„დიდ მადლობას ვუხდი მათ ვინც მენდო და ეს მძიმე პასუხისმგებლობა დამაკისრა, მე ნამდვილად ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „მოამბის" ეთერში, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის პოსტზე მისი კანდიდატურა აირჩია.
ვასილ მაღლაფერიძეს თქმით, ის მზად არის, 9 იანვრიდან, კოლექტივთან ერთად, შეუდგეს დაძაბულ მუშაობას. ახალი გენდირექტორის მთავარი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დაიწყოს მედია-ბაზარზე ბრძოლა, რათა ერთ-ერთ მოწინავე მოთამაშედ იქცეს.
„ორშაბათიდან ვიწყებთ სიტუაციისა და ინვენტარიზაციის აღწერას, უნდა გავარკვიოთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, შევქმნათ გრძელვადიანი გეგმა, სადაც ყველა აქტივობა იქნება გაწერილი. აუცილებელია უმოკლესი გზით გავხდეთ მედია-ბაზრის ძირითადი მოთამაშეები.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება News room და რასაკვირველია, სხვა გადაცემებიც", - განაცხადა მაღლაფერიძემ.