logo_geo
გამოიძიებს თუ არა პროკურატურა დახვრეტილი მიტინგების საქმეს
- +

6 იანვარი. 2017. 13:20



 შოკისმომგვრელია 2011 წლის 26 მაისი, რუსთაველზე დაყრილი შეურაცხყოფილი, დასისხლიანებული მოქალაქეებით და მაღაზიის თავზე შემოწყობილი გვამებით. თუმცა, საზოგადოებას ნაკლებად ახსოვს 1992 წლის 26 მაისი, როცა არანაკლები სისასტიკით დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია... ამ ფაქტის გამო, ისევე როგორც იმჟამინდელი ოპოზიციის - სახელმწიფო გადატრიალების (ამგვარი შეფასება მას პარლამენტმა მისცა) შედეგად დამხობილი ეროვნული ხელისუფლების მომხრეების არაერთი მიტინგის დარბევა-დახვრეტის გამო პასუხი დღემდე არავის უგია. მიმდინარეობს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 1992 წლის 26 მაისის, 1992 წლის 2 თებერვლისა და 1991-92 წლების მოვლენების თანმდევი სხვა ფაქტების გამოძიება? - ამ კითხვით პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ხათუნა პაიჭაძეს მივმართეთ, მან გვითხრა: „ინფორმაცია პროკურატურის სხვადასხვა რგოლიდან გამოვითხოვეთ, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს".


1992 წლის 26 მაისსა და იმ წლების სხვა საპროტესტო აქციებზე გვესაუბრება იმჟამინდელი წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, საე­რთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების "ემნესტი ინტერნეიშენელისა" და IGFM-ის წევრი მაია კერესელიძე.


- 1992 წლის 26 მაისს ეროვნული ხელისუფლების მომხრეებმა გადავწყვიტეთ საპროტესტო აქცია ჩაგვეტარებინა, რადგან, ჩვენი აზრით, შევარდნაძის ხელისუფლებას, რომელმაც კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი განდევნა, ამ დღესასწაულის აღნიშვნის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ იმხანად საქართველოში ვიზიტად ჩამოსული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი... სხვათა შორის, მოგვიანებით ოფიციალურ ბანკეტზე ბეიკერს ჯაბა იოსელიანმა "მხედრიონელის" მედალიონი გადასცა, საპატიო მხედრიონელობა მიანიჭა. დასავლეთის ქვეყნებს არ ჰქონდათ ობიექტური, სრულფასოვანი წარმოდგენა იმ მოვლენებზე, რაც "დემოკრატიული რევოლუციის" მერე ხდებოდა საქართველოში. ვიცოდით, რომ შევარდნაძე და მისი მომხრეები რესპუბლიკის მოედანზე აპირებდნენ ამ დღის ზარ-ზეიმით აღნიშვნას..


26 მაისს, დილიდანვე, აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბეთ. თუმცა, მილიციელები ყოველმხრივ შეეცადნენ ჩვენს გახლეჩას, რომ მსვლელობა ერთიანი არ ყოფილიყო. მომიტინგეთა ნაწილი ვერაზე იდგა. წინააღმდეგობის მოძრაობის რამდენიმე აქტივისტს, მათ შორის ლია ბერუაშვილს და მე გადაწყვეტილი გვქონდა, ჯეიმს ბეიკერისთვის გადაგვეცა იმ მიტინგებზე დაღუპულ და დაჭრილ მოქალაქეთა სიები, რომლებიც თბილისში 1992 წლის 2 იანვრიდან მოყოლებული ტარდებოდა და რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლება პერმანენტულად, სასტიკად არბევდა.


საპროტესტო აქციის მონაწილეების გარშემო ასობით მილიციელი და ნიღბიანი სპეცრაზმელი იდგა, ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო ფორმაშიც იყო ჩაცმული. მიტინგის დარბევა ფილარმონიასთან დაიწყო, ადამიანებს უმოწყალოდ სცემდნენ ხელკეტებით და იქვე მდგომ ავტობუსებში ყრიდნენ. 51-ე სკოლასთან რამდენიმე მომიტინგე დაგვიჭირეს, მაგრამ იმ არეულობაში მოვახერხე თავის დახსნა და ქვემოთ, ვერის მიმართულებით გავეშურე, ვცდილობდი რესპუბლიკის მოედნამდე მიმეღწია. ახლა ვერაზე, გამომცემლობის შენობასთან დაიწყეს ხალხის დარბევა, სწორედ მაშინ გამოიყენეს მანიფესტანტების წინააღმდეგ გერმანული ნაგაზები, რომელთაც ხალხმა შევარდნაძის დიდი მეგობრის - გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გენშერის თბილისში ყბადაღებული ვიზიტის შემდეგ "გენშერის ძაღლები" შეარქვა. ნაგაზების გარდა, მილიციაც გააფთრებით გვებრძოდა, გვისწორდებოდა, ჩემი თვალით ვნახე მიწისქვეშა გადასასვლელში მიწაზე დაყრილი რამდენიმე დასისხლიანებული მომიტინგე, რამდენჯერმე გაისროლეს კიდეც, თუმცა, არა ისე დამიზნებით, როგორც იმავე წლის 2 თებერვალს. მილიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ რესპუბლიკის მოედნამდე არ მიგვეღწია.. რედაქციის შენობასთან ხალხს არბევდნენ, რესპუბლიკის მოედანზე კი დიდი ზეიმი და ტაშ-ფანდური იყო გაჩაღებული, თვითმფრინავები სალტოს აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ხელკეტი მოგვხვდა, ლია ბერუაშვილთან ერთად, გადავწყვიტე, თავი "მოგვეწესრიგებინა" და სირბილით ჩავედით რესპუბლიკის მოედანზე, იქ შევარდნაძის მომხრეებს შევერიეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ, ასე მივაღწიეთ პოლიციის ბოლო კორდონამდე, რომლის იქით შევარდნაძე და ბეიკერი იდგნენ. მოხდა ისე, რომ როცა კორდონთან ძალზე ახლოს მივედით, ბეიკერმა ჩვენკენ გამოიხედა, შემოტრიალდა, ჩვენც დრო ვიხელთეთ და ლია ბერუაშვილმა მას ხელში გადასცა მიტინგებზე დაღუპულთა სია.

 

 

- არაფერი გითქვამთ ბეიკერისთვის?


- არა, ვერაფრის თქმა მოვასწარით, დაცვა მოვარდა, ატყდა ჩოჩქოლი, მაგრამ იქვე, მის თვალწინ ჩვენს აყვანას მოერიდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ კი შინისკენ მიმავალი, არაყიშვილის კუთხეში დამაკავეს, ლია ბერუაშვილიც იმ დღესვე აიყვანეს. ჯერ არაყიშვილზე, ვაკის რაიონის მილიციაში მიგვიყვანეს, შემდეგ კი რატომღაც მთაწმინდის რაიონის მილიციაში, რომლის უფროსი ელგუჯა ჯამბურია იყო. მესამე დღეს ჩემი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. ამ დროისათვის უკვე რამდენჯერმე ვიყავი დაპატიმრებული. როგორც ჩანს, არ უნდოდათ, საერთაშორისო ორგანიზაცებს პოლიტპატიმრად ვეღიარებინე, ბეიკერის ვიზიტს გაუწიეს ანგარიში და "ზემოდან" ბრძანების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოგვიშვეს. იმ წლებში 14-ჯერ დამაპატიმრეს სხვადასხვა ვადით, ასევე იყვნენ სხვებიც. იმ დარბეულ-დახვრეტილი მიტინგების უამრავი მონაწილე და დაზარალებული დღემდე ცოცხალია. პირველი საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ 1992 წლის 3 იანვარს გაიმართა დიდუბის მეტროსთან დახვრიტეს ახალგაზრდა მომიტინგეები - გივიკო რეხვიაშვილი, ლევან თაქთაქიშვილი, ამას მოჰყვა 7 იანვრის, 13 იანვრის, 19 და 26 იანვრის ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, რომლებიც ასევე სასტიკად დაარბიეს, იყო მსხვერპლი. ამავე წლის 1-ელ და 2 თებერვალს თბილისის ქუჩებში გრანდიოზული მანიფესტაციები გაიმართა. 1-ელ თებერვალს კანცელარიასთან მისულ ხალხს მთავრობა წყლის ჭავლით გაუმასპინძლდა, მაშინ შეარქვეს პრემიერ-მინისტრ სიგუას "პაჟარნიკი", ხალხის სიმრავლით შეშინებულმა ხუნტის წევრებმა მეორე დღეს ვაგზლის მოედნიდან თამარ მეფის გამზირზე მომავალ ზღვა ხალხს ჯერ ცირკთან, მერე კი მარჯანიშვილის მოედანზე ნამდვილი სასაკლაო მოუწყვეს, სწორედ მაშინ მოკლეს 17 წლის მედროშე მამუკა ტერიშვილი, გურამ ლიპარტელიანი, იმედა ჭანტურიძე და სხვები. ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ. ის ტყვიები დღემდე შენახული მაქვს.



ნინო კვიტაშვილი

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი