logo_geo
დედა-დედოფლის გარშემო „თავვერმოყრილი“ მიშასეული პარტიის წევრები, მაკკეინი, ორჯონიკიძის ასული და რაინდი შუბლაძე
- +

6 იანვარი. 2017. 15:28



„გავაცილეთ 2016 წელი. კი ამბობდნენ, მაიმუნის წელი იყოო, მაგრამ, მგონია, უფრო უბედურებისა და პირისაგან მიწისა აღგვის წელი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის", „რესპებისა" და „თავდემებისთვის", - წერს „კვირის პალიტრა".


„ვაკვირდები 2012 წლამდელი საქართველოს 9-წლიან ისტორიას და ბოლო ოთხი წელი მართლა უკეთესია, მაგრამ არა - საკმარისი და საოცნებო.

 

მთავარი და სასიამოვნო (თუნდაც გამაჟრიალებელი) პოლიტიკური ფაქტი გასულ წელს „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა იყო. მართალია, ჯონ მაკკეინი ჩამობრძანდა სიტუაციის დასალაგებლად, მაგრამ გატეხილის უნაკლოდ გამთელება-შეწებება გამორიცხულია! მაგას ჯობს, ახალი პარტია შექმნან და ვინც იქ გაწევრდება, სწორედ ეგ იქნება ჭეშმარიტი მიშისტი! ეჰ, ჩვენო ვერცხლისწყალივით დაუდეგარო და დიდო შემოქმედო მიშა, რა დედაბოძი წაგვექეცი! შენ ყოფილიყავ საქართველოში და მერე ეჭიჭყინათ ამ უდღეურ და უხერხემლო, შენგან ხელდასხმულ გოგო-ბიჭებს! არ უშველა რებრენდინგმა „ნაციონალურ მოძრაობას", არც სანდრას აუწონავ-გაუზომელი ხმა აღმოჩნდა სირინოზის ვოკალის ძალის, თავი რომ მოეყარათ მიშასეული პარტიის გაფანტულ წევრებს დედა-დედოფლის გარშემო... კი ამბობდნენ, ვაშაძისა და ჯაფარიძის გამოცალკევება უკეთესი იყო "ნაცმოძისთვისო", მაგრამ სადაა დადებითი შედეგი?

 

იმდენად აებნათ თავ-გზა „ნაციონალებს", ვინ რას სჩადის, გაგება აღარაა. ბადრი შუბლაძე ასჯერ იგვემა და გაილანძღა მიშას გამო (კი ეკუთვნის მაგ კაცს „ნაცმოძისთვის" წამებული რაინდის წოდება), ორჯონიკიძის ასულმა ისეთი ფოტო გამოამზეურა, ვეღარ გავიგეთ, ფიზიკური პოლიტიკური თუ ფიზიოლოგიური „კლიმატის" ბრალი იყო, თუ იმის გამო გააკეთა ეს, გახდილობა ერთობ რომ პოპულარული გახდა საქართველოში? იდეოლოგიური და საკულტო რწმენის დანგრევით უნდა ავხსნათ ეს ფაქტი ალბათ, სხვაგან სად უნდა იყოს აბა, ძაღლის თავი დამარხული?", - წერს გამოცემა.


„რა წყალწაღებული ბედისანი ვართ, ვწუწუნებთ და მუდამ ხელისუფლებას ვაბრალებთ საკუთარ ბედუკუღმართობას, არადა, ეს ხელისუფლება ვისი მოყვანილია? მივდივართ საარჩევნო ურნებთან აღტაცებულნი, ვირჩევთ ზვიადს, ედუარდს, მიშასა თუ ბიძინას 90%-ით და მერე, რამდენიმე თვეში ამდენივე პროცენტი ვიწყებთ ხელისუფლების ლანძღვასა და გინებას, თითქოსდა გუგულის ფრთებზე (თუ ფეხებზე!) არ ეკიდოს ჩვენი უბედობა!

 

რას მოგვიტანს მამლის წელი? არც არაფერს, გარდა იმისა, რომ მოზოდიაქე ცაგარელის დირექტივებით გაბრუებულ ხალხს ექნება იმედი, რომ წელს აეწყობა ცხოვრება თავისით. არადა, მამლები კი დაგვცინებენ, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, სულ არ მაღელვებსო! მერწმუნეთ, ვიდრე არჩევანის გაკეთებას არ ვისწავლით და არ მივხვდებით, რომ ხელისუფლება დაქირავებული ადამიანების ჯგუფია, რომელიც უნდა გვემსახუროს, მანამდე არც მაიმუნის წელი მოგვშორდება და არც მაიმუნური ხელისუფლება!" - ნათქვამია „კვირის პალიტრის" „პროვოკატორის ბლოგში".





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი