logo_geo
„მამუკა ბახტაძემ სწორედ ამ უპირატესობებზე ააგო საკუთარი პოლიტიკა“
- +

20 ივნისი. 2018. 16:40

გაზეთი „პრაიმტაიმი“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფნის პერიოდზე წერს.

 

„აბრეშუმის გზა“ - ეს არის 5-ჯერ შემცირებული გზა აზიასა და ევროპას შორის. საქართველოსთვის კი ეს ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკურ მოვლენებში მონაწილეობას და ქვეყნისთვის დამატებით ინვესტიციებს.

 

როგორც ექსპერტები განმარტავენ, აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ზღვით ხდებოდა, რასაც საკმაოდ დიდი დრო, 40 დღე-ღამე სჭირდება. „აბრეშუმის გზის“ გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი იძლევა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ბევრად სწრაფად და იაფად გადაზიდვის საშუალებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

 

ბრენდირებული ბლოკმატარებელი, სახელწოდებით „ნომად ექსპრესი“ ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანზიტით 2015 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა.

 

„დღეს „აბრეშუმის გზის“ დერეფანში პირველად განხორციელდა ტვირთის გადაზიდვა. მისი საწყისი წერტილი არის სამხრეთი კორეა, შემდეგ ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავა თავის საბოლოო დანიშნულების წერტილში, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. ჩვენი მარშრუტი დაახლოებით ოთხჯერ უფრო ეფექტურია ტრადიციული ზღვის მარშრუტთან შედარებით“, – განაცხადა მაშინ „რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

 

მამუკა ბახტაძემ დაინახა ის უპირატესობები, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ ჰქონდა, თუნდაც მისი ადგილმდებარეობის გამო. როდესაც საქმე ეხება ტრანზიტს ცენტრალური აზიიდან (კასპიის ზღვის გავლით) და სპარსეთის ყურიდან (ირანის გავლით) აზერბაიჯანში და იქიდან, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ, საქართველო უკონკურენტოა.

 

ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპასთან, თურქეთსა და დსთ-სთან, ისევე, როგორც უსაფრთხო და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო, მიმზიდველს ხდის საქართველოს აზიური კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი პროდუქციის ევროპაში გატანის გზები იპოვონ – ასეთია ექსპერტების დასკვნაც.

 

ასე რომ, მამუკა ბახტაძემ სწორედ ამ უპირატესობებზე ააგო საკუთარი პოლიტიკა და დარგის განვითარება“, - ნათქვამია სტატიაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი