logo_geo
ინგა გრიგოლია: მრცხვენოდა, მომეყოლა, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
- +

12 ივლისი. 2018. 23:56

 

 

 

„რამდენიმეწლიანი ტერორის შემდეგ, 21 მაისი პირველი ღამე იყო, როცა მშვიდად დავიძინე, - შსს-მ ის პირი დააკავა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მემუქრებოდა და სიცოცხლეს მიმწარებდა... იმედი მაქვს, ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო! ყველამ უნდა აგოს პასუხი მსგავსი ძალადობისთვის და თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შეურაცხადია, უნდა უმკურნალონ!" - ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოლიციის მიერ ფსიქოლოგიური „ტერორისტის“ დაკავებას, რომელსაც თითქმის 8 წლის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა, ვიდრე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი არ გამოაქვეყნა, სამართალდამცავი უწყებებისგან ამ ამბავს ქმედითი ნაბიჯი არ მოჰყოლია...

 

ინგა გრიგოლია: მართალი გითხრათ, პოლიციის იმედი აღარ მქონდა და ვფიქრობდი, ჩემით მეპოვა გამოსავალი, იარაღით მევლო ან რაღაც მსგავსი, რადგან დაუცველობის განცდა მტანჯავდა... წლების წინ, როდესაც პირველად მივმართე შსს-ს, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმე დახურეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც აბსურდზე ლაპარაკობს და ბოდავს, თითქოს მე მყავს მეორე შვილი მისგან და ქონებას მედავება, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზეც კი არ გაგზავნეს... არადა, ადამიანი მემუქრებოდა, - შვილი მაჩვენე, ფული და ქონება დამიბრუნეო... თავიდან ფსიქიკურად დაავადებული მეგონა, მაგრამ მერე, როცა ძალზე შემაწუხებელი გახდა, პოლიციას მივმართე. დავდიოდი პოლიციის განყოფილებაში და ჩვენებებს ვაძლევდი... თავის მხრივ, პოლიციელებმაც მაჩვენეს მისი მიცემული ჩვენება, სადაც ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო... ერთი სიტყვით, შედეგი არაფერი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემი ბედი არც კი აღელვებდათ... გასაგებია, რომ მაშინ ადევნების შესახებ კანონი არ მოქმედებდა, მაგრამ ეს იყო მიზანმიმართული თაღლითი, რომელიც მაშანტაჟებდა. ფოტოზეც კი ეტყობა, თუ რა საფრთხის მატარებელია ის ადამიანი, რომელიც სულ მეგონა, რომ სახლის კარს შემომინგრევდა. თუ არ ვცდები, ყაჩაღობაზე იყო ნასამართლევი...

 

- ბევრი ადამიანი კითხულობდა, თუ რატომ იყავით ჩუმად წლების განმავლობაში.

 

- დიახ, პირადადაც ბევრმა მკითხა, - წლების განმავლობაში ყველა სამართალდამცავ უწყებას მივმართე, რომ ასეთ ტერორში ვარ-მეთქი. მეტი რაღა უნდა მექნა, ასე იოლია, მოჰყვე ამ აბსურდს? რა უნდა მომეყოლა? მერეც, როდესაც უკვე ჩიხში ვიყავი, მრცხვენოდა, რომ ასეთ სისულელეს ვყვებოდი და იმის მტკიცება მიწევდა, რომ მეორე შვილი არ მყავს... ის წლები საგიჟეთში ვიცხოვრე... როგორია, საღამოს, შებინდებულზე გარეთ გასვლის მეშინოდა.

 

- ინგა, როგორ ფიქრობთ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილ პერსონას წლების განმავლობაში ჰქონდა დაუცველობის განცდა, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ და არიან სხვები...

 

- დიახ, სავსებით გეთანხმებით. აბსურდამდე მივედი... 2010-11 წლები იქნებოდა, როდესაც პირველად დაიწყო ზარი ციხიდან და ინტენსიურად რეკავდა. 2013 წლიდან კი მივხვდი, რომ ამნისტია მასაც შეეხო და ციხიდან საკმაოდ მძიმე დანაშაულის, ყაჩაღობისთვის მსჯავრდადებული გარეთ გამოვიდა... სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ეს ამნისტია ჩემთვის ძალზე მძიმედ დასრულდა.

 

- ხშირად გვესმის არაერთგვაროვანი მოსაზრებები ამნისტიასთან დაკავშირებით, - როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ჩატარდა ის?

 

- ვერ გეტყვით, თუმცა, ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩემი ამხანაგი და მათი ნაცნობები ტყუილად ჰყავდათ დაჭერილი თუნდაც ქონების გადაფორმებაზე, - ხან მარიხუანას უტენიდნენ ჯიბეში და ხან - რას... ეს ადამიანები მართლაც უნდა გამოეშვათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მათ არ შეეხოთ... ვის როგორ შეეხო და რამდენად სამართლიანად, თუნდაც სასჯელის შემსუბუქება ან განახევრება, ამის გარშემო კითხვები ნამდვილად არსებობს. კიდევ ერთი, როდესაც ციხიდან ასეთი მუქარის შემცველი ზარები ხდებოდა ან ხდება, არ უნდა გაკონტროლდეს? ეს ხომ მხოლოდ მე არ მეხება?

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი