logo_geo
პაატა იმნაძე: ერთი დახურული ჯგუფია, სადაც რამდენიმე ადამიანი მყავს ჯაშუშად შეგზავნილი და...
- +

25 ივნისი. 2018. 16:36

 

„არის დაავადებები, რომელიც ვაქცინაციით მართვადია, მაგრამ ვერ ვმართავთ. მაგალითად, წითელა, რომლის შემთხვევები ახლა გვაქვს...“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა და იმ დაბრკოლებებზე ისაუბრა, რასაც ვაქცინაციის შემთხვევაში საზოგადოებაში აწყდებიან.

 

„ვეხვეწებით ხალხს, ვევედრებით, მაგრამ მაინც არ იცრებიან. თქვენ რომ იცოდეთ, ადამიანთა რა ნაწილს აქვს შავბნელი წარმოდგენები ვაქცინაციაზე, გაოცდებით. ერთი დახურული ჯგუფია, სადაც რამდენიმე ადამიანი მყავს ჯაშუშად შეგზავნილი. მათგან ვიცი, ამ ჯგუფში რაებს წერენ, დაახლოებით ისეთს, ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ მეორე ცხვირი რომ ამოსდის, ამაზე ნაკლები არ  იწერება. გეტყვით ერთ რამეს –  კვლევები აჩვენებს, რომ სოციუმის დაბალი ფენა უფრო იცრება,  ყველაზე ნაკლებად იცრება ის  ხალხი, ვისაც ინტერნეტთან  აქტიური წვდომა აქვს და ახლობლობაში  ექიმები ჰყავს, მაგრამ არაპედიატრები. მეცხვარეების ბავშვებს საძოვრებზე ვეძებთ და იქ ვცრით ხოლმე. მიწვდომადობის პრობლემა არ გვაქვს, რაც არ უნდა მიყრუებულ ადგილას ცხოვრობდეს ადამიანი, თუ ის არ არის რაიმე სექტანტური რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, როგორც წესი, ვაქცინაციაზე უარს არ ამბობს. ეს პრობლემა ევროპაშიც არის. ჰოლანდიაში არის პროტესტანტებით დასახლებული სოფელი, რომლებიც მოსექტანტო პროტესტანტები არიან და მთელი სოფელი უარს ამბობს აცრაზე. საქართველოში, საბედნიეროდ, ასეთი კომპაქტური დასახლებები არ გვაქვს. აცრების მოცვის ყველაზე დიდი პრობლემა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის თბილისში და ქუთაისში, ყველაზე კარგი მდგომარეობა აჭარაში გვაქვს.    

 

სტატისტიკა გვაქვს ასეთი – ვაქცინების უმრავლესობა, რაც ბავშვებმა უნდა გაიკეთონ, პირველ ჯერზე 90%-ის ფარგლებშია, მეორე ვაქცინაცია 80%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოება დაცული იყოს, ეს მაჩვენებელი 95% მაინც უნდა იყოს, როგორც პირველი აცრის, ისე რევაქცინაციის შემთხვევაში. ყოველწლიურად რჩება ბავშვების 10%, რომელიც არ არის აცრილი. ბავშვები კიდევ უფრო დაცულები არიან, მეტ-ნაკლებად, არის 18-დან 30 წლამდე პოპულაცია და, ასევე, პოპულაცია 40 წლამდე, სადაც ბევრი პრობლემაა. ყველაზე მეტად ახლა წითელა ამ პოპულაციაში ემართებათ და მათთან უფრო მძიმედ მიდის. ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ის პოპულაციაა, ვინც ბავშვებს აჩენს. თუ დედა არ არის იმუნური, ბავშვს არ ექნება თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს, სანამ პირველად აცრიან. თუ დედისგან იმუნიტეტი ვერ მიჰყვება, მას არ ცრიან, აქედან გამომდინარე,  ბავშვებში ერთ წლამდე წითელა ხშირია და საკმაოდ მძიმედ მიდის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი