გვარამიამ.

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელმაც მთვარისა ნავერიანის ადვოკატობა სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარ თავზე აიღო, ნიკა გვარამიას ბოდიშს „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ეხმიანება.

 

„ეს ბოდიში კი არა, მორიგი შეურაცხყოფაა! თურმე, ქალბატონი მთვარისა „პროვოკატორია“ და იქ აქციის ჩასაშლელად „მოვლენილი“ ყოფილა, ანუ ისევ სუს-ის აგენტობას აბრალებს! ახლა საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ეს არსება რამდენად ადეკვატურია და ზნეობრივი დეგრადაციის რა ფსკერზეა დაშვებული! ფაქტია, რომ გვარამიას მთლად კარგად ვერ აქვს საქმე. თვითონაც იურისტია და კარგად იცის, რომ საქართველოში ქალთა ძალადობაზე სასჯელი ძალიან გამკაცრებულია - ყაჩაღობაზე შეიძლება საპროცესო გარიგების გაფორმება, აი, ქალზე ძალადობაზე კი - ნურას უკაცრავად!“ - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი