თითქმის ყოველ წელიწადს, გომბორზე მომხდარი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გვესმის. წელსაც, გომბორის უღელტეხილზე, რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა: საწვავით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ექსკურსიის ავტობუსი, რომლითაც მოსწავლეები და მშობლები მგზავრობდნენ, ხევში გადავარდა და 4 ადამიანი დაიღუპა, მომხდარიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, გომბორის გზაზე ბელორუსი ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა და 8 ადამიანი დაშავდა.
რა ხდება კონკრეტულად გზის ამ მონაკვეთზე ხშირი ავარიების მიზეზი და როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება - ამის შესახებ AMBEBI.GE საგზაო უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები იმაზე მეტყველებს, რომ გომბორი პრობლემური მონაკვეთია, რომლის დეტალურად შესწავლა უნდა მოხდეს. დავით მესხიშვილის ვარაუდით, მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, შესაძლოა, ინფრასტრუქტურული პრობლემა იყოს.
„ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს ისე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლს არ იწვევდეს. ამ ადგილს უნდა დაერქვას „შავი წერტილი“, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. დედაქალაქშიც გვაქვს ასეთი ადგილები, ასე რომ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ამ მიმართულებით არ გვსმენია, რომ მაგალითად, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ შსს გამოაქვეყნებს, რომელი კონკრეტული მონაკვეთია ყველაზე უფრო პრობლემატური და ამ შემთხვევაში დაიწყება პრევენციული ღონისძიებების გატარება“ - განმარტა დავით მესხიშვილმა.