logo_geo
პატრიარქის დღემდე უცნობი წერილები
- +

5 იანვარი. 2017. 11:03


 



გაზეთი „კვირის პალიტრა" პატრიარქის დღემდე უცნობ წერილებს აქვეყნებს.


ერთ-ერთია, 1990 წლის 11 იანვარს გაგზავნილი წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზდიუმის თამვჯდომარე, საქართველოს პკ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, გივი გუმბარიძეა.


„დიდად პატივცემულო გივი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს; დაე, მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, რომ შობა დღეს, 7 იანვარს, სამღვდელოებამ და მორწმუნეებმა მოინახულეს კოლონიებში მყოფნი, ხოლო მე გახლდით თბილისის ციხესა და იზოლატორში. მსჯავრდებულებთან საუბრისას ნათლად გამოიკვეთა, რომ პატიმრები დიდ იმედს ამყარებენ პირადად თქვენზე, ელიან შეწევნასა და დახმარებას. მეც დიდი იმედი მაქვს თქვენი მოწყალებისა და ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით:

 

თბილისში, ორთაჭალის ციხეში, ამჟამად იმყოფება სიკვდილმისჯილი 14 ადამიანი. ცნობილია, რომ საქართველოში, როგორც ქრისტიანულ ქვეყანაში, ყოველთვის ერიდებოდნენ სასჯელის ამ უმაღლეს ზომას, რადგანაც ჩვენი ერთ-ერთი მცნება პირდაპირ მოითხოვს: არა კაც ჰკლა. არის თუ არა ესა თუ ის პიროვნება დამნაშავე, ეს მსჯავრი მაინც გაუმართლებელია. იგი დიდ ცოდვად ედება ჩვენს ერს. ცხოვრებამ მრავალგზის ცხადყო წმიდათა მამათა სიტყვების სისწორე, რომ ბოროტება არ შეიძლება ბოროტებით განიკურნოს და მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება ეშველოს.

 

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის, მთელი მორწმუნე ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გთხოვთ თქვენ და უმაღლესი საბჭოს პრეზდიუმს, შეიწყალოთ სიკვდილმისჯილი ეს 14 ადამიანი და მათ განაჩენი სხვა სასჯელით შეუცვალოთ.

 

ასევე გთხოვს, დასვათ საკითხი სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების შესახებ. თავის დროზე ამასვე ითხოვდნენ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწენი. იმავეს ითხოვს დღეს ჩვენი მოწინავე საზოგადოება.

 

ხოლო ვიდრე ეს კანონი ძალაში შევიდოდეს, გთხოვთ, შეიწყალოთ ყველა სიკვდილმისჯილი და თქვენი მამობრივი კალთა გადააფაროთ მათ...

 

ბატონო გივი, თქვენს მოწყალებას ელოდებიან დატუსაღებულნი; ამასვე ელოდება მთელი ჩვენი ერი. უმორჩილესად გთხოვ, შეიწყალეთ მსჯავრდადებულნი, რადგან მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით შეიძლება მათი გამოსწორება.

 

ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით

 

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 11 იანვარი, 1990 წელი".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი