logo_geo
პავლე ინგოროყვა – რუსთველის დაბადების თარიღის დამდგენი
- +

11 ივლისი. 2018. 02:49

 

 

რუსთველის 850 წლის იუბილე 2016 უნდა აგეღნიშნათ და თან დამოუკიდებლობის დღე ცოტა, არ იყოს ნებისმიერი ერისათვის ამ დედამიწაზე მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს , წაიკითხეთ მაინც რა და როგორ.

 

1166 პავლე ინგოროყვა – რუსთველის დაბადების თარიღის დამდგენი.

 

პავლე ინგოროყვა

 

(1893–1990 წ.წ.)

 

წადილი იმისა, რომ როგორმე აღედგინა რუსთველის საიდუმლოებით მოცული ბიოგრაფია, სიჭაბუკიდანვე სდევდა თან და "ვეფხისტყაოსნის" მხატვრულ სამყაროშიც რეალობის არსებობის კვალს ამ თვალთახედვით ჩხრეკდა და იმ დროინდელ მატიანეთა ცნობებსაც ამ იმედით სინჯავდა. რასაც დამაჯერებლად მიიჩნევდა, რუსთველის ბიოგრაფიის დეტალებად აღიარებდა. და თანდათან ერთიანი ქარგის შევსებასა და ბუნებრივ გამთლიანებას ესწრაფოდა.

 

მტკიცედ სწამდა, რომ შოთა ჰერეთისა და რუსთავის მესამე მფლობელი გახლდათ, ბაგრატიონთა გვერდითი შტოს შთამომავალი და გრიგოლ ერისთავის უფროსი ვაჟი, ამიტომაც გადმოსცემოდა მემკვიდრეობად ჰერეთის საერისთავო.

 

დაბადების თარიღს ადრე მიახლოებით, გარკვეული წლების ფარგლებში ვარაუდობდა „რუსთველიანას" ხელახალი გამოცემის დროს კი (პირველი გამოცემიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ), 1963 წელს, თხზულებათა კრებულის I ტომში უფრო ნიშანდობლივად შეეცადა თარიღის დაზუსტებას.

 

დარწმუნებული იყო, რომ მატიანეთა ცნობები და "ვეფხისტყაოსნის" ჩვენება ერთმანეთს ეთანხმებოდა და ავსებდა. მნიშვნელოვნად მიიჩნევდა იმ ცნობას, რომ გრიგოლის ძენი სამეფო კარზე მიუღიათ 1191 წელს და ამ დროს მომხდარა "შეწყალება" და "დალოცვა" შოთასი და მისი უმცროსი ძმისა. რადგანაც 23 წელი ითვლებოდა სრულწლოვანებად და ამ დროს ხდებოდა პირველი დალოცვა მფლობელად.

 

...ამას რომ ამტკიცებდა და საერთოდ "ვეფხისტყაოსანში" იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ყოფის, ისტორიული სინამდვილის მკაფიო ანარეკლს ხედავდა, ამიტომაც მიუთითებდა საგანგებოდ – "ვეფხისტყაოსანი", პირველ ყოვლისა, რასაკვირველია, პოეზიაა და მხოლოდ შემდეგ – სინამდვილე. ისტორიული სინამდვილე აქ პოეტურ ასპექტშია მოცემული, და ბევრ შემთხვევაში ძნელია აქ ზუსტად ხაზის გავლება, თუ სად თავდება პოეზია და სად იწყება სინამდვილე და მაინც, "ვეფხისტყაოსანში" ისტორიული ელემენტები გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ეს ამჟამად შეგვიძლია გავარჩიოთო.

 

რისი გარჩევაც შეიძლებოდა, ცოტა არც ის იყო – გარდა ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა, ისტორიულ პირთა გარკვეულ მოგონებას იწვევდა ფარსადანიც /გიორგი მასამე, დავარიც /თამარის მამიდა – რუსუდანი, ხვარაზმშაც /გიორგი რუსი სვეუბედური.

 

ამასთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის მიხედვითაც, პოემისეული ინდოეთის სამეფო საკმაოდ წააგავდა მე-12-13 საუკუნეთა საქართველოს სამეფოს და არამარტო ზოგადი ანალოგიით – ორივე სახელმწიფო "შვიდი სამეფო" გაერთიანებად რომ იწოდებოდა – არამედ მსგავსება კიდევ უფრო ნიშანდობლივად იკვეთებოდა.

 

როგორც ინდოეთში, ასევე საქართველოში ექვსი სამეფო უკვე გაერთიანებულია, ხოლო მეშვიდე სამეფო /ერთგან – ტარიელის სამშობლო, მეორეგან კი – შოთასი, ჰერეთი, ყველაზე გვიან შედის ამ სამეფოთა კავშირში.

 

როგორც შეერთებულ ექვს სამეფოს, ისე დამოუკიდებლად არსებულ მეშვიდე სამეფოს განაგებს ერთი და იმავე გვარეულობის დინასტია.

 

მეშვიდე სამეფოს შემოერთება ორივეგან ხდება პოლიტიკური გართულების გარეშე და ყოფილი მეფე მეშვიდე სამეფოსი პატივითაა მიღებული გაერთიანებული ქვეყნის მეფეთა-მეფის კარზე და მას უბოძებენ თავისი ყოფილი სამეფოს განმგებლობას.

 

ნაწყვეტი წიგნიდან „ბედი პავლე ინგოროყვასი“.

 

დიმიტრი ჩხეიძე

 

 

big_banner
არქივი