logo_geo
მედეა ლორთქიფანიძის აკრძალული პირველი სიყვარული...
- +

13 ივლისი. 2018. 03:26

 

 

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე თავისი ცხოვრების გზის, მძიმე და სახალისო პერიოდების შესახებ გვიამბობს, იხსენებს ბავშვობას, ომს, მაშინდელი ახალგაზრდების თავგადასავლებს, მშობლების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ახლებურად დაწყებულ ეტაპებს და საყვარელ მეუღლეს, რომელმაც სამყარო აჩუქა. დღეს იგი ხალხის სიყვარულით ცხოვრობს, ულამაზესი შვილისა და შვილიშვილების გარემოცვაში.

 

- "ფეისბუკზე" თქვენს ფოტოზე დაწერილ კომენტარებში წავიკითხე, მედეა ისეთი ლამაზი გოგონა იყო, ქუთაისში რომ გაივლიდა, ყველა ბიჭი თვალს აყოლებდაო. მოგწონდათ მათი ყურადღება?

 

- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო იყო. ძალიან მეტიჩარა ვიყავი. ჩემს მეგობარს - ჯონი სტროტინსკის რამდენი ბიჭი ჰყავდა გალახული ჩემ გამო, ვინ მოთვლის (იცინის). ერთმა კურსელმა 30 წლის მერე მითხრა, შენ გამო იცი, როგორ მცემეს ბიჭებმაო (იცინის)? ჩვენს დროს ბიჭს თუ მოეწონებოდი და სახლამდე მიგაცილებდა, მერე უბნის ბიჭები დახვდებოდნენ და დათეთქვავდნენ... უბანმა გოგოს დაცვა იცოდა და ვაგლახად ვერავინ ვერაფერს გაგიბედავდა. მაშინ სხვანაირი შეხედულებები ჰქონდათ. ქუთაისში ბაღის კიდეზე ორჯერ ზედიზედ რომ გაგევლო, რა იყო, რა ფამფორასავით დადიხარო, გეტყოდნენ (იცინის). ფამფორა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო.

 

ლაღი და თამამი გოგო ვიყავი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და "ხატულის" მეძახდნენ. შეყვარებულიც მყოლია, კარგი ბიჭი იყო. წიგნებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთისთვის მხოლოდ ხელი უნდა ჩამოგვერთმია. ახლა შეყვარებულებს პირდაპირ ლოგინში მიათრევენ... სანამ ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება. თუმცა, ახლა ისეთი მოკლე კაბებით დადიან, ყველაფერი უჩანთ. მოკლე კაბებით ჩემი ქალიშვილიც დადის, ქმარი არაფერს უშლის, მაგრამ მე მაინც სულ ვეჩხუბები. უხდება, მაგრამ... ამას წინათ, დახეული ჯინსით მომადგა და გადამრია.

 

- თქვენს ახალგაზრდობაშიც ხომ ეცვათ მინი?

 

- კი, მაგრამ ასეთი - არა. მიდი და მაქსი ერქვა - ეს იყო მოდაში. წინ კაცი თუ გვეჯდა, ამ კაბას ქვემოთ ჩამოვქაჩავდით. ახლა, ტრანსპორტში კაცებმა აღარ იციან, საით წაიღონ თვალები...

 

- როგორი გოგო იყო მაშინ პოპულარული? რას აქცევდნენ ყურადღებას ბიჭები?

 

- პოპულარული იყო ის, ვინც კარგად სწავლობდა. მდიდრისა და ღარიბის გარჩევა ასე არ იყო, თითქოს ყველა ერთ ტაფაში ვიწვოდით. ჩემს სამეზობლოში სულ წარმატებული ხალხი ცხოვრობდა - პროკურორები, გამომძიებლები, ლექტორები, მათ შვილებს შორის არავითარი განსხვავება არ იყო.

 

თითქოს ჩემი ბავშვობისას ყველაფერი სხვანაირად იყო - მეტი სითბო, სიყვარული. 1938 წელს დავიბადე (პირველ თებერვალს 80 წლის გავხდი) და მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ომიანობის პერიოდი მახსოვს. ძალიან "ეშმაკის ფეხი" ვიყავი, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი, სულ კაპიტანი ვიყავი, პარტიზანების უფროსი და ა.შ. ეზოში "ომობანას" ვთამაშობდით და დრახ-დრახის ძახილით დავრბოდით. 5-6 წლის რომ გავხდი, უფრო ჭკუაში ჩავვარდი. ფოთის თავზე აეროსტატები დაფრინავდნენ და მშობლები გვაფრთხილებდნენ, არ გაეკაროთო. გაჭირვება იყო, მაგრამ მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობები, ერთმანეთის გაგება, დახმარება, მიმოსვლა გახლდათ. კარს ვინ კეტავდა? ეგ კი არა, მტერსაც ვეხმარებოდით.

 

ერთ ამბავს გავიხსენებ: ფოთში ბევრი უცხოელი მეზღვაური ჩამოდიოდა. ომიანობისას, პორტიც ხშირად იბომბებოდა. ერთ დღეს ხმა დაირხა - ტყვეები მოიყვანესო და ბავშვები გაგვაფრთხილეს, არსად გახვიდეთ, არ მიეკაროთ, რა იცით, ვინ არის და ჯიბეში რა უდევსო. ტყვეები ჩემს სახლთან, რუსულ სკოლაში დააბინავეს, ისინი საღამოობით გამოდიოდნენ და გარეთ ისხდნენ. ერთი 16-17 წლის ბიჭი, კუთხეში რაღაცნაირად იჯდა, მე პატარა კი ვიყავი, მაგრამ მაინც ვიპრანჭებოდი (იცინის). ომი რა იყო, წარმოდგენა არ მქონდა. ერთ დღეს, პური რომ მომქონდა, მოვტეხე, ნაჭერში გავახვიე, ამ ბიჭს გადავუგდე და სახლში გულგახეთქილი გამოვიქეცი. მერე, ყოველდღე ასე ვიქცეოდი - მივიდოდი მავთულხლართთან და ამ ბიჭს პურს ვუგდებდი. ერთ დღესაც, ისევ რომ მივედი, იმ ბიჭმაც იქიდან რაღაც მესროლა და ვიფიქრე, - არიქა, დამთავრდა, ბომბი მესროლა და ახლა აფეთქდება-მეთქი! დავემხვე მიწაზე, ვერც ვკივი, ვერც ხმას ვიღებ და ველოდები, როდის აფეთქდება! ის კი კვდება სიცილით. ნელ-ნელა თავი ავწიე და რას ვხედავ?! ცოცხისგან თოჯინა გაუკეთებია და თურმე, ის გადმომიგდო. რამხელა სიხარული იყო, რომ მადლობის ნიშნად ეს მოიფიქრა. დავავლე ხელი ამ თოჯინას და სახლში წამოვიღე. ამ ამბავს რომ მოვყევი, რა თქმა უნდა, ერთი ამბავი ატყდა - რატომ აიღე? როგორ გაბედე? მოწამლული არ იყოსო და ა.შ. ის ბიჭი იქიდან ორ დღეში წაიყვანეს, გული დამწყდა. ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. სახელი და გვარი რომ მცოდნოდა, შესაძლოა, მომეძებნა კიდეც. ერთი თვე გამოვკვებე, ჩემს ულუფას ვიკლებდი და მას ვაძლევდი.

 

- რით ერთობოდით თქვენი დროის ახალგაზრდები?

 

- მაგალითად, ბავშვები ჩემს სოფელში - ღანირ-ქუტირში აბრეშუმის ჭიაზე დავდიოდით. ჯარიანობა ერქვა, საღამოს ახალგაზრდები მინდორში იკრიბებოდნენ, ჭრაქებით, აბა, ელექტრობა სად იყო? გარმონი ჰქონდათ, ცეკვა-თამაში მიდიოდა. საღამოობით დედასთან მეგობრები რომ მოდიოდნენ, ლიტერატურულ ლოტოს თამაშობდნენ. ბარათებზე ეწერა - ვინ არის ამა და ამ ნაწარმოების ავტორი და ის მწერალი უნდა გამოგეცნო. ნარდსაც თამაშობდნენ. თეატრში დავდიოდით სპექტაკლებზე. ქალაქში "ტანც-პლაშადკები" იყო, ცეკვა თუ გინდოდა, წახვიდოდი და იქ იცეკვებდი, გაერთობოდი. არც სვამდნენ და არც რამეს ეწეოდნენ. "ნაკოლკიანი" ხალხი ნაციხარი გვეგონა და ახლოს არ ვეკარებოდით. ახლა ყველა "დახატულია".

 

- მშობლები სადმე წასვლას და ღამით გვიან დაბრუნებას გიშლიდნენ?

 

- აბა?! სანამ პასპორტი არ ავიღე, ღამე თეატრშიც ვინ შემიშვებდა? ჩუმად ვიპარებოდი, ლოჟაში წამოვსკუპდებოდი. ბავშვებს არ უშვებდნენ, მაგრამ მე ვინ დამიშლიდა, მამას ყველა იცნობდა. სანამ დედაჩემი გრიმს მოიშორებდა, მე შინ უნდა მიმესწრო. როგორც კი დაღამდებოდა, ყველა სახლში უნდა ყოფილიყო. ცოტა დიდები, ახალგაზრდები კი დასეირნობდნენ... კარგი მეგობრები მყავდა, ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა.

 

- სიგარეტი პირველად როდის მოსწიეთ?

 

- ტუჩზე მიმრტყმელი არ მყავდა არავინ, თორემ... დედა რომ დაიღუპა, მისი სიგარეტი მოვწიე. მე დღეს უფრო კარგად ვიქნებოდი, ამ პაპიროსს რომ არ ვეწეოდე!

- მშობლები ადრეულ ასაკში დაგეღუპათ, ხომ?

 

- ბავშვობა და სტუდენტობა შესანიშნავი მქონდა, სანამ ტრაგედია არ დაგვატყდებოდა თავს და ჩემი მშობლები არ დაიხოცებოდნენ... ძმა და მოხუცი ბებია დამრჩა, მათთვის ხელი უნდა შემეწყო. ძალიან გამიჭირდა, საბავშვო ბაღში მომაწყვეს მეორე მასწავლებლად და იცი, რას ვნატრობდი? ღმერთო, ნეტავ ვინმემ კარაქიანი პური, კანფეტი ან "პეჩენია" დატოვოს, რომ ბებიაჩემს და ჩემს ძმას წავუღო-მეთქი. მე და მამა ავარიაში მოვყევით, საკმაოდ დავშავდი მაშინ. გორის თეატრიდან ცხინვალში სპექტაკლი "გაყრა" მიგვქონდა და ავტომობილი დაგვეჯახა. მამა ადგილზე გარდაიცვალა, ნეკნმა ფილტვი გაუხვრიტა... ამის ნიადაგზე, დედას ჯერ თვალებში ჩაექცა სისხლი, მერე - გულში... მამა 44 წლის იყო, დედა - 41-ის.

 

ჩემი მეგობარი - ლეო ანთაძე იხსენებს ხოლმე მამაჩემს ხშირად: გორის თეატრში ახლაც კიდია მამაშენის სურათიო. ეს ძალიან სასიამოვნოა. ქუთაისის თეატრში არ კიდია და ამაზე მწყდება გული - თამარა პაკროვსკაიას და თეიმურაზ ლორთქიფანიძის სურათი იქ რომ არ ეკიდოს, ძალიან საწყენია.

 

ერთ ადამიანს ვეძებ და ეგებ, თქვენი მეშვეობით გამომეხმაუროს - ირაკლი ჩუბინიშვილს. ფოთში, ჩვენს სახლში იწერებოდა მისი მამის - კომპოზიტორ გიორგი ჩუბინიშვილის უამრავი ცნობილი სიმღერა: "ქალო, გნახე ფეხშიშველი", "მიპასუხე, მითხარი", "თვალები რად გიციმციმებს" და სხვები. მინდა, ის ნოტები გამოვამზეუროთ, მუსიკის ისტორიაში შევიტანოთ. ამ ადამიანმა მთელი ომის პერიოდი ჩვენთან გაატარა და მისი ყველაფერი მახსოვს.

 

- თქვენს მშობლიურ ადგილებში ჩასვლას თუ ახერხებთ?

 

- ფოთი სიგიჟემდე მიყვარს. ამ ზაფხულს იქაც ჩავალ, ქუთაისშიც და ჩემს სოფელშიც! ახლა ფოთში სახლი აღარ გვაქვს და ვაპირებ, პატარა ქოხი მაინც ჩავდგა. ჩემი ბავშვობის დროინდელ სახლში - ფოთშიც და ქუთაისშიც ახლა სხვები ცხოვრობენ. ერთმა მეგობარმა კი ისეთი რამ გამიკეთა, სახლი თბილისშიც დავკარგე: ბანკის სესხი გამომატანინა და თვითონ გაქრა. ადამიანი, რომელიც 24 საათი ჩემს სახლში იყო და ლუკმას ვუყოფდი...

 

- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ, როგორ მოახერხა თქვენი მოხიბვლა?

 

- ჩემი ქმრის წერილები ახლაც მაქვს შენახული. თავიდან არ მივყვებოდი, არ მომწონდა... ბევრი თაყვანისმცემელი რომ მყავდა, გათამამებული ვიყავი და ვიწუნებდი, თმა არ ჰქონდა, ცოტა დაბალიც იყო, მაგრამ იმდენი მოახერხა, მიზანს მიაღწია. უძლიერესი ექიმი იყო, საქართველოში პირველმა ჩაატარა გულის ოპერაცია. ძალიან განათლებული კაცი იყო და ამით მომხიბლა, მაგრამ ამ თავის განათლებას თავს არ მოგახვევდა. მაგალითად, რამე თუ არ ვიცოდი, მეტყოდა - შენ ეს იცი, უბრალოდ, დაგავიწყდა და არ დააკვირდი, ეგ არაფერიაო. მერე, მზე და მთვარე ამომდიოდა მასზე, სად არ დავყავდი, მთელი უცხოეთი მოგვატარა მე და ჩემს შვილს. როცა გარდაიცვალა, იმდენად განვიცადე, 15 წელი ეზოშიც კი არ ჩავსულვარ. 35 კილო მოვიმატე, სახლში ვიჯექი, ვჭამდი და ტელევიზორს ვუყურებდი... ქვეყანაზე აღარაფერი არსებობდა, მაგრამ ჩემი შვილის და მეგობრების წყალობით, გადავიტანე.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი, ახლა კი ხალხის სიყვარული მაქვს და ეს ძალიან მავსებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი