logo_geo
რეისი: თბილისი-დუბროვნიკი – „ადრიატიკის მარგალიტი“, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ!
- +

12 ივლისი. 2018. 22:16

 

 

3 საათისა და 15-წუთიანი ფრენის შემდეგ „საქართველოს ავიახაზების“ პილოტმა გვამცნო, რომ ჩვენი თვითმფრინავი მალე დაეშვება. ლაინერის ბორტგამცილებლები – ინგა და ეკა ყავას, ნატურალურ წვენს, ქართულ ღვინოს და ილუმინატორში გახედვას გვირჩევენ – ღრუბლების დაბლა ულამაზესი ქალაქი ხელისგულივით მოჩანს…

 

„იცოდით, რომ დუბროვნიკს, „ადრიატიკის ზღვის მარგალიტს“ უწოდებენ“?, – გვიყვება ბორტგამცილებელი მგზავრებს და თან საგულდაგულოდ ამოწმებს, რამდენად გვაქვს შეკრული უსაფრთხოების ქამრები. მაშინ ეს ნამდვილად არ ვიცოდი და ხორვატიის შესანიშნავი ქალაქის შესახებაც თითქმის არაფერი მსმენოდა.

 

დუბროვნიკს პატარა, მაგრამ მოხერხებული და კომფორტულად მოწყობილი აეროპორტი აქვს – ვერაფრით იტყვი, რომ  სულ რამდენიმე წლის წინ ეს ტერიტორია,  საბრძოლო მოქმედებებისგან პრაქტიკულად განადგურებული იყო.  ჩანს, რომ მდიდარი ქვეყნის მდიდარმა ქალაქმა აღდგენა მალევე შეძლო.

 

ადგილობრივები რომ თბილი და ყურადღებიანი ხალხია, ამას ტურისტულ ავტობუსში ჩასხდომისთანავე მივხვდით, როდესაც ხანშიშესულმა გიდმა ნევარმა „მთლად ქართულად“ მგზავრებს სახლში თავისივე ხელით დაწურული ჭაჭა შემოგვთავაზა… ნევარი გამოგვიტყდა, რომ სურდა, თავისი თვალწარმტაცი ქვეყნით ჩვენთვის თავბრუ დაეხვია და გვითხრა,  მცირე ალკოჰოლი ამაში დაგეხმარებათო… მე თუ მკითხავ, ხორვატიული „ჩაი“ (ასე ჟღერს ხორვატიულ ენაზე ჭაჭა) ზედმეტიც იყო, რადგან ავტობუსის ფანჯრებში დანახული კადრები – ულამაზესი მთები, ზურმუხტისფერი ზღვა და საოცარი სიმწვანე საკმარისი იყო გვეფიქრა, რომ სადღაც კარგ სიზმარში მოვხვდით…

 

 ამ ულამაზესი ქალაქის შესახებ შემიძლია დაუსრულებლად მოგიყვეთ, თუმცა ყველა ემოციას ვერ გადმოვცემ.

 

 შევეცდები, ძალიან მოკლედ მოგითხროთ მისი ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ… თუმცა, მაინც გირჩევთ, ადრიატიკის ზღვის უმშვენიერეს ქალაქს თავად ეწვიოთ და საკუთარი შთაბეჭდილებები მოაგროვოთ, თანაც თბილისიდან კვირაში ერთხელ უკვე დაინიშნა პირდაპირი რეისები და ქართველებს ხორვატიამდე უკვე რამდენიმე საათი გვაშორებს.

 

მნიშვნელოვანი ამბები ისტორიიდან და გეოგრაფიიდან

 

დუბროვნიკი ხორვატიის უკიდურეს სამხრეთშია და ის დალმაციის კუნძულზე მდებარეობს. „ადრიატიკის მარგალიტი“ იმდენად პატარა ტერიტორიაზეა გაშენებული, ალბათ მთელს ქალაქს მანქანით 2 საათში მოივლი. აქ სულ დაახლოებით 40 000 ადამიანი ცხოვრობს და წელიწადში მთელი მსოფლიოდან, სულ მცირე, 3 მილიონ ტურისტს მასპინძლობს.

 

 ისტორიულად დუბროვნიკი ადრიატიკისა  და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე წამყვანი საზღვაო სავაჭრო ცენტრი და სამხრეთ ევროპის უმდიდრესი ქალაქი იყო (შუა საუკუნეებში, მას იცნობდნენ, როგორც როგორც რაგუსას რესპუბლიკას). თავის დროზე ამ პატარა  სახელმწიფომ შეძლო, კონკურენცია გაეწია ვენეციისთვის. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში მისი დაპყრობა არაერთხელ უცდიათ. სხვადასხვა დროს დუბროვნიკის სლავმა  მოსახლეობამ მოახერხა ვენეციელთა და ოსმალთა მოგერიება და დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება. ოფიციალურად კი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მან 1272 წელს მიიღო, თუმცა 1808 წელს დაკარგა. ეს მოხდა საფრანგეთის ანექსიის დროს,  როდესაც დუბროვნიკმა ნაპოლეონს გამოუცხადა კაპიტულაცია.

 

ქალაქის მომდევნო ისტორია დიდად არ განსხვავდება დალმაციის დანარჩენი ქვეყნების ისტორიისგან. 1941 წლის აპრილიდან 1943 წლის სექტემბრამდე, დუბროვნიკი იტალიელი სამხედროების მიერ იყო ოკუპირებული, ხოლო შემდეგ ოკუპანტები გერმანელებმა შეცვალეს. 1944 წლის ოქტომბერში ქალაქი  გერმანელი დამპყრობლებისგან  იუგოსლავიელმა პარტიზანებმა იხსნეს.

 

1945 წელს დუბროვნიკი იუგოსლავიის ნაწილი გახდა. იუგოსლავიის დაშლა ქალაქისთვის მძიმე აღმოჩნდა. ხორვატიის მიერ 1991 წლის 25 ივნისს დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომი ომები დუბროვნიკის ისტორიაში მძიმედ აისახა. 1991 წლის 1 ოქტომბერს იუგოსლავიის სახალხო არმიამ ქალაქს ალყა შემოარტყა და მისი დამომბვა დაიწყო, რაც 1992 წლის მაისამდე გრძელდებოდა.

 

ომის დასრულებისას ხორვატიის მთავრობა იუნესკოსთან ერთად დუბროვნიკის აღდგენის პროექტს შეუდგა. მასშტაბური სამუშაოები 2005 წლამდე გაგრძელდა. ომში დაღუპულების პატივსაცემად მთაზე,  საიდანაც დაბომბვა ხდებოდა,  ჯვარი აღიმართა.

 

არქიტექტურა და ქალაქის ღირშესანიშნაობები

 

არქიტექტურული თვალსაზრისით დუბროვნიკი ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა: ე. წ. ახალი და ძველი ქალაქი. ძველი დუბროვნიკი ფაქტობრივად  ქალაქი – მუზეუმია, მისი მთავარი არტერიაა,  – 1979 წელს ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.  იგი XIV-XVIII საუკუნის ქვის გალავანშია მოქცეული და  ულამაზეს საუკუნოვან ნაგებობებს ინახავს.

 

აქ ყველა შენობას უზარმაზარი ისტორია აქვს და ბევრი მათგანი დღემდე ხელშეუხებელია.

 

ძველ დუბროვნიკში უზარმაზარ კულტურულ და არქიტექტურულ ძეგლებს აღმოაჩენთ, ისეთებს, როგორიცაა წმინდა ვლახის ტაძარი, XV საუკუნისდროინდელი გალავნის მიღმა მდებარე, 800 წლის წინანდელი გოთიკური ეკლესია და ევროპის უძველესი აფთიაქი, იტალიელი არქიტექტორის, ონოფრიო დე ლა კავის მიერ შექმნილი შადრევნები, ევროპაში ყველაზე ძველი სინაგოგა, ეთნოგრაფიული მუზეუმი და სხვა.

 

ისტორიულად ძველი რაგუსა ხორვატიული ენისა და ლიტერატურის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო — აქ ცხოვრობდნენ გამოჩენილი პოეტები, დრამატურგები, მხატვრები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები და სხვა მეცნიერები.

 

საინტერესო ეპიზოდები…

 

დუბროვნიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგად დაცული ისტორიული ძეგლი ლაზარეთია. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული შენობების სერიაა, რომელიც ქალაქის ძველ ნავსადგურში კლდოვან კლდეებთან ახლოს მდებარეობს.

 

ლაზარეთის კომპლექსი 10 აგურის შენობისა და 5 შიდა ეზოსგან შედგება. უწინ აქ დიდი ბაზარი იყო განთავსებული, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან გემებით ჩამოსული ტვირთი შედიოდა და საქონელი გასაყიდად გამოჰქონდათ. მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

 ქვეყნის მესვეურები შიშობდნენ, რომ შორეული ქვეყნებიდან ტვირთთან ერთად შესაძლოა, ძველ რაგუზაში მძიმე დაავადებები შეეტანათ. ამ რისკის თავიდან ასარიდებლად, 1590 წელს, სანაპიროზე, საკარანტინო კომპლექსი აშენდა. ყველა, ვინც ქალაქში ქარავანს ჩამოჰყვებოდა,  ადგილობრივი წესის თანახმად, 40 დღის განმავლობაში სწორედ ამ ლაზარეთში უნდა გაჩერებულიყო.  დუბროვნიკის სტუმრებს ქალაქის ქუჩებში გასვლის უფლება მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ.

 

ძველი რაგოსას  „თავადის  სასახლეში“ დღეს ადგილობრივი მთავრობის წევრები სხედან. კოშკი მე -15 საუკუნეში, გოთური და ადრეული რენესანსის შერეული სტილით აშენდა.  ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეში ქვეყანა კორუფციას მეტად თავისებურად ებრძოდა. ქვეყნის მმართველს გამგეობის წევრები თვეში ერთხელ ცვლიდნენ და, შესაბამისად, წელიწადში 12-ჯერ ქვეყანას ახალი თავადი ჰყავდა. ის ძველ რაგუზას სწორედ ამ სასახლიდან მართავდა. კოშკის შესასვლელთან იყო წარწერა: „დაივიწყეთ პირადი საქმეები, იფიქრეთ სახელმწიფოზე”.  სურდათ ეს თუ არ სურდათ, დუბროვნიკის მმართველებს პირადი საქმეების გვერდზე გადადება მაინც უწევდათ. მაშინდელი კანონის თანახმად, თავადებს სასახლის დატოვება მხოლოდ სამსახურებრივ საქმეებზე შეეძლოთ, ან, გამონაკლის შემთხვევაში, ავადმყოფობის დროს.

 

ამავე  სასახლეში მოქმედებდა თავშესაფარი, შეხვედრის ოთახი, სასამართლო, ციხე, იარაღის საწყობი, ასევე ინახებოდა  გასაღებები, რომლითაც  ქალაქის კარიბჭეებს ღამით კეტავდნენ.

 

დუბროვნიკის ძველი ქალაქის მოსახლეობა ქალაქში შესასვლელად ორ კარიბჭეს – პლოცეს და პილეს იყენებდა. მოძრავი ხის ხიდებისგან შექმნილი კონსტრუქციის წყალობით, ქალაქში, ღამის საათებში შესვლას ვერავინ ახერხებდა.

 

ძველი ქალაქის მთავარი არტერია  სტრადუნის ქუჩაა,  სადაც აღმოსავლეთ კარიბჭედან, პილედან მოხვდებით.

 

პილეს კარიბჭესთან მე-15 საუკუნის შადრევანი დღესაც მოქმედებს. ის  ისტორიულად ქალაქის მთავარი წყალგაყვანილობა იყო. მისი შემქმნელის, ონოფრიოს სახელს დღემდე ატარებს.

 

სტრადუნის ქუჩა 292 მეტრის სიგრძისაა. ის  მარმარილოს ფილებით არის მოკირწყლული. ეს ტურისტების  საყვარელი ადგილია, სადაც  უამრავი სუვენირის მაღაზია, ბუტიკები და კაფეებია განლაგებული. მთავარ ქუჩაზე ავტომანქანები არ მოძრაობს. ის საფეხმავლოა, მას გრძელკიბიანი ძალიან ვიწრო ქუჩები კვეთს. თითოეულ კიბეს მინიმუმ 104 საფეხური აქვს. ისინი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

 

სწორედ ამ არაჩვეულებრივ ქუჩაზე, მოედნის ცენტრში შეხვდებით ორლანდოს სვეტს, რომელიც რაინდ  ორლანდოს საპატივცემულოდ ააგეს და დღემდე სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ ითვლება.

 

აქვეა სპონზა – გოთური რენესანსის სასახლე, რომელსაც ადრე საბაჟოს ფუნქცია ჰქონდა, ევროპის უძველესი აფთიაქი,  რომელიც ჯერ კიდევ 1217 წელს გაიხსნა. ამ შენობაში დღეს მუზეუმი მოქმედებს, სადაც დღემდე ინახება 2000-ზე მეტი რეცეპტი, ფარმაკოლოგიური აღჭურვილობა, უძველი ხელნაწერები, ძველი ავეჯი…

 

სხვათა შორის, სწორედ ძველ დუბროვნიკში გადაიღეს ეპიზოდები ცნობილი სერიალებიდან:  „ჰარი პოტერი“ და „სამეფო კარის თამაშები“.

 

დღეს დუბროვნიკში ფაქტობრივად არ ხდება დანაშაული და კრიმინალის დონე ძალიან დაბალია. ქალაქის ქუჩებში ჩვენ ვერ ვნახეთ მაწანწალები. ჩანს, რომ ადგილობრივები შეძლებურად ცხოვრობენ. ქალაქი საკმაოდ ძვირია. ადგილობრივი ფულის ერთეულია კონა.

 

რაც ასევე ყველაზე მეტად მომეწონა, ეს გამორჩეული ნაციონალური კერძებია.  ხორვატიული სამზარეულო მდიდარია თევზპროდუქტებით, უგემრიელესი წესით ამზადებენ ბოსტნეულს,  ბევრი კერძი მზადდება ბრინჯით…  კარგად არის განვითარებული სასტუმროს ბიზნესი, მრავლად არის კაფე-ბარები და დისკოთეკები, ქუჩები მოწესრიგებულია, ღამის ცხოვრება საკმაოდ აქტიურია, ხალხი მშვიდი და კეთილგანწყობილია, თიითქმის ყველა საუბრობს ინგლისურ ენაზე…

 

ფრენები და ტურისტული მარშრუტები

 

დუბროვნიკში ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ კვირაში ერთხელ ახორციელებს და ბილეთის ღირებულება 190 ევროა. ეს ახალი რეისია, რომელიც კომპანიამ შემოიღო.

 

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი:

 

„ტურისტული კომპანიები ხშირად იკრიბებიან ჩვენთან იმის გასაგებად, თუ რა სიახლეები გვაქვს ქართველი მომხმარებლებისთვის და რა ადგილებია ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. სწორედ მათთან კონსულტაციის შემდეგ დავამატეთ ახალი რეისი დუბროვნიკის მიმართულებით, რადგან ბოლო პერიოდში  ხორვატიის ამ უმშვენიერეს ქალაქში გამგზავრებით სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული.

 

ძველი ვენეციის სახელმწიფო – რაგუსა ულამაზესი ადგილია, დასვენებისთვის – იდეალური, ზღვა – შესანიშნავი, მომსახურება, სასტუმროების ქსელი, კვება -სამზარეულო იდეალური. სწორედ ამიტომ ჩვენი ყურადღება მიიქცია… ის ნამდვილად არის ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი“.

 

ლიკა ერქვანიძე, „კავკასიის ტურისტული ჰოლდიგის სააგენტოს” გაყიდვების მენეჯერი:

 

„ახალი რეისი მათ შესაძლებლობას მისცემს, ტურისტული პაკეტები გაამდიდრონ და მომსახურება გააფართოონ. ვფიქრობ, თუკი ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას და ქალაქს ესტუმრებიან, ძალიან ისიამოვნებენ ქართველი ტურისტები. დუბროვნიკს რამდენიმე უპირატესობა აქვს – ახლა უკვე გვაქვს პირდაპირი რეისი. ის საქართველოდან ახლოს არის. დუბროვნიკი საზღვაო კურორტიც არია და ისტორიული ღირშესანიშნაობებითაც ცნობილია, იდეალურია ზაფხულის სეზონზე  -ტურისტებს შეუძლიათ იმოგზაურონ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღონ. რაც შეეხება ფასებს, მათ სრული ტურის შეძენა საქართველოში, ასევე სახარჯო ფულს თუ გაითვალისწინებენ, 1000-დან 1500 ევრომდე დაუჯდებათ“.

 

რაც შეეხება ჩემს პირად შთაბეჭდილებებს, შემიძლია  თამამად ვთქვა, რომ „ადრიატიკის მარგალიტი“ ევროპაში გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ!

 

ქეთი ხოსიტაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი