logo_geo
„ზვიად კუპრავა: ამ ფოტოზე მე არ ვარ!“
- +

10 ივლისი. 2018. 11:17

 

 

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ფუძემდებელი, ყოფილი პოლიციელი და შემდგომში „ეროვნული მოღვაწე“, ზვიად კუპრავა ამაყად აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ყოფილა კი არა, იქ საერთოდ არ გაუვლია და ბუნებრივია, არც საპროტესტო აქცია დაურბევია. მისივე თქმით, რუსთაველზე რომც ყოფილიყო, მისი ჰუმანურობიდან გამომდინარე, დაარბევდა კი არა, ყველას ამბრაზურასავით გადაეფარებოდა და დღემდე დაზარალებული ადამიანების ტკივილით იცხოვრებდა. ვინაიდან, მაშინ იქ არ იყო, ვერ გაითავისა შექმნილი მდგომარეობა, ვერ ჩასწვდა დარბეულთა შინაგან გრძნობებს და ბუნებრივია, ამჟამად ვერ განიცდის მტკივნეულად იმ ადამიანების წუხილს.

 

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ვიდეოში, რომელიც ვრცელდება, ის არ არის... არა, ცხვირიც ჰგავს, პირიც ჰგავს, შუბლიც ჰგავს, ნიკაპიც იგივეა, მაგრამ მაინც ის არ არის. ეს როგორო? იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით, მაგრამ კუპრავას ამაზეც აქვს პასუხი: „აეგრე, მე არ ვარ და მორჩა, სად მე, სად - ძალადობა?!“

 

ჰოდა, ასეთ ჰუმანურ ადამიანს ცილს რომ სწამებთ, თვით კეთილშობილებას რაღაცებს რომ უგონებთ, არ გრცხვენიათ? თუ არ გრცხვენიათ, მაშინ მიიღებთ ბებიათქვენისას, კუპრავა წავა სასამართლოში და მერე იქ ამტკიცეთ თქვენი შავი პიარი, თქვე სუს-ის აგენტებო, თქვენა!

 

ჰო, კიდევ ერთი საკითხი: რომ გადმოგიგდიათ ენები და იძახით, ზვიად კუპრავას მიხო სააკაშვილთან აქვს სურათი გადაღებულიო, ეგეც ჭორია, შავი პიარის ნაწილია! მისი თქმით, ამ ფოტოზე ის არ არის, სააკაშვილს სულ სხვა რაღაცაზე აქვს ხელი გადახვეული და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდულმა ფოტოშოპისტებმა მისი ფოტო ჩაამონტაჟეს. კი მაგრამ, რა უნდა, რა აკავშირებს ზვიად კუპრავას მიხო სააკაშვილთან?

 

აი, ამაშია საქმე, აგენტებო!

 

 

გიორგი ხმალაძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი