logo_geo
აჩიკო სოლოღაშვილი: თუ ამას ამიკრძალავთ, მაშინ ბარემ, პროფესიაც ამიკრძალეთ...
- +

14 ივლისი. 2018. 02:44

 

 

ბილწსიტყვაობა და უცენზურო სიტყვების მოსმენა არავის მოსწონს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უსიამოვნო მოვლენა ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ბევრს ჰგონია, რომ ბილწსიტყვაობა მხოლოდ ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ ეს ცოდვა ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა. ცნობილია, რომ ძველ რომსა და ელადაში შენობების კედლებზე წერდნენ უწმაწურ სიტყვებს და ეს მოსახლეობის წუხილს იწვევდა. ძველი აღთქმის რჯულით, თუ შვილი ძვირს ეტყოდა დედას ან მამას, მას მოწმეთა თანდასწრებით ქვებით ჩაქოლვა ელოდა.

 

სხვათა შორის, ასეთივე ხვედრს იზიარებდნენ მეძავები და მრუშები. ბილწსიტყვაობის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო და არის მართლმადიდებლური რელიგიაც: „უმჯობესია, სიმყრალე ამოგდიოდეს პირიდან, ვიდრე ბოროტი სიტყვა“, - წერდა წმინდა იოანე ოქროპირი...

 

თანამედროვე საქართველოში ბილწსიტყვაობა უკვე აღარავის უკვირს: გინება ისმის ქუჩაში, გინების ხმა გამოდის ოჯახებიდან, იგინებიან ქალები და თინეიჯერი გოგონებიც კი... ბოლო ხანებში, უწმაწური სიტყვები ქართული სატელევიზიო არხების „სავიზიტო ბარათადაც“ იქცა. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ერთგვარი შეზღუდვა, აკრძალვა, რომელიც ტელეეთერიდან უცენზურო სიტყვებს „გააქრობს“. ჟურნალი „გზა" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ტელევიზიასა და კამერებთან შეხება ხშირად უწევთ.

 

აჩიკო სოლოღაშვილი, მსახიობი:

 

„ხშირად მსახიობი იმ პერსონაჟის ხასიათის გადმოსაცემად იგინება, რომელსაც თამაშობს. ამ საკითხში ცენზურა და აკრძალვა, ჩემი აზრით, დაუშვებელია, რადგან მაშინ ჩემს პროფესიაზე რეგულაციები უნდა დამიწესონ და გამოდის, რომ 1937 წელი მოსულა... მსგავსი აკრძალვები ძალიან ბევრ ადამიანში შინაგან პროტესტს იწვევს და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებში" პროდიუსერის როლი შევასრულე. მე თვითონ ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა არ მახასიათებს, მაგრამ ეს პერსონაჟი ასეთი რომ არ გამეკეთებინა, მაშინ ის ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული როლი იქნებოდა. ჩემს პერსონაჟში ბევრმა პროდიუსერმა თავისი თავი დაინახა და მეკითხებოდნენ, - ჩემს ხასიათს თამაშობო?... თუ ამას ამიკრძალავთ, მაშინ ბარემ, პროფესიაც ამიკრძალეთ. მე მჭირდება მარაგი, მასალა, ფორმა, რომ პერსონაჟი გამოვძერწო“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი