logo_geo
რა მიზეზების გამო მიუვიდათ თბილისელებს ბუნებრივი აირზე გაზრდილი გადასახადი
- +

6 იანვარი. 2017. 13:19



თბილისის მაცხოვრებელთა ნაწილს „ყაზტრანსგაზის" მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ გაუჩნდა, რას 2016 წლის დეკემბერში გაზის ქვითრები მიიღო და აღმოაჩინა, რომ წინა თვესთან შედარებით, გადასახადი მკვეთრად გაიზარდა.


რუსუდან თვაური იმ აბონენტებს შორის ერთ-ერთია, რომლის ოჯახსაც ბუნებრივი აირის საფასური 120%-ით გაზრდილი მიუვიდა:


აქამდე, ძლიერი ყინვების პერიოდში დაახლოებით, 280-300 ლარამდე მოგვდიოდა, მაგრამ დეკემბრის თვის გადასახადი 500 ლარი მივიღეთ, რაც ნამდვილად არარალური რიცხვია. ერთი კვირის განმავლობაში სახლშიც არ ვიმყოფებოდით და გათბობა გამორთული გვქონდა.

 

ორი-სამი კვირის განმავლობაში, ჩვეულ ნორმასთან შედარებით, უფრო ნაკლები რაოდენობით დახარჯული ბუნებრივი აირის საფასური უკიდურესაც დიდი ოდენობით მოვიდა", - განმარტავს რუსუდან თვაური.


აღნიშნულის მიზეზის დასახელება უჭირს, თუმცა, ეჭვი აქვს, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიის მხრიდან, შესაძლოა, გარკვეულ მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი.


„ყაზტრანსგაზ თბილისი" კი დეკემბრში ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდას ტემპერატურის მკვეთრ კლებას უკავშირებს.

 

2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა. ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ.

 

2015 წლის დეკემბერთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო", - განმარტა „ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში, ნინო თურმანიძემ.


ის ასევე სპეციალისტებსა და მოსახლეობაში გაზის ხარისხთან დაკავშირებით გაჩენილ ეჭვებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ამოწმებს გაზის ხარისხს და დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს.


მოსახლეობის უკმაყოფილებას გაზის გადასახადთან დაკავშირებით, სემეკიც გამოეხმაურა. უწყების განმარტებით, გაზის სექტორში ტარიფი უცვლელია.


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ბუნებრივი გაზის სექტორში, ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით, არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით არ მიუმართავს. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის რეგულირებად სეგმენტში ტარიფები უცვლელია.

 

მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ კომისიას შესაბამისი განაცხადით ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე - 2420180.

 

კომისია შეისწავლის საკითხებს ინდივიდუალურად", - ნათქვამია განცხადებაში.


ბუნებრივი აირის გადასახადსა და ხარისხთან დაკავშირებით Allnews.ge ენერგეტიკოსებს დაუკავშირდა. ამ საკითხზე მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.


ლია ელიავას განმარტებით, უხარისხო, დაბალკალორიული გაზის მოხმარების შემთხვევაში, მოსახლეობას უფრო მეტი დანახარჯი უწევს, რაც გადასახადის ზრდასაც უკავშირდება, საქმე კი შესაძლოა, სწორედ ამ პრობლემასთან გვქონდეს.


როდესაც გაზი დაბალკალორიულია, მისი ხარჯვა გათბობისთვის, კერძის მოსამზადებლად, რაიმეს გაცხელებისთვის უფრო მეტია, ვიდრე მაღალკალორიული და უკეთესი ხარისხის გაზის შემთხვევაში", - აღნიშნავს ელიავა.


ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა დანახარჯებს განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურას უკავშირებს და მანიპულაციებისა და უხარისხო ბუნებრივი აირის პრობლემას ვერ ხედავს.

 

ყინვების პერიოდში გაზის მოხმარება გაიზარდა და გადასახადიც შესაბამისი მოვიდა და კომპანიის მიმართს ასეთი მიდგომა მოსახლეობის მხრიდან სუბიექტურია", - განმარტავს ჭითანავა.


აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდის მიუხედავად, „სემეკ"-ის გადაწყყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფები არ გაძვირებულა, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი გაზრდილ გადასახადებს მაინც უჩივის.




მარიამ მენაბდიშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი