logo_geo
„უგულავას გამოშვებას და მისი ხელით „ნაცმოძრაობის“ უფრო სწრაფ დაშლას გეგმავენ“
- +

6 იანვარი. 2017. 15:06



თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ე.წ. „თბილსერვისის" საქმის განხილვა. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, თუმცა უცნობია, როდის მიიღებს სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა განხილვის ბოლო დღე მეტად საინტერესო გამოდგა, როემლზეც თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.


„არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც კატეგორიულად არ ვიღებ... მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დავასაქმე. წელიწადზე მეტია, შენობიდან არ გამოვსულვარ და გადავწყვიტე მოვსულიყავი იმიტომ, რომ ამ საქმეში სიცხადე შემეტანა. ვაცნობიერებ იმას, რომ ის, რაც მინდოდა გამოსულიყო კარგად არ გამოვიდა. დასაქმებას ვაღიარებ, მაგრამ ეს არ არის მითვისება და გაფლანგვა. ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ჩემ მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს არ ვიზიარებ", - განაცხადა უგულავამ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვაში.


დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა, რომ ისინი „პარტიულები" ყოფილიყვნენ, თუმცა აღიარა, რომ „თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.


„მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება", - განაცხადა გიგი უგულავამ.


უკვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ უგულავას ეს ნაწილობრივი აღიარება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდება.


„ნაცმოძრაობის" იმ ფრთის წარმომადგენლები, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილი რჩება, მიიჩნევენ, რომ: „ხელისუფლება უგულავას გამოშვებას და მისი ხელით „ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ და საფუძვლიან დაშლას გეგმავს".


ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს:


„უგულავა რომ საკრებულოს წევრად ან სულაც თბილისის მერობის კანდიდატად ვიხილოთ... და „ნაცებისგან" შემდგარი ორი პარტია რომ დაეჭიდოს ერთმანეთს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიგის და მიშას ხელმძღვანელობით, ახალ ოპოზიციასაც ძებნა აღარ დასჭირდება, აგერაა გამზადებული."


დასავლეთიც კმაყოფილია (ვისაც შერჩება საქართველოს მიმართ ინტერესი): ერთი მძლავრი აღარ, მაგრამ რამდენიმე საშუალო თუ მცირე ზომის პროდასავლური პარტია გამოჩნდება ადგილობრივი არჩევნებისთვის ბაზარზე - მიშასი, გიგისი, უსუფაშვილის, „გირჩი" და ა.შ.


ასეთი მაღალი კლასის პოლიტიკური კომბინაცია ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს: აფერუმ, იდეის ავტორსა და რეჟისორს".





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი