logo_geo
რომელუ ლუკაკუ: ახლა აღარ ჭირდებათ ჩემი პირადობის შემოწმება - იციან ჩვენი სახელი...
- +

12 ივლისი. 2018. 04:15

 

 

ცხადად მახსოვს ის მომენტი, როცა გავაანალიზე, რომ უკიდურესად გვიჭირდა. ახლაც წარმოვიდგენ ხოლმე მაცივართან მდგომი დედაჩემის გამომეტყველებას.

 

ექვსი წლის ვიყავი. ლანჩისთვის დავბრუნდი სახლში შესვენებაზე სკოლიდან. ყოველდღე ერთი და იგივე საკვები გვქონდა: პური და რძე. პატარა როცა ხარ, დიდად არ ფიქრობ ამაზე. ახლა ვხვდები მიზეზს - ეს ერთადერთი იყო, რაც იმ დროს გაგვაჩნდა.

 

ერთ დღესაც სახლში დავბრუნდი, შევედი სამზარეულოში და დავინახე დედაჩემი, რომელიც მაცივართან იდგა რძის ყუთით, როგორც ყოველთვის. თუმცა ამჯერზე რძის ყუთს რატომღაც იქნევდა - თითქოს რძეში რაღაცას ურევდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ამის შემდეგ ლანჩი მომიტანა და ისე იღიმოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ მე მივხვდი რაშიც იყო საქმე.

 

რძეში წყალს ურევდა. არ გვქონდა იმდენი ფული, რომ რძე მთელი კვირა გვყოფნოდა. ღატაკები ვიყავით. ღარიბები კი არა, ღატაკები.

 

მამაჩემი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, თუმცა კარიერას ასრულებდა და ფულიც საერთოდ აღარ ჰქონდა. პირველი რასაც სახლში შეველიეთ, საკაბელო მაუწყებლობა იყო. ვეღარ ვუყურებდით ფეხბურთს, დღის მატჩებს. სიგნალი გაითიშა.

 

შემდეგ ეტაპზე ჩაბნელებულ სახლთან მომიწია შეგუება. იყო პერიოდი ელექტროენერგია არ გვქონდა გადაბმულად 2-3 კვირა. არ გვქონდა ცხელი წყალი და დედაჩემი ღუმელზე აცხელებდა წყალს იმისთვის რომ მებანავა - ვიდექი საშხაპეში და ჭიქით ვისხამდი თავზე თბილ წყალს.

 

იყო პერიოდი, როდესაც დედაჩემს „ნისიაზე“ მოჰქონდა პური ქუჩის ბოლოში მდებარე საცხობიდან. მცხობელი გვიცნობდა მე და ჩემ პატარა ძმას და ამიტომ ატანდა დედას პურს ორშაბათობით იმ პირობით, რომ პარასკევს ფულს დააბრუნებდა.

 

ვიცოდი, რომ არსებობისთვის ბრძოლა გვიხდებოდა, მაგრამ იმ მომენტში, როცა დედა დავინახე რძეს როგორ ურევდა წყალს, მივხვდი რომ ეს იყო დასასრული. მიხვდით ხომ რასაც ვგულისხმობ? ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება.

 

სიტყვა არ მითქვამს. არ მინდოდა დამესტრესა. უსიტყვოდ შევჭამე ლანჩი, მაგრამ იმ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება მივეცი საკუთარ თავს. თითქოს ვიღაცამ შემაჯანჯღარა და გამომაფხიზლა. ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რას გავაკეთებდი.

 

არ შემეძლო მეყურებინა, როგორ ცხოვრობდა დედაჩემი. მე ამას ვერ ავიტანდი, ვერ გავუძლებდი.

 

ფეხბურთთან დაკავშირებულ ადამიანებს უყვართ მენტალურ სიძლიერეზე საუბარი.

 

მე ვარ ყველაზე ძლიერი ტიპი, რომელსაც შეხვდებით. მე ვიჯექი ჩემ ძმასთან და დედაჩემთან ერთად სიბნელეში - ვლოცულობდი, ვფიქრობდი, მჯეროდა და ვიცოდი... ვიცოდი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა.

 

საკუთარი თავისთვის მიცემულ დაპირებას ჩემთვის ვინახავდი. მაგრამ ერთ დღეს სკოლიდან მოსულს ატირებული დედაჩემი რომ დამხვდა სახლში, გადავწყვიტე და დედასაც გავუმხილე - „დედა, შეიცვლება ეს ყველაფერი. აი, ნახავ. მე ვითამაშებ ფეხბურთს ანდერლეხტში, ეს ძალიან მალე მოხდება. ჩვენ კარგად ვიქნებით. შენი სადარდებელი გაქრება. აღარ იქნები ასე”.

 

ექვსი წლის ვიყავი, როცა მამაჩემს ვკითხე რა ასაკიდან იწყებდნენ პროფესიული ფეხბურთის თამაშს. მიპასუხა, 16 წლიდანო და მაშინ ვთქვი: „გასაგებია. 16 წლის ასაკში ეს მოხდება.“

 

ეს აუცილებლად მოხდებოდა. და თან დათქმულ პერიოდში.

 

ეხლა მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვა - ყველა თამაში ჩემთვის იყო ისეთი, როგორც ბოლო თამაში. პარკში ვთამაშობდი, მაშინაც ეს განცდა მქონდა. საბავშვო ბაღში ვთამაშობდი შესვენების დროს, მაშინაც. მთელი სერიოზულობით ვამბობ. ვცდილობდი დამეხია ბურთის გარსი დარტყმისას. მთელი ძალით. ჩვენ არ ვაჭერდით R1 ღილაკს. ტექნიკური დარტყმა არაფერ შუაში არ იყო. მე არ მქონდა ახალი FIFA და არც Playstation-ი.

 

როცა სიმაღლეში წავედი, მასწავლებლები და მშობლები მსტრესავდნენ. არასდროს დამავიწყდება, ერთ-ერთმა ზრდასრულმა როგორ მკითხა, „რამდენი წლის ხარ? რომელ წელს დაიბადე?“

 

მეთქი, რა? სერიოზულად მეუბნები?

 

11 წლის ვიყავი ლიერსის ახალგაზრდულ გუნდში რომ ვთამაშობდი და მოწინააღმდეგე გუნდიდან ერთმა მშობელმა თითქმის არ გამიშვა მოედანზე. იმეორებდა: „რამდენი წლის არის ეს ბავშვი? სად არის მისი პირადობის მოწმობა? საიდან არის წარმოშობით?“

 

ჩემთვის ვფიქრობდი: „საიდან ვარ? რას კითხულობს? ანტვერპენში დავიბადე. ბელგიელი ვარ“.

 

მამაჩემი თან არასდროს მახლდა, რადგან მანქანა არ ჰყავდა რომ გასვლით მატჩებს დასწრებოდა. სულ მარტო ვიყავი და თავიც ჩემით უნდა დამეცვა. პირადობის მოწმობა ამოვიღე ჩანთიდან და ყველა მშობელს ვაჩვენე. ერთმანეთს გადასცემდნენ და ამოწმებდნენ. მახსოვს, სიბრაზისგან სისხლი როგორ მაწვებოდა. ვფიქრობდი: „ძალიან კარგი. თქვენს შვილს ახლა უარეს დღეში ჩავაგდებ, გავანადგურებ. მის დამარცხებას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ ახლა გავანადგურებ. ატირებულს წაიყვანთ სახლში.“

 

მინდოდა, ბელგიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი მიზანი. არც კარგი უნდა ვყოფილიყავი, არც ძალიან კარგი, უნდა ვყოფილიყავი საუკეთესო. მთელი ჟინით ვთამაშობდი და ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა... ვირთხები, რომლებიც ჩვენს სახლში დარბოდნენ... ჩემპიონთა ლიგები, რომლებსაც ვერ ვუყურებდი... მზერა, რომლებსაც სხვისი მშობლების თვალებში ვკითხულობდი.

 

მე მისია მქონდა შესასრულებელი.

 

თორმეტი წლისას ანგარიშზე 34 თამაშში გატანილი 76 გოლი მქონდა.

 

ყველა ეს გოლი მამაჩემის ფეხსაცმლით გავიტანე. როგორც კი ერთი ზომის ფეხი გაგვიხდა, ერთმანეთს ვთხოვნიდით.

 

ერთ დღეს ბაბუაჩემს შევეხმიანე - დედაჩემის მამას. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მაკავშირებდა კონგოსთან, საიდანაც იყვნენ წარმოშობით ჩემი მშობლები. ტელეფონით ველაპარაკებოდი და ვუთხარი: „საქმეები ნამდვილად კარგად მიდის. 76 გოლი გავიტანე და ლიგაც მოვიგეთ. დიდი გუნდები უკვე მამჩნევენ.“

 

როგორც წესი, ჩემი ფეხბურთის ამბების მოსმენა უყვარდა. მაგრამ ამ ჯერზე რაღაც უცნაური შევატყვე. მითხრა: „ძალიან მაგარია, მაგრამ შეგიძლია რაღაც შემისრულო?“

 

ვკითხე: „რა უნდა შეგისრულო?“

 

მიპასუხა: „ჩემს გოგოს მიხედავ?“

 

მახსოვს, როგორ დავიბენი. ვფიქრობდი, რა უნდა ბაბუაჩემს, საით მიჰყავს ეს ლაპარაკი-მეთქი?

 

ვუთხარი: „დედას? მშვენივრად ვართ. ნორმალურად.“

 

მითხრა: „არა, დამპირდი. შეგიძლია დამპირდე? მიხედე ჩემს გოგოს. ჩემ გამო მიხედე მას, შეძლებ?“

 

ვუპასუხე: „გავიგე, ბაბუა. გავიგე. გპირდები.“

 

5 დღის შემდეგ გარდაიცვალა. და მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი სინამდვილეში რას გულისხმობდა.

 

ძალიან ვსევდიანდები, როცა ამაზე ვფიქრობ. ნეტა კიდევ 4 წელი ეცოცხლა, რომ ენახა ანდერლეხტში ჩემი თამაში. მინდოდა ცოდნოდა, რომ პირობა დავიცავი. მიმხვდარიყო და დაეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

 

დედას ვუთხარი რომ მიზანს 16 წლის ასაკში მივაღწევდი.

 

ზუსტად 11 დღით დამაგვიანდა.

 

24 მაისი, 2009 წ.

 

პლეიოფის ფინალი. Anderlecht vs. Standard Liège.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გიჟური დღე. მაგრამ ერთი წუთით უკან უნდა დავბრუნდეთ, რადგან სეზონის დაწყებამდე მე თითქმის არ მითამაშია ანდერლეხტის ცხრამეტწლამდელთა ძირითად შემადგენლობაში. მწვრთნელი სათადარიგო სკამზე მტოვებდა. ვფიქრობდი: „როგორ უნდა მოვასწრო პროფესიული კონტრაქტის გაფორმება ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე თუ ჯერ კიდევ ცხრამეტწლამდელთა-ის სათადარიგო სკამზე ვზივარ?“

 

სწორედ ამიტომ, ჩემს მწვრთნელთან სანაძლეო დავდე.

 

ვუთხარი, “გარანტიას გაძლევ. თუ ნამდვილად მათამაშებ, დეკემბრამდე 25 გოლს გავიტან.”

 

მან დამცინა, დამცინა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

 

მე ვუთხარი: “სანაძლეო დავდოთ.”

 

მან თქვა: “კარგი, მაგრამ თუ შენ დეკემბრამდე 25 ქულას ვერ ააგროვებ, სათადარიგო სკამზე დაჯდები”.

 

მე ვუთხარი: “კარგი, მაგრამ მე თუ მოვიგებ, შენ დაასუფთავებ ყველა მინივენს, რომელსაც მიყავს მოთამაშეები ვარჯიშიდან სახლში”.

 

მან თქვა: “კარგი, შევთანხმდით”.

 

მე ვთქვი: “კიდევ ერთი რამ - შენ დაგვიმზადებ ბლინებს ყოველ დღე”.

 

მან თქვა: “კარგი”.

 

ეს იყო ყველაზე სულელური სანაძლეო, რომელიც ადამიანს ოდესმე დაუდია.

 

ნოემბრისთვის უკვე 25 ქულა მქონდა და ბლინების ჭამაც ახალ წლამდე დავიწყეთ.

ეს ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს - არასდროს დაენიძლაოთ საჭმელზე ბიჭს, რომელსაც შია!

 

პროფესიულ კონტრაქტს ანდერლეხტთან ხელი ჩემს დაბადების დღეზე, 13 მაისს მოვაწერე. იქიდან პირდაპირ წავედი და ფიფას ბურთი და საკაბელო მაუწყებლობის პაკეტი ვიყიდე. ეს თითქმის სეზონის დასასრული იყო, სახლში ვიყავი და ვისვენებდი. ბელგიის ლიგა იმ წელს გაგიჟდა, რადგან ანდერლეხტს და სტანდარტ ლიგას თანაბარი ქულები ჰქონდათ. ასე რომ, გამარჯვებულის გამოსავლენად მოუწიათ ფინალური თამაში.

 

პირველი მატჩის დროს, სახლში ვიჯექი და ფანივით ვუყურებდი.

 

მეორე ლიგამდე, წინა დღით, რეზერვის მწვრთნელისგან სატელეფონო ზარი მივიღე.

 

„დიახ?“

„გამარჯობა, რომ. რას აკეთებ?“

„პარკში ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდი“

„არა, არა, არა, არა, არა. ჩაბარგდი. ახლავე.“

„რატომ? რა დავაშავე?“

„არა, არა, არაფერი. სტადიონზე უნდა გაჩნდე, ახლავე. პირველ გუნდს სჭირდები“.

„რა? მე?“

„ჰო, შენ. ახლავე წამოდი“.

პრაქტიკულად შევფრინდი მამაჩემის საძინებელში: „სასწრაფოდ ადექი! წასასვლელები ვართ! „

ის კიდევ დაბნეული მეკითხება: „რა? წავიდეთ? სად წავიდეთ?“

ვეუბნები: „ანდერლეხტში უნდა წავიდეთ.“

 

არასდროს დამავიწყდება, სტადიონზე შევედი, თითქმის შევვარდი გამოსაცვლელში, სადაც მკითხეს: „რა ნომერი მოგცეთ?“

 

მე ვუთხარი: „მომეცით ნომერი 10“.

 

კითხვა გამიმეორეს. მე ისევ იგივე პასუხი დავუბრუნე: „მომეცით ნომერი 10“.

ჰა ჰა ჰა ჰა! არ ვიცი. ალბათ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის რომ შემშინებოდა.

 

მპასუხობს: „აკადემიის მოთამაშეებს მხოლოდ 30-ს ზემოთ რიცხვების აღება შეუძლიათ“.

 

ვუთხარი: კარგი. სამს მივუმატოთ ექვსი არის ცხრა, ცხრა კარგი რიცხვია, ამიტომ მომეცი 36.

 

იმ დღეს სასტუმროში უფროსმა მოთამაშეებმა სადილზე მათთვის მამღერეს. არც მახსოვს, რომელი სიმღერა ავარჩიე. თავბრუ მესხმოდა.

 

მომდევნო დილას, ჩემმა მეგობარმა კარზე კაკუნით ამიკლო, უნდოდა დარწმნუნებულიყო რომ მინდოდა ფეხბურთის თამაში და ამ დროს დედაჩემი პასუხობს:

„უკვე გარეთ არის და თამაშობს.

ჩემი მეგობარი: „თამაშობს? სად?“

დედა: „ფინალში.“

 

ავტობუსიდან ჩამოვედით სტადიონთან, თითოეული მოთამაშე საგანგებოდ იყო ჩაცმული ძალიან კარგ ფორმებში. ჩემ გარდა ყველა. მე ავტობუსიდან ჩამოვედი საშინელ მოსაცმელში და ყველა ტელეკამერა მე მომჩერებოდა. 300 მეტრი უნდა გამევლო გამოსაცვლელამდ - დაახლოებით 3 წუთის სავალი გზა.

 

როგორც კი შევდგი ფეხი გამოსაცვლელში, ჩემი ტელეფონი აფეთქდა. ყველამ მნახა ტელევიზორში. 3 წუთში 25 მესიჯი მივიღე. ჩემი მეგობრები გაგიჟდნენ. მწერდნენ:

 

„ბიჭო?! რატომ ხარ თამაშზე?!“

 

„რა ხდება? რატომ ხარ ტელევიზორში?”

 

ერთადერთი ვისაც პასუხი დავუბრუნე, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.

 

მივწერე: “ბიჭო, არ ვიცი ვითამაშებ თუ არა. აზრზე არ ვარ რა ხდება. მაგრამ ტელევიზორს უყურე.”

 

63-ე წუთზე, მენეჯერმა გამომიძახა.

 

ანდერლეხტის მოედანზე ზუსტად 16 წლის და 11 დღის გავედი.

 

წავაგეთ ფინალი ამ დღეს, მაგრამ მე უკვე სამოთხეში ვიყავი. დედისთვის და ბაბუისთვის მიცემული პირობა შევასრულე. იმ მომენტში უკვე ვიცოდი, რომ კარგად ვიქნებოდით.

 

მომდევნო სეზონი - სკოლას ვამთავრებდი და პარალელურად ევროპის ლიგაში ვთამაშობდი. სკოლაში დიდი ჩანთის ტარება მიწევდა, შუადღის ფრენისთვის რომ მიმესწრო. ლიგა ბოლო წამს მოვიგეთ და მეორე კანდიდატი ვიყავი წლის აფრიკელი მოთამაშის სტატუსის მისაღებად. ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილი სიგიჟე იყო...

 

ამ ყველაფერს ველოდი, მაგრამ არც ასე სწრაფად. მოულოდნელად ისე გამოვიდა, რომ მთელი მედია ჩემზე მუშაობდა, ჩემს მიმართ საზოგადოების მოლოდინებს ზრდიდა. განსაკუთრებით ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში.

 

არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ ბელგიისთვის კარგად ვერ ვთამაშობდი. რატომღაც არ გამოდიოდა.

 

მაგრამ, ე...კარგი რა. 17, 18, 19 წლის ვიყავი.

 

როცა საქმე კარგად მიდიოდა, გაზეთებს ვკითხულობდი. რომელუ ლუკაკუს მეძახდნენ, ბელგიელ თავდამსხმელს.

 

თუ არ მოგწონს როგორ ვთამაშობ, არ არის პრობლემა. მე აქ დავიბადე. ანტვერპენში, ლიეჟსა და ბრიუსელში გავიზარდე. ანდერლეხტისთვის თამაშზე ვოცნებობდი. ვინსენტ კომპანი მინდოდა ვყოფილიყავი. წინადადებას ფრანგულად დავიწყებ და ჰოლანდიურად დავასრულებ და შუაში ესპანურს, პორტუგალიურს ან ლინგალას გამოვურევ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ სამეზობლოში ვიმყოფებით.

 

მე ბელგიელი ვარ!

 

ჩვენ ყველა ბელგიელები ვართ. სწორედ ამით არის განსაკუთრებული ეს ქვეყანა. ასე არ არის?

 

ახსნას ვერ ვპოულობ, რატომ უნდათ ადამიანებს ჩემი ქვეყნიდან ჩემი მარცხის ნახვა. ნამდვილად ვერ ვხვდები. როცა ჩელსიში წავედი და არ ვთამაშობდი, ვხედავდი როგორ დამცინოდნენ. როცა გამანათხოვრეს ვესტ ბრომვიჩში, მაშინაც ვხედავდი როგორც დამცინოდნენ.

 

მაგრამ ეს კარგია. ეს ადამიანები ჩემთან არ იყვნენ მაშინ, როცა რძეში წყალს ვურევდით. თუ ჩემთან არ იყავი, როცა არაფერი მქონდა, ვერც გამიგებ.

 

ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ჩემპიონთა ლიგის 10 წელი გამოვტოვე, როცა პატარა ვიყავი. ამის ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა. სკოლაში ყველა ბავშვი ფინალზე ლაპარაკობდა, მე კი, წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდა. მახსოვს 2002 წელს, როცა მადრიდი ლევერკუზენს შეხვდა, ყველა ამბობდა: „ბურთისდაუშვებლად დარტყმა! ღმერთო, ბურთის დაუშვებლად დარტყმა!“

 

თავს ვაჩვენებდი თითქოს ვიცოდი რაზე საუბრობდნენ.

 

ორი კვირის შემდეგ, კომპიუტერულ კლასში ვისხედით და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ჩამოტვირთა ვიდეო, როგორც იქნა, ვნახე ზიდანი რომელსაც მარცხენათი გააქვს გოლი ზედა კუთხეში.

 

იმ ზაფხულს ჩემი მეგობრის სახლში წავედი, იმისთვის, რომ რონალდუს ფენომენალური თამაშისთვის მეყურებინა მსოფლიო თასის ფინალში. ყველაფერი სხვა მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი ჩემი კლასელებისგან.

 

მახსოვს, 2002 წელს ფეხსაცმელებში ნახვრეტები მქონდა. საკმაოდ მოზრდილი ნახვრეტები.

 

12 წლის შემდეგ მსოფლიო თასზე ვთამაშობდი.

 

სულ მალე კიდევ ერთზე ვითამაშებ და იცით რა? ამ ჯერზე თავს უფლებას მივცემ გავერთო. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა სტრესისა და დრამისთვის. ადამიანებს აქვთ უფლება ილაპარაკონ ჩემზე და ჩემს გუნდზე რაც უნდათ.

მისმინეთ, როცა ბავშვები ვიყავით, არ გვქონდა იმის ფუფუნება ტიერი ანრის დღის მატჩისთვის გვეყურებინა! დღეს მე ყოველდღე მისგან ვსწავლობ . ცოცხალი ლეგენდის გვერდით ვდგავარ და მიყვება იმაზე, თუ როგორ ვირბინო ჰაერში, როგორც თვითონ დარბოდა.

 

ტიერი არის ალბათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტ ფეხბურთს უყურებს. ჩვენ ყველაფერზე ვკამათობთ. ვსხედვართ და ვკამათობთ გერმანიის მეორე დივიზიის ფეხბურთზე.

 

მე: „ტიერი, ნახე ფორტუნა დუსელდორფის შემადგენლობა?”

ის: „ნუ სულელობ. რა თქმა უნდა.“

ეს ყველაზე მაგარი რამ არის ჩემთვის.

ძალიან მინდა, ბაბუაჩემი მოსწრებოდა ამას.

პრემიერ ლიგას არ ვგულისხმობ.

არც მანჩესტერ იუნაიტედს.

არც ჩემპიონთა ლიგას.

არც მსოფლიო თასებს.

 

ამას არ ვგულისხმობ. მინდა, ბაბუა იმ ცხოვრებას მოსწრებოდა, რომელიც დღეს გვაქვს. მინდა, მასთან ერთი ზარის უფლება მქონდეს და ვუთხრა:

 

„ხედავ? ხომ გეუბნებოდი. შენი გოგო კარგად არის. ჩვენს ბინაში ვირთხები აღარ დარბიან. იატაკზე აღარ გვძინავს. არავითარი სტრესი. მშვენივრად ვართ. მშვენივრად...“

 

... ახლა აღარ ჭირდებათ ჩემი პირადობის შემოწმება. იციან ჩვენი სახელი.

 

რომელუ ლუკაკუ

 

 

big_banner
არქივი