logo_geo
რეზო ლაღიძე და მისი მხიარული ისტორიები
- +

10 ივლისი. 2018. 22:04

 

 

კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და მისი იუმორი საქვეყნოდ იყო ცნობილი, ამიტომ არც კურიოზები და სახალისო ისტორიები აკლდა.

 

კომპოზიტორს ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა და ნადირობა:

 

“თუ მიწაზე ფეხშიშველა არ გაივლი, საქართველოს როგორ შეიგრძნობ. თუ ერთხელ მაინც ფეხშიშველს ფეხში ეკალი არ შეგსობია, თუ ერთხელ მაინც ბადე არ გადაგიფენია ჩვენს ვიწრო მდინარეებზე, შენ საქართველოს ვერ შეიგრძნობ,” – ამბობდა კომპოზიტორი.

 

ნადირობასთან დაკავშირებით კი ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა:

 

ერთხელ, ჩემი მეგობრები, ბიძინა კვერნაძე და დავით ცერცვაძე მახლდნენ ღორზე სანადიროდ. გადავწყვიტე, შემემოწმებინა და დარიგება დავუწყე: გამოქანებულ ღორს უნდა მოერიდო, ჩაუსაფრდე, არ შეიძლება პირდაპირ შეხვედრა-მეთქი. უცებ ძაღლების ყეფა გაისმა, ჩამოვრჩი და ვიყვირე, ღორი მოდის-მეთქი. იმ გზას, რომელსაც მივუყვებოდით, ნაკრძალის მაღალი ღობე გასდევდა გვერდით. შეშინებულმა დავითმა დაჰკრა ბიძინას მხარზე ხელი და ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მას ბიძინაც მიჰყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ისინიც მიხვდნენ ჩემს ხუმრობას, მაგრამ ნაკრძალიდან გამოსვლა ისე იოლი საქმე არ იყო. სად უნდა მეშოვა ღორი, რომ ამჯერად ღობის აქეთ მხარეს გადმოესროლა ჩემი მეგობრები?! ამიტომაც დიდ მანძილზე მოუხდათ ეკალბარდებში სიარული.“

 

ყველაზე ბევრი კურიოზი რეზო ლაღიძეს მეგობრებთან ერთად გადახდენია. კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე იხსენებდა:

 

“ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზოსთან ერთად. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო… პიერმა მითხრა, შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.”

 

*

 

„ერთხელ, მდინარე მაშავერაზე თევზაობისას რეზო ლაღიძეს „ასისტენტობას“ ვუწევდი. ის ბადეს მარჯვედ ისროდა, მე კი კალათი მეჭირა, რომელშიც დაჭერილ თევზებს ვყრიდი. ეს პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დანარჩენი ჩვენი მეგობრები ცეცხლს ანთებდნენ და „ნადავლის“ მოსახარშად ემზადებოდნენ. რეზო მდინარის მეორე მხარეს გადავიდა და დამიძახა, შენც გადმოდიო. მე თევზით გავსებული კალათით შუა მდინარემდე რომ მივედი, კოჭში უშველებელი ქვა მომხვდა, სიმწრისგან წავიჩოქე, თავის გადარჩენის მიზნით, კალათი მდინარეში ამოვავლე და რეზოს გავხედე. ერთხანს გაოგნებული მიყურებდა. დაინახა, რომ ცარიელი კალათით შუა მდინარეში ვიდექი, სანაპიროზე კი წყალი დუღდა. მადაზე მოსული ძმაკაცები თევზის მოსახარშად ემზადებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა დღე დამადგებოდა. რეზო მიხვდა, რომ ძალიან შევწუხდი. მთელი დღის ნაშრომი წყალში ჩავუყარე და მითხრა: მაშინ, ეს ჭურჭელი მდინარის წყლით გაავსე, ნამდვილი ჩაი მაშავერას ან ზრამის წყლით დუღდებაო. გადავწყვიტე, ეს დავალება მაინც პირნათლად შემესრულებინა და გულმოდგინედ ავავსე ჭურჭელი. თბილისში რომ ჩამოვედით და ჩაის ასადუღებლად მოვემზადეთ, ჩაიდნიდან ორი ბაყაყი ამოხტა.”

 

*

 

ერთხელ რეზო ლაღიძე და დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი ერთ წვეულებაზე მოხვდნენ. რეზო ლაღიძე ჭიქას ვერ მოაშორეს, ვახტანგ ფალიაშვილი კი პირიქით – ვერ მიაკარეს.

– პარადოქსებითაა ეს ქვეყანა სავსე, – უთხრა ვახტანგ ფალიაშვილმა რეზო ლაღიძეს, – ფალიაშვილი მე ვარ და მუსიკას შენ წერ…

– რას იზამ, ლაღიძე მე ვარ და ლიმონათს შენ სვამ, – უპასუხა რეზო ლაღიძემ.

 

*

 

ერთხელ რეზო ლაღიძესთან მეგობარი მივიდა. ბევრი რეკა კარზე ზარი, მაგრამ რეზომ ვერ გაიგო, რადგან ამ დროს ვაზის ტალავერით დაბურულ აივანზე იყო გასული და ქუჩაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი..

 

მეგობარი გამობრუნდა, ქუჩაში გავიდა და უკან გაბრუნდა. ამ დროს თავისი აივნიდან ბიძინა კვერნაძემ გადმოიხედა, რომელიც ზედა სართულზე ცხოვრობდა და მეგობარს ჩასძახა, სად მიდიხარო? – რეზოსთან ვიყავი სახლში არ დამხვდაო, – უპასუხა მეგობარმა. ბიძინამ ჩამოსძახა: – სახლში როგორ არაა, აბა, ეს კაცი ტოლმაა ვაზის ფოთლებში რომ ჩანსო?

 

*

 

რეზო ლაღიძეს ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდა – სანამ ინსტრუმენტზე დაკვრას დაიწყებდა, ოთახის დარაბებს საგულდაგულოდ ხურავდა. ამის მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ კომპოზიტორთა სახლში ცხოვრობდა და: – წერის დროს თუ ფანჯრები არ დავკეტე, დიდი შანსია, რომელიმე კოლეგამ “თავისი დაწერილი” ჩემივე მელოდია მომასმენინოსო.

 

*

 

თუ თანამედროვეებს ოდესმე საყვედური გამოუთქვამთ რეზო ლაღიძისადმი, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალზე გატაცებული იყო თევზაობით და ნადირობით და ნაკლებ დროს უთმობდა შემოქმედებას. აკი თავად უთქვამს: „ზუსტად ვიცი საქართველოს რომელ მდინარეში რა ტემპერატუირის წყალი მოედინება და რა ჯიშის თევზი ბინადრობს“.

 

გასული საუკუნის 60-იან წლებში, კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ პლენუმზე, შედგა კომპოზიტორის სიმფონიური სურათის „საჭიდაოს“ პრემიერა. პლენუმს, საპატიო სტუმრის რანგში, ესწრებოდა დიმიტრი შოსტაკოვიჩი. პლენუმის კონცერტების შემდეგ გაიმართა მოსმენილი ნაწარმოებების განხილვა. მომხსენებელი ცნობილი მუსიკათმცოდნე პავლე ხუჭუა იყო. ჯერი საჭიდაოზე და მის ავტორზე მიდგა. პავლე ხუჭუამ ხმას აუწია: ”ის „ბოროტმოქმედია“, “преступник”. დიახ, ნამდვილი „ბოროტმოქმედი“ – უნდა ჩაკეტო ოთახში, იჯდეს და წეროს მუსიკა”.

 

კვლავ ნადირობა-თევზაობის თემა წამოიწია.

 

ჯერი საპატიო სტუმარზე – შოსტაკოვიჩზე მიდგა – „მე სიამოვნებით გავხდებოდი თავგამოდებული მეთევზე, თუ ჩემს ბადეს ისეთი „ოქროს თევზი“ მოჰყვება, როგორიც „საჭიდაოა“…

 

მეორე დღეს, მუსიკოსები ხუმრობდნენ: „მონკავშირის” მაღაზიებში კომპოზიტორთა გრძელი რიგი დგასო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი