logo_geo
განო მელითაური: მხოლოდ მოქალაქეების რეაგირება საკმარისი არ არის...
- +

30 ივნისი. 2018. 23:17

 

 

ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ბინაში, ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ 6 თვის ტყუპ და-ძმაზე ძიძის ძალადობის მძიმე კადრები აღბეჭდა, რამაც მთელი ჩვენი საზოგადობა აღაშფოთა. მომხდარის თაობაზე მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ამ ოჯახში ძიძად 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, ბავშვებს სისტემატურად სცემდა. 47 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯა და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნულ საკითხზე „კვირის პალიტრას“ განო მელითაური ესაუბრა.

 

„თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ინცინდენტია, რომელსაც ჩვენ ვერ ვიგებთ? უპირველესი მშობლის კომპეტენციაა, რომ მან ზედმიწევნით ყურადღებით შეარჩიოს ადამიანი, რომელსაც თავისი შვილის სიცოცხლეს ანდობს. ვისაც ძიძის აყვანის ფუფუნება აქვს, აუცილებლად უნდა მოახერხოს კამერის დამონტაჟება, რაც არც ისე ძვირია. ალბათ ეს არის ის მინიმალური, რაც ყველა მშობელმა უნდა აკეთოს, როცა საკუთარ შვილს უცხო ძიძას ანდობს.

 

აუცილებელია, ფსიქოლოგიური ტესტი ჩააბაროს თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მსგავსი ტიპის ვაკანსიაზეა პრეტენდენტი. ჩემი უმცროსი გოგონა 2,5 წლისაა, ძიძების დიდი გამოცდილება მაქვს და ერთ-ერთ მათგანს, ვთვლი, რომ ნერვული აშლილობა ჰქონდა. კარგია, რომ იგი დროულად გამოვააშკარავე და ამაში ჩემი უფროსი ქალიშვილი დამეხმარა.

 

არასდროს დამავიწყდება ის სტრესი. თანაც, ტრაგედია უკვე მომხდარი იყო ჩვენს თავს და ძიძა განსაკუთრებული სიფრთხილით ავარჩიე, ბევრ-ეტაპიანი გასაუბრება გავატარე, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მაინც გამომეპარა და შევცდი. მისი ძალადობრივი დამოკიდებულება ვერ გამოვავლინე. არასდროს დამავიწყდება ის შოკი. ჩემს შვილს არ სცემდა, მაგრამ ეს იყო ტონის აწევა და აგრესიული დამოკიდებულება, მულტფილმის ხმაც კი აღიზიანებდა და ართვევინებდა.

 

მხოლოდ მოქალაქეების რეაგირება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა, სწორი კანონმდებლობა. ძიძების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგად უნდა გამოიკვლიონ და მოძალადეები შესაბამისადაც დაისაჯონ. ფსიქოლოგიური შემოწმება უნდა ხდებოდეს და შესაბამისი საბუთი ეძლეოდეთ. ეს სფერო ძალიან დასალაგებელია“, - განაცხადა განო მელითაურმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი