logo_geo
შვიდი შვილის მამა: მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია
- +

20 ივნისი. 2018. 21:20

 

 

„მამის დღის“ არსებობის შესახებ, შვიდი შვილის მამამ ზაზა კოპაძემ დღეს პირველად გაიგო: “ცუდია რომ აქამდე არ ვიცოდი ამ დღის შესახებ. ერთგვარი სტიმულია. სულ ქალების და დედის დღე ხომ არ უნდა აღვნიშნოთ?!“.

 

ზაზა კოპაძე სოფელ ვალეში ცხოვრობს. 28 წლის იყო, როდესაც პირველი ვაჟი, ნიკოლოზი გაჩნდა, შემდეგ დაიბადა სალომე, მარიამი, ელენე, თამარი, ბარბარე და ბოლოს ლაზარე. უფროსი ნიკოლოზი 16 წლისაა, ყველაზე პატარა, ლაზარე კი – ექვსი თვის. მათგან ოთხი საქართველოს პატრიარქის ნათლულია.

 

ზაზა ამბობს, რომ შვიდი შვილის მამობა დიდი პასუხისმგებლობაცაა და ბედნიერებაც – „მე და ჩემმა მეუღლემ პირობა დავდეთ, რომ რამდენ შვილსაც ღმერთი მოგვცემდა, იმდენს გავაჩენდით. პირობას ვასრულებთ, რთული ცხოვრების მიუხედავად, ბედნიერი ოჯახი ვართ“.

 

პატარების მოვლაში პასუხისმგებლობას მეუღლეები თანაბრად ინაწილებენ: „საფენებსაც ვუცვლიდი და სარეცხსაც ერთად ვრეცხავდით, სოფლის წყაროზე. ახლა სარეცხის მანქანა გვაქვს, ბავშვებიც მოიზარდნენ და გვეხმარებიან“, – გვიყვება ზაზა კოპაძე.

 

„სკოლასა და ბაღში ბავშვების მამას უფრო ცნობენ ვიდრე მე. ზაზას უფრო ხშირად დაჰყავს ბავშვები, მე სახლს ვალაგებ და საჭმელებს ვამზადებ“, – ამბობს ზაზა კოპაძის მეუღლე ლეილა გიორგაძე.

 

შვიდი შვილის მამას, ოჯახის სარჩენად, მძიმე საქმის კეთებაც უწევს. დატვირთული სამსახურის გამო, წელს მიწის ნაკვეთების ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა: “ბლოკის დამამზადებელ ქარხანაში ვმუშაობ. დღის განმავლობაში 20 ტონა ბლოკის აწევა მიწევს. ძნელია, მაგრამ ამხელა ოჯახს რჩენა უნდა. სამწუხაროდ, არ მაქვს სტაბილური სამსახური. შვილები მამხნევებენ. უფროსი ბიჭი უკვე გაიზარდა და მეხმარება ხოლმე“.

 

ზაზა ამბობს, რომ თავისუფალ დროს სახლში ყოფნა მისთვის ბედნიერებაა და ცდილობს ეს პერიოდი შვილების განებივრებისთვის გამოიყენოს. ამზადებს კერძებსაც: „სოკო და თევზი მომაქვს ხოლმე და ჩემი ხელით ვუმზადებ. გოგოებს ძალიან უყვართ კალბასი, როცა მარხვა მთავრდება ვყიდულობ. დიდი ოჯახი ვართ, 30 ლარის ხორცი გვინდა ერთ საღამოს ხინკალი რომ გავაკეთოთ. ძალიან კარგი ხინკალი გამოსდის ჩემს მეუღლეს“, – ამბობს ზაზა.

 

ვიდრე ზაზას სამსახურში ბევრი საქმე აქვს, ლეილას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. თერთმეტ სულიან ოჯახში ბევრი საქმეა: „დილის ექვს საათზე ვიწყებ საქმეს, ჭურჭელია დასარეცხი, კერძია მოსამზადებელი. ხშირად ვუცხობ ბავშვებს ნამცხვრებსაც. ახლა პატარა ლაზარეს კბილი ამოუვიდა და ვემზადებით. 20 ბავშვი მაინც გვეყოლება კანფეტების დაყრაზე“.

 

ლეილას და ზაზას ხუთი გოგო და ორი ბიჭი ჰყავთ. როგორც მშობლები ამბობენ, შვიდივე ერთმანეთისგან, როგორც ხასიათით, ასევე გარეგნობითაც განსხვავდებიან.

 

10 წლის ელენეს ყველაზე მეტად ცეკვა უყვარს, 12 წლის მარიამი კონდიტერობასა და სტილისტობაზე ოცნებობს: „მინდა დედას დავემსგავსო და მასავით ლამაზ ტორტებს ვაცხობდე. დედის დახმარებით რამდენჯერმე ვცადე და კარგი გამომივიდა“.

 

ექვსი წლის თამარი მეორე კლასელია: “მე სპორტის გაკვეთილები მიყვარს. მამიკოს ვეხმარები და როცა მუშაობს წყალი მიმაქვს“.

 

ოთხი წლის ბარბარეს ყველაზე მეტად ნაყინი უყვარს: “მამიდამ მომიტანა. მე ნაყინი მიყვარს“.

 

ზაზა ამბობს, რომ მისი დილა 06:00 საათზე იწყება და გვიან ღამით სრულდება. ცდილობს სამსახურის შემდეგ მეუღლეს სახლის საქმეშიც დაეხმაროს: “საქონელია მოსავლელი, სათიბი მაქვს და ნაკვეთები მოსარწყავი. ზამთარში, როცა სამუშაო არ არის, მეტი დრო მაქვს იმისთვის, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო“.

 

წყარო:sknews.ge

 

 

big_banner
არქივი