logo_geo
ვალერიან გორგილაძე: სანამ ბიუროკრატია არ იქცა მონსტრად, საჭიროა მისი მორჯულება
- +

1 ივლისი. 2018. 00:44

 

 

„მივესალმები მამუკა ბახტაძის იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუროკრატიის ხარჯი უნდა იყოს ფიქსირებული და მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე“, - ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მცირე მთავრობის“ კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურული ქვეგანაყოფების მექანიკურ შემცირებას. „მცირე მთავრობის“ კონცეფცია გულისხმობს პირველ რიგში მთავრობის და საერთოდ ბიუროკრატიის ეფექტიანობის გაზრდას და ამავე დროს ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. მოგეხსენებათ, პარკინსონის კანონის თანახმად, ბიუროკრატია ზრუნავს საკუთარ გამრავლებაზე. ჩინოვნიკი ყოველთვის პოულობს მიზეზს, გაიჩინოს მრავალრიცხოვანი ხელქვეითი, გააფართოოს იერარქია და ყველა ახალ ჩინოვნიკს საქმე გაუჩინოს (იქაც, სადაც ამის მოთხოვნილება არაა). თუ ბიუროკრატიას წინააღმდეგობა არ შეხვდა, ბიუროკრატია გაიზრდება და იქცევა მონსტრად, რომელიც ყველაფერს „გადაყლაპავს“.

 

ჰოდა, სანამ ბიუროკრატია არ იქცა ამ მონსტრად, საჭიროა მისი მორჯულება. ამასთან დაკავშირებით მე მივესალმები მამუკა ბახტაძის იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუროკრატიის ხარჯი უნდა იყოს ფიქსირებული და მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე - ასე ბიუროკრატიას კონსტიტუციურად არ მიეცემა უსასრულო და უაზრო ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობა.

 

გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც უფრო დიდია ბიუროკრატია, მით უფრო მეტად მას უჩნდება სხვადასხვა რეგულაციების, შეზღუდვების დაწესების სურვილი. ჩვენს ქვეყანას კი, სჭირდება ფორსირებული, სწრაფი განვითარება, რომელიც მიუღწეველია გამრავლებული, გაზულუქებული, ინერტული ბიუროკრატის პირობებში, რომლის საქმიანობაც ხშირად ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ამდენად, იგივე პარკინსონის მიხედვით, რაც უფრო მცირეა ბიუროკრატია, მით უფრო მცირეა რეგულაციების და შეზღუდვების რაოდენობა და მით უფრო მობილურია და ეფექტიანია ის!“ - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი